“ცხოვრებაში მთავარია იპოვო საკუთარი თავი, გქონდეს შინაგანი ბალანსი და მიზანი, რომლისკენაც დაუღალავად ისწრაფვი”
ინტერვიუ „თიბისი ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან
– სპეციალობით მანქანათმშენებელი ვარ, დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მოგვიანებით 2003 წელს გავიარე Executive MBA სამწლიანი კურსი ჰარვარდის ბიზნესსკოლაში.
– პირველი სამსახური იყო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ვიყავი განყოფილების უფროსი (მებარა მეცნიერ-მუშაკი ქალების განყოფილება). – პირველი ხელფასი 100 მანეთი იყო.
– ბიზნესმენისთვის წარმატების მიღწევაში ყველაზე მთავარი იმის რწმენაა, რასაც აკეთებ, ამ საქმის ერთგულება, დიდი სურვილი, სამართლიანობა ურთიერთობებში და რა თქმა უნდა, სწორად არჩეული ადამიანების გუნდი.
– საქართველოში ახალგაზრდა ადამიანი წარმატებული რომ გახდეს, ამის პირობები არის. ჩვენთან განვითარების დიდი პოტენციალია, მთავარია, სწორად მიღებული განათლება და გულით არჩეული საქმე.
– ახალგაზრდა დამწყებ ბიზნესმენებს ვურჩევდი, მიიღონ რაც შეიძლება მეტი ცოდნა, არ ითაკილონ არანაირი სამსახური, არასდროს მოატყუონ პარტნიორები და ძალიან ბევრი იშრომონ წარმატებისთვის.
– სამსახურში თავისუფალი რეჟიმი მაქვს, არ მაქვს ერთი ოფისი, თუმცა გვიანობამდე ვმუშაობ.
– სამსახურში მისვლისას პირველს რასაც ვაკეთებ არის თანაგუნდელებთან მისალემება და მათი მოკითხვა.
– კარიერისთვის ყველაფერზე წასვლა მიზანშეწონილად ნამდვილად არ მიმაჩნია. საკუთარ პრინციპებს და ღირებულებებს არასდროს ვღალატობ.
– სფერო, სადაც ვერასოდეს ვიმუშავებდი, მაგაზე არ მიფიქრია. ალბათ ვერსად ვიმუშავებდი, სადაც უფროსი უნდა მყოლოდა და სხვის ჭკუაზე მევლო.
– გამოკვეთილი საყვარელი ბრენდი არ მაქვს, მაცვია ყველაფერი, რაშიც თავს კომფორტულად გვრძნობ.
– მიყვარს ძველი მანქანები, ბევრი ძველი მოდელი მომწონს: ბუგატი, იაგუარი. თანამედროვე მანქანებში განსაკუთრებული ფავორიტი ბრენდი არ მაქვს.
– 3 წიგნი, რომლის წაკითხვასაც ახალგაზრდებს ვურჩევდი?
– ავტორებს უფრო ვიტყოდი: გურამ დოჩანაშვილი, ოთარ ჭილაძე და ნოდარ დუმბაძე. ალბათ, კიდევ ბევრი სხვა, ეს მომაგონდა უცებ.
– ჟურნალისტებთან ურთიერთობა მიყვარს თუ არა? ასე ვერ გამოვყოფ, ნიჭიერ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, პროფესიის მიუხედავად.
– ცხოვრებაში მთავარია იპოვო საკუთარი თავი, გქონდეს შინაგანი ბალანსი და აუცილებლად გქონდეს მიზანი, რომლისკენაც დაუღალავად ისწრაფვი.
– მოგზაურობა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით არატურისტულ ადგილებში.
– საყვარელი სპორტის სახეობაა ხელბურთი, ხელბურთელი ვიყავი, ნაკრების კაპიტანი.
– ძალიან ვგულშემატკივრობ საქართველოს რაგბის ნაკრებს, რაგბი ჩვენი თამაშია!
– საყვარელი სასმელია კარგი ქართული ღვინო, კარგი კონიაკიც მიყვარს.
– საყვარელი კონკრეტული კერძი არ მაქვს, უპრეტენზიო ვარ ამ მხრივ, თუმცა კეთება მიყვარს ხანდახან.
წყარო: cbw.ge