საზოგადოება

2016 წლის ბოლოს საქართველოს ოთხი ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკა შეემატება

ჯანდაცვის ობიექტებთან მიმართებაში კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების თანაარსებობის შესახებ კანონის შექმნაზე ეკონომიკის სამინისტროში მუშაობა დაწყებულია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად ოთხო ახალი კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს დედოფლისწყაროში, ზუგდიდში, ლენტეხსა და ხარაგაულში.

ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 220–ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2016 წელს დასრულდება. კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხის, მისი მიმდებარე სოფლებისა და აფხაზეთის მცხოვრებნი სამედიცინო დახმარებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის. სპორტულ–გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი აუზები და სკვერები. რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის შენდება საერთო საცხოვრებელი.

ახალი 25–საწოლიანი კლინიკა დედოფლისწყაროში საერთაშორისო სტანდარტების უახლესი ტექნიკით აღიჭურვება  და პაციენტებს ხარისხიან და მრავალმხრივ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.  როგორც მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, სამედიცინო ცენტრი დედოფლისწყაროსა დ ირგვლივ მდებარე 16 სოფლის,  ჯამში 32 531 მცხოვრებს მოემსახურება. ახალი სამედიცინო ცენტრი ფუნქციონირებას 2016 წლის გაზაფხულიდან შეუდგება.

10–საწოლიანი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი  კლინიკა შენდება ლენტეხშიც. მშენებლობის დასრულება 2016 წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი.  მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება  15–საწოლიანი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკის მშენებლობა ხარაგაულში.

გარდა მიმდინარე პროექტებისა, ვალერი კვარაცხელიამ სამომავლო პროექტებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილია ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბავშვთა ახალი 20–საწოლიანი კორპუსის მშენებლობა, რომელიც 2016 წლის აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, დაგეგმილია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული კორპუსის მშენებლობა. აღნიშნული ინფრასტუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ხარჯები ჯამში  დაახლოებით 60 მილიონ ლარს შეადგენს.

ვალერი კვარაცხელია  სამინისტროში მიმდინარე და სამომავლო ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ასევე დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად   სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამი დიდი კლინიკის მართვაზე გამოცხადებულ  ტენდერსაც შეეხო.როგორც მინისტრის მოადგილის განცხადა, ბავშვთა ინფექციური, ონკოლოგიური და რესპუბლიკური საავადმყოფოები მაღალი დონის მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებებად სახელმწიფო და კერძო სექტორის თანაარსებობით ჩამოყალიბდებიან.

,,სამი დიდი დაწესებულებაბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი და რესპუბლიკური საავადმყოფო დაუბრუნდა სახელმწიფოს და კონკურსი მიმდინარეობს პარტნიორის შერჩევაზე. ეს იქნება .. „PPP პროექტი“, რაც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის თანაარსებობას გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია და ამავე დროს სწორი გადაწყვეტილებაა. მსგავსი პროექტების მუშაობის გამოცდილება არსებობს დიდ ბრიტანეთში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში, ასე რომ, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაგვჭირვებია. ესენი იქნება მრავალფუნქციური და მაღალტექნოლოგიური, .. „მესამე დონისკლინიკები, სადაც პაციენტები მოხვდებიან გართულებების შემთხვევაში და მძიმე შემთხვევებში,“– აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მინისტრს მიაჩნია, რომ ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს სწორი გადაწყვეტილებაა. სახელმწიფო სექტორისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის აღნიშნული სისტემა მუშაობს ინგლისში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, საქართველოში  სწორედ აღნიშნული გამოცდილების გადმოტანა განხორციელდება. „ჩვენ მივიღებთ ძალიან მაღალი დონის საავადმყოფოებს, ეს იქნება მრავალფუნქციური, მაღალტექნოლოგიური კლინიკები, .. მესამე დონის კლინიკები, სადაც პაციენტები მხოლოდ გართულებულ, მძიმე შემთხვევებში მოხვდებიან“, – ითქვა ბრიფინგზე.

ვალერი კვარაცხელიამ ინფორმაციით, ჯანდაცვის ობიექტებთან მიმართებაში კერძო და სახელმწიფო სტრუქტურების თანაარსებობის შესახებ კანონის შექმნაზე ეკონომიკის სამინისტრო ამჟამად მუშაობს, ვინაიდან დღემდე შესაბამისი რეგულაციები არ არსებობს.

ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს შესაბამისი კანონის შექმნაზე, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისისთვის იქნება შემუშავებული, – აღნიშნა კვარაცხელიამ.

როგორც ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, კლინიკების თანამედროვე ტექნიკით აღჭურვასთან ერთად იგეგმება მედპერსონალის გადამზადებაც.

,,კადრებს ვერ შევამცირებთ, პირიქითრაოდენობა უნდა გაიზარდოს. მოგეხსენებათ დღეს არსებული რესურსის გამო კლინიკების 10 პროცენტი ფუნქციონირებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერის პირობების მიხედვით კადრების გადამზადებაც უნდა უზრუნველყოსწელს საკმაოდ კარგი სიმულაციის ცენტრი გავხსენით და მუშაობა მიმდინარეობს სწორედ იმ კუთხით, რომ დავგეგმოთ პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც სწორედ იქ მოხდება კადრების გადამზადება. სამივე კლინიკა ჯამში დაახლოებით 570 საწოლიანი უნდა იყოს, შესაბამისად , კლინიკის მმართელმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რამდენი მედპერსონალის გადამზადება იქნება საჭირო. ზუსთ ციფრებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით,“– განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე გამოცხადებული   ტენდერის მეორე ტურში  მხოლოდ ავსტრიული კონსორციუმი  „ალფამედიკი”  გადავიდა. სრული დოკუმენტაცია ვადებში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ  წარადგინა. სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნული 3 კლინიკა დაპროექტებული, აშენებული და/ან რეკონსტრუირებული უნდა იქნას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, აღიჭურვოს მაღალხარისხიანი სამედიცინო ტექნოლოგიებით. გამარჯვებულმა კონსორციუმმა უნდა უზრუნველყოს განხორციელებული პროექტის JCI სტანდარტების შესაბამისად აკრედიტაცია, ხოლო პერსონალისთვის ატესტაციის გავლა და სწავლება პერსონალის განვითარების სპეციალური პროგრამის შესაბამისად. პროექტი უნდა წარიმართოს გაერთიანებულ სამეფოში მიღებული ჯანდაცვის მოდელის მსგავსად. პირობების მიხედვით, გამარჯვებული კონსორციუმი ვალდებული იქნება PPP პრინციპით, სახელმწიფოსთან ერთად მოახდინოს საავადმყოფოების მართვა, ფლობა და ოპერირება.