02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ეკონომიკის ზრდა შენელდა – მთავრობა ეკონომიკის ზრდის დასაჩქარებლად ვა-ბანკზე მიდის

7 წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,8 პროცენტი, ხოლო 2015 წლის რეალურმა ზრდამ 2,8 პროცენტი შეადგინა. შეგახსნებთ, რომ 2016 წელს 3%-იანი ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი.

2016 წელი საქართველოს ეკომიკისთვის მძიმედ დაიწყო. თუ გავითვალისწინებთ, იმ ფაქტს, რომ გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2,8%-ი შეადგინა, მოსალოდნელი იყო, რომ წელი ეკონომიკური პრობლემებით დაიწყებოდა. იანვარში დაფიქსირებული 0,8%-იანი ეკონომიკური ზრდა დაბალი მაჩვენებელია, თუმცა 2015 წელს ეს ციფრი საერთოდ 0,3%-ს შეადგენდა. გასული წელი დასამახსოვრებელი იყო არამხოლოდ ლარის მკვეთი გაუფასურებით, არამედ შემცირებული ეკონომიკური ზრდითაც. გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 2,8%-ით გაიზარდა. შესაბამისად 2016 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია გაგრძელდა, თუმცა მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე 2015 წელს.

2016 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 528 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 122 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (22 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 405 მლნ. აშშ დოლარს (25 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარში 283 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა, შეგახსენებთ, რომ ეს მაჩვნებელები 2015 წელს 56%-მდე იყო გაზრდილი.

კიდევ ერთი ფაქტი ეკონომიკური აქტივობი შემცირებაზე რაც მიუთითებს ახალად დაფუძნებულ ბიზნესებია. 2016 წლის იანვარში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 2 725 შეადგინა, რაც 17,8%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.

ამასთან მიმდინარე წლის პირველ თვეში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 7,2%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. აქვე აღსანიშნავია, რომ 2015 წლის იანვარში ამ მაჩვენებელმა  2,6%-ი შეადგინა, ხოლო 2014 წელს – 8,1%. რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს თუ რაოდენ მძიმე გამოდგა 2015 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წელი შარშანდელზე უკეთესად გამოიყურება.

2016 წლის დასაწყისში საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემებიდან გამოსარჩევია ინფლაციის მაჩვენებელიც. რომელმაც იანვარსა და თებელვალში თანაბრად 5,6%-ი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაცია 5%-ით არის განზაზღვრული, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, სებ-ის სუსტ ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე.

ეკონომიკური ზრდის დაბალმა მაჩვენებელმა თავისი ასახვა ჰპოვა ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზეც. უკვე მეორე თვეა ბიუჯეტის შემოსულობები მკვეთრად ჩამორჩება გადასახდელებს.

26 თებერვლის მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსულობები კვარტლის გეგმის მხოლოდ 51%-ია, ხოლო გადასახდელები 58%. 26 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყნის მთავარ ხაზინაში 1,116 მილიარდი ლარი შევიდა, ხოლო 1,380 მილიარდი ლარი დაიხარჯა, ანუ 264 მილიონი ლარით მეტი.

ამ ფაქტის ასახსნელად, ფინანსთა სამინისტროში საკუთარი არგუმენტები აქვთ – პირველ კვარტალში შიდა ვალი აღარ გაიზრდება და დეფიციტის დაფინანსება ხაზინის ნაშთიდან მოხდება, რომელიც 2016 წლიდან საკმაოდ სოლიდური მოცულობით გადმოჰყვა ხაზინას. 2016 წლის პირველი იანვრიდან 26 თებერვლამდე ხაზინის ნაშთი 622 მილიონი ლარიდან 357 მილიონ ლარამდე შემცირდა, ანუ 265 მილიონი ლარით.

ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტს არანაირი პრობლემა არ გააჩნია და 2016 წლის 2 თვის წინასწარი მონაცემებით, ბიუჯეტის სამივე კატეგორია (შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება) შესაბამისობაშია. პირველი კვარტალის გეგმით განსაზღვრულ მონაცემებთან და ბიუჯეტის შესრულების პრობლემები არ იკვეთება.

“რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის შესრულებას, 2 თვის წინასწარი მონაცემებით, საგადასახადო შემოსავლები 7,1%-ით აღემატება 2015 წლის 2 თვის შესაბამის მონაცემებს. 2015 წლის 2 თვეში კი, 2014 წლის 2 თვესთან შედარებით, მატება 6,5% იყო, შესაბამისად, წელს საგადასახადო შემოსავლებში უფრო შესამჩნევი ზრდა გვაქვს. იანვარ-თებერვალში ამ მხრივ შემოსულია პირველი კვარტალის გეგმის 58,2% (2015 წელს ეს მაჩვენებელი 57,1%-ს შეადგენდა)”, – განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

ბიუჯეტში პრობებლემების არსებობას უარყოფს ფინანსთა სამინისტრო, თუმცა ნოდარ ხადურმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის 5%-ით შემცირება დააანონსა. ფინანსთა მინისტრის თქმით სახელმწიფო 2016 წელს ბიუჯეტის ხარჯების 5%-ით შემცირებას აპირებს, დაგეგმილი საგადასახადო რეფორმის და რეგიონის ქვეყნების ეკონომიკის შენელებით გამოწვეული პრობლემების გამო.

საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა ძირითადად სამინისტროების და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ადმინისტრაციულ ხარჯებს შეეხება და არ შემცირდება სოციალური ხარჯები და ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ხადურის განცხადებით, მიუხედავად არამარტივი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობისა, წელს საქართველო უფრო მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას ელოდება, ვიდრე შარშან.

თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 10,145 მლრდ ლარს შეადგენს, მისი 5%-ით შემცირება ნიშნავს, ხარჯვითი ნაწილის 400-500 მილიონი ლარით კლებას. წლის განმავლობაში ნახევარი მილიარდით ბიუჯეტის შემცირება ძალიან ძნელია, თუმცა არა შეუძლებელი. მითუმეტეს თუ ბიუჯეტის შემცირება ადმინისტრაციული ხარჯების საფუძველზე მოხდება, სახელმწიფო ჩინოვნიკებს მნიშვნელოვნად მოუწევთ ჯიბეების შეთხელება.

აღსანიშავია, რომ ხელისუფლებამ ეკონომიკურ სირთულეებს საგადასახადო რეფორმით უპასუხა, რაც მართალია შეამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს, თუმცა ეკონომიკას დამატებით სტიმულს მისცემს. საუბარია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ახალი ინიციატივაზე, რომელიც რეინვესტირებულ მოგებაზე გადასახადის გაუქმებას გულისხმობს.

მთავრობა ხედავს რა ეკონომიკის ზრდის დაბალ ტემპს, ფაქტობრივად ვა-ბანკზე მიდის, ბიუჯეტის 5%-იანი შემცირებით, რისი ერთ-ერთი მიზეზით სწორედ ზემოთ აღნიშნული საგადასახადო რეფორმაა.

პარლამენტმა საგადასახადო რეფორმის პროექტის განხილვა უკვე დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებას და ასევე მოგების 15%-იანი გადასახადის გაუქმებას მოგების რეინვესტრირების შემთხვევაში. თუ პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა ისინი 1 ივლისიდან ამოქმედდება.

ასევე, საყურადღებოა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფაქტობრივად კვირაში ერთხელ ახალ-ახალი ინიციატივებით გამოდის, ბიზნესის ხელშესაწყობად და ეკონომიკური ზრდის გასაუმჯობესებლად. რეინვესტირებულ თანხებზე მოგების გადასახადის გაუქმება, ეკონომიკური დანაშაული დეკრიმინალიზაცია, ძირითადი საშუალებების იმპორტზე დამატებული ღირებულების გადასახადის გაუქმება, “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ახალი მიმართულების „უმასპინძლე საქართველოში“-ს დამატება, გადასახადების ადმინისტრირების ახალი გამარტივებული წესით მოხდება, გადაწყდა  “სტარტაპის” დაფინანსების სისტემის შემოღება მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის, ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა ბიზნესისათვის – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ახალი ინიციატივებისა, რომლებიც კვირიკაშვილმა 2 თვიანი პრემიერობის პერიოდში საზოგადოებას შესთავაზა.

ჯერჯერობით ეკონომიკის ზრდის ტემპი დაბალია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ დაანონსებული რეფორმების ოდენობას, მომდევნო თვეებში მშპ უფრო სწრაფად უნდა გაიზარდოს.

საკმარისი იქნება თუ არა დაგეგმილი ეკონომიკური ზრდის ტემპი ბიუჯეტის შესასრულებლად, ამას ძალიან მალე ვნახავთ. თუმცა დუნდაც ის ფაქტი, რომ იგეგმება ბიუჯეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ბიზნესისთვის შეღავათების მიცემის მიზნით, მხოლოდ მისასალმებელია. მიმდინარე წელი გვიჩვენებს, რამდენად გაართმევს თავს მთავრობა ამ ამოცანას.

მერაბ ჯანიაშვილი

[wpolling id=”12″ width=”” height=””]