ეკონომიკა

ეკონომიკური თავისუფლების პრიზმიდან დანახული „ქართული ოცნება“

საქართველო ღია ტიპის, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანაში მოქმედებს ეკონომიკა, რომელიც შეუზღუდავად ურთიერთქმედებს სხვა ქვეყნების ეკონომიკებთან. ამგვარი ურთიერთქმედება, ქვეყნებს შორის, საქონლის, მომსახურების, სამუშაო ძალისა და კაპიტალის ყიდვა-გაყიდვას გულისხმობს.

ქვეყნის ეკონომიკის ღიაობისა და თავისუფლების ინდიკატორები საერთაშორისო სტანდარტებით ფასდება. ბუნებრივია, აქტიურად იწარმოება სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკების თავისუფლების შეფასება და მათი ინდექსირება. რა თქმა უნდა, საერთაშორისო რეიტინგები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური განვითარების კუთხით. იმდენად, რამდენადაც ხშირ შემთხვევაში, უცხოელი ინვესტორები და ზოგადად ამა თუ იმ ქვეყნით დაინტერესებული პირები, სწორედ საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგებით ხელმძღვანელობენ. ამდენად, რეიტინგებში მოწინავე პოზიციების დაკავება ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელ ეკონომიკურ და ბიზნეს თავისუფლებაზე ყოველთვის აქტიური განხილვები მიმდინარეობდა. წინა ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებდნენ ბიზნესზე ზეწოლაში. თუმცა „ნაციონალურ“ ხელისუფლებას გაუთვითცნობიერებულ მასებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, უტიფრად მოჰყავდა საერთაშორისო რეიტინგები და თავს იმით იწონებდა, რომ ბიზნესის დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ბიუროკრატია ძალიან დაბალ დონეზე იყო. დიახ, ეს მართლაც ასეა, ერთი ფანჯრის პრინციპის ამოქმედება წარმატებით შეძლეს, თუმცა გარდა ბიზნესის წამოწყებისა, ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგებში სხვა მრავალი ინდიკატორია, რომლებშიც არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია იყო. ესენია, კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, კორუფციისგან თავისუფლება); მთავრობის ზომა (ფისკალური თავისუფლება, საბიუჯეტო დანახარჯები); რეგულირების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება); ბაზრის ღიაობა (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება). ეს ის ძირითადი ინდიკატორებია, რომლითაც საბოლოოდ უნდა შეფასდეს ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლება.

ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგების წარმოების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და გამოცდილი ორგანიზაცია, ამერიკის კონსერვატიული პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტია (conservative policy research and analysis, heritage.org). ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის, იაპონიასა და ფინეთს შორის 23-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული ინდექსი არის ეკონომიკური თავისუფლების საზომი, რომელიც შედგენილია Heritage Foundation-სა და the wall street Journal- ის მიერ. ინდექსის ცვლილებას საკმაოდ საინტერესო ტრენდი აქვს. 2012 წელს საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, ზომიერად თავისუფალი ქვეყნების რიცხვში იყო და მისი სარეიტინგო ქულა 100-დან 68-ს შეადგენდა შესაბამისად, სხვა ქვეყნების გვერდით 48-ე ადგილს იკავებდა. 2012 წლის შემდეგ კი, აღნიშნული ინდექსი მკვეთრად შეიცვალა და 72.6 ქულა დაიმსახურა (23-ე ადგილი), რითიც ზომიერად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიიდან მეტად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მოხვდა.

მეტი თვალსაჩინოებისთვის, რომ გადავხედოთ საქართველოს მეზობელი ქვეყნების ეკონომიკებს და მათი თავისუფლების ინდექსებს ვნახავთ, რომ საქართველო სამეზობლოში ეკონომიკურად ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა. სომხეთი – 54 ადგილი, თურქეთი – 79 ადგილი, აზერბაიჯანი – 91 ადგილი,  რუსეთი – 153 ადგილი.

როგორც ზევით აღვნიშნე, ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლება რამოდენიმე ინდიკატორით ფასდება. შევეცდები თითოეული მათგანი ცალ-ცალკე განვიხილო.

ბიზნესის თავისუფლება     

აღნიშნულ კატეგორიაში, 2012 წლის მონაცემებით საქართველო 86.9 ქულით იყო წარმოდგენილი, ხოლო შემდგომ წლებში აღნიშნული რეიტინგი გაიზარდა და 90.8 ქულას მიაღწია. ასეთი ტიპის ცვლილება ლოგიკურია, იმდენად, რამდენადაც ყოფილი ხელისუფლების პირობებში ბიზნესზე ზეწოლის არაერთი გახმაურებული ფაქტი იყო. კარგად გვახსოვს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და პროკურატურის ბიზნესის წინააღმდეგ ბერკეტად გამოყენების შემთხვევები. გვახსოვს „სადღეღამისო“ ნოტარიუსები, რომლებიც შუა ღამეს ბიზნესმენების „დაუოკებელ სურვილს“ ქონების ჩუქებასთან დაკავშირებით რეალობად აქცევდნენ. გვახსოვს ბიზნესმენების მიერ, დაფინანსებული პოლიტიკა. გვახსოვს ბიზნესის მიერ, გარემონტებული პარტიული ოფისები და ა.შ. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ყოფილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ტერორს უკავშირდება.

სახელმწიფო ბიუროკრატიის ხარჯები

რეიტინგების მიხედვით, ხარჯების შემცირების კუთხით, საკმაოდ საგრძნობი ცვლილება შეინიშნება. 2012 წელს საქართველოს 55.8 ქულა ჰქონდა მინიჭებული და უმეტესად არათავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში იყო, ხოლო დღეს ამ კუთხით ვითარება მკვეთრად შეიცვალა და 75.3 ქულით უმეტესად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში ვართ წარმოდგენილნი. ცვლილება ამ შემთხვევაშიც, შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შესამჩნევია. პრაქტიკულად, აღარ გვხვდება ბიუჯეტიდან დაფინანსებული სარელაქსაციო პროცედურებზე გაწეული ხარჯები, ვეღარ ვხედავთ ბიუჯეტის ფულით აშენებულ რეზიდენციებს, იშვიათია ულტრათანამედროვე ავტომობილებით აღჭურვილი სამინისტროების ავტოპარკი და ა.შ. აქვე აღსანიშნავია, მონეტარული თავისუფლების ინდექსის მაჩვენებელი, რომელიც 2012 წლის 76.7 ნიშნულიდან 80.5 ქულამდე გაუმჯობესდა.

ინვესტირების თავისუფლება

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და შესაბამისად, ახალი პერსპექტივების გაჩენის კუთხით, საინვესტიციო გარემო ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ამ კატეგორიაშიც რეიტინგების მიხედვით, ზრდა გვაქვს და 70 ქულიდან საქართველო 80 ქულამდე არის დაწინაურებული. ამის დასტურად სტატისტიკის მოშველიებაც შეიძლება სადაც ჩანს, რომ 2012 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 911 მილიონი დოლარი იყო, ხოლო 2015 წლის დაუზუსტებელი მონაცემების მიხედვით საქართველოში შემოსულმა ინვესტიციებმა 1,351 მილიონი დოლარი შეადგინა. 2014 წელს კი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1,758 მილიონი დოლარი იყო.

კორუფციისგან თავისუფლება

კორუფციის დონე, ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების ერთ-ერთი ქვაკუთხედია და ამ მაჩვენებელს სხვა ინდიკატორებზეც შეუძლია გავლენის მოხდენა. იმდენად, რამდენადაც იმ შემთხვევაში თუ, კორუფციის დონე არ არის დაბალ ნიშნულზე, რა თქმა უნდა, ეს უცხოელი ინვესტორის ქცევაზეც აისახება და შესაბამისად, თავს შეიკავებს ამ ქვეყანაში ინვესტირებისგან. კორუფციის დონის გამოსწორება, წინა ხელისუფლების ერთ-ერთ სატრაბახო თემას წარმოადგენდა და ხშირად იმასაც კი გვამადლიდნენ, რომ ავტომობილით გადაადგილება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება, ქრთამის გარეშე იყო შესაძლებელი. თუმცა, ყოველთვის აქტიურად განიხილებოდა კორუფციის მაღალი დონე, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. საზოგადოების წევრები და ბიზნეს სუბიექტები აქტიურად, თუმცა ჩუმად საუბრობდნენ ეგრეთწოდებულ ელიტურ კორუფციაზე. იყო მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ზედმეტად მეგობრობდნენ ბიზნესთან და ამ მეგობრობისთვის შესაბამის დივიდენდებსაც დიდი სიამოვნებით იღებდნენ. ბუნებრივია, უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიის ქვედა რგოლებში, კორუფციის დონე მართლაც იდეალური იყო, თითქმის ვერავის ნახავდით როგორც წინა, ისე ახლანდელი ხელისუფლების დროს, ვისაც უნივერსიტეტში ჩაბარების სანაცვლოდ ფული გადაახდევინეს ან მიწის დარეგისტრირებაში საჯარო რეესტრმა ქრთამი მოსთხოვა და ა.შ.

კორუფციის დონის მიმართულებით, საქართველოს რეიტინგი საგრძნობლად გაუმჯობესებულია. 2012 წელს კორუფციის შეფასება, 100 ქულიან შკალაზე 38 ნიშნულზე იყო, ხოლო დღეს ეს დონე 52 ქულას გაუთანაბრდა და რაც მთავარია რეიტინგებს მზარდი ტენდენცია აქვს.

შრომის თავისუფლება

ერთადერთი  კატეგორია, სადაც 2012 წლიდან დღემდე ვითარება გაუარესებულია, სწორედ შრომის თავისუფლების ინდექსი გახლავთ. შრომის თავისუფლება პირველ რიგში მოიაზრებს კონკრეტული შრომითი საქმიანობის განხორციელებას ან მის განხორციელებაზე უარის თქმის უფლებას. ფართო გაგებით იგი იმავდროულად მოიცავს პროფესიის არჩევის თავისუფლებას, ვინაიდან ამ თავისუფლების გარეშე სრულად ვერ იქნება უზრუნველყოფილი შრომის თავისუფლება. აღნიშნული ინდექსი 2012 წელს არსებული 92 ქულიდან 75.7 ქულამდე შემცირდა. კომპონენტი ძირითადად ზომავს, თუ რამდენად მკაცრია შრომის ბაზრის რეგულაციები. კერძოდ, მინიმალური ხელფასის, დროებითი გათავისუფლების, იძულებითი განაცდურის კომპენსაციის და სამუშაო საათების რეგულაციები. ამ კომპონენტში საქართველო ევროპის ქვეყნების უმეტესობას უსწრებს, რადგან მისი რეგულაციები ნაკლებად მკაცრია. უნდა ითქვას, რომ შრომის თავისუფლების ინდექსის გაუარესება უმეტეს წილად დაკავშირებულია შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანასთან, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ ლიბერალური იყო და დამქირავებელს თავის შეხედულებებისამებრ შეეძლო დაქირავებულის მიმართ გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, შრომის კოდექსში ძირეული ცვლილებები 2013 წელს განხორციელდა, რომლის მიხედვითაც დაქირავებულის უფლებები მკვეთრად გაიზარდა და მაქსიმალურად ჰარმონიზაციაში მოვიდა ევროპულ შრომის კანონმდებლობასთნ.

“ჰერიტიჯის ფონდის” მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში, ასევე არის რამოდენიმე კატეგორია, სადაც ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა. ესენია: საკუთრების უფლება, ფინანსური თავისუფლება, ვაჭრობის თავისუფლება, ფისკალური თავისუფლება.

რასაკვირველია, რეიტინგებში მოწინავე პოზიციები ერთმნიშვნელოვნად ძალიან კარგია, თუმცა ეს რეალობა, მოდუნების საშუალებას არ იძლევა. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, სწორედ ზემოთ მოცემული კატეგორიების გაუმჯობესება უნდა იყოს. ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგები აჩვენებს, რომ საკუთრების დაცვა, კორუფცია და  სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენა ქვეყნისთვის უმთავრესი გამოწვევაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ძირეული და ქმედითი რეფორმების გატარება, რაც რა თქმა უნდა,  ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური სტაბილურობის გაძლიერებას.

ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი

ანდრია გვიდიანი