04/05/2024
Latest:
საზოგადოება

თბილისში ქვეითი პატრული გამოჩნდა – რა შედის მათ ფუნქციებში?

საგზაო უსაფრთხოების კონტროლის მიზნით დედაქალაქის გარკვეულ ადგილებში ქვეითი პატრულები გამოჩნდნენ. პროექტი ჯერჯერობით საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს და თბილისს სრულად არ მოიცავს. თუმცა, კრიტიკულ ადგილებში – მაგალითად, სკოლასთან, სადაც გადასასვლელია, ქუჩის გადაკვეთაზე და ბავშვებისთვის მაღალი რისკის შემცველ ადგილებში  პატრულები უკვე მოძრაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა,  შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს, მის ხელთ არსებული შესაძლებლობები მაქსიმალურად განავითაროს. „ვცდილობთ მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ ის  რესურსი, რაც გვაქვს  და უფრო მეტიც, შევქმნათ ალტერნატიული ინსტრუმენტები,“-  განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ქვეით პატრულს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია:  დანაშაულის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა და თავიდან აცილება; გადატვირთულ გზაჯვარედინებზე მოძრაობის განმუხტვის მიზნით არეგულირებს ტრანსპორტის მოძრაობას; რეაგირებს ქვეითად მოსიარულეთა მხრიდან ჩადენილ სამართალდარღვევებზე; უზრუნველყოფს მოძრაობის ორგანიზებას ავარიულ-სამაშველო სამუშაოებისა და მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილებში;

ასევე უფლება აქვს გააჩეროს მხოლოდ დაკავებაზე გადაცემული ავტომობილი, ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მიმალული სატრანსპორტო საშუალებები.

წყარო: city.kvira.ge