ეკონომიკა

ექსპორტის ხელშესაწყობად ეკონომიკის სამინისტროში ოთხი ახალი სამსახური შეიქმნა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან სავაჭრო განვითარებაზე ოთხი ახალი სამსახური იზრუნებს.

ეკონომიკის სამინისტროში შემავალი ახალი სტრუქტურული ერთეულები დეპარტამენტებისგან დამოუკიდებლად, თითოეულ რეგიონზე ცალ-ცალკე იმუშავებენ. ყველა მათგანს უშუალო კონტაქტი ექნება საქართველოში ადგილობრივ კომპანიებთან. შეისწავლიან მათ პრობლემებს და კონსულტაციებს გაუწევენ.

ასევე დაეხმარება კონკრეტული რეგიონის ქვეყნების მარკეტინგულ კამპანიებთან და ბიზნეს ოპერატორებთან კონტაქტების დამყარებაში. აღნიშნული მიმართულებები გამოეყო საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტს. ეს სამსახურები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებზე იქნებიან მიმაგრებულნი. მაგალითად 2-3 ადამიანი იმუშავებს აფრიკა აზიის რეგიონზე, ცალკე იქნება სამსახურები სამეზობლოსთვის, ასევე, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებისთვის – განმარტავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. სწორედ არველაძეს დაექვემდებარება ოთხივე სამსახური. ექსპორტის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა გვანცა მელაძემ გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან“ საკითხის მნიშვნელოვან ასპექტებზე ისაუბრა.

„აქ გაჟღერდა ახალი სამსახურები, თუმცა ჩემი ინფორმაციით ეს არის ეკონომიკის სამინისტროში რესტრუქტურიზაციის შედეგი. შეიძლება ეს იურიდიულად იყოს ახალი სამსახურები, თუმცა ეს არის იგივე შტატი და იგივე რაოდენობა, უბრალოდ იცვლება მათი ფუნქცია-მოვალეობები და მეტი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ანალიტიკური დეპარტამენტი უფრო მეტად ჩაეძიოს და პირველადი წყარო მოიძიოს კომპანიებისგან. ჩვენ პირველ რიგში გვაინტერესებდა, იზრდება თუ არა მთავრობის ზომები და იზრდება თუ არა ბიუჯეტი და ხდება თუ არა დუბლირება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საშტატო ერთეული არ იზრდება ანუ იგივე რჩება. იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებს ნაკლებ ყურადღებას მივაქცევდი, მთავარია რომ არ მოხდეს დუბლირება. ამისთვის მაგალითად მოვიყვან იმას, რომ ქვეყნებში ექსპორტის ხელშეწყობა ხდება ორი მიმართულებით: ექსპორტის განვითარება და ექსპორტის პოპულარიზაცია.“ – აცხადებს მელაძე.

მისი თქმით, უმჯობესია ერთიანი სისტემა იყოს შექმნილი და ერთ ადგილას მივიდეს ექსპორტიორი და იქ მიიღოს ყველანაირი მომსახურება თუ დახმარება.

„იმედი მაქვს, რომ შემდგომში მოხდება მაინც სისტემატიზაცია და რაღაც ერთიან სტრატეგიაში ჩაჯდება ყველა ეს მომსახურება და ის პუნქტები, რაც არის ექსპორტის განვითარებისთვის საჭირო,“ – აცხადებს მელაძე და ამბობს, რომ  საპარტნიორო ფონდის ექსპორტის განვითარების სააგენტო უფრო ექსპორტის დაკრედიტების სააგენტო იქნება და დუბლირება არ უნდა მოხდეს.

„ჩვენ არ მივესალმებით, რომ სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურამ ერთი და იგივე საქმე აკეთოს და ჩვენ, როგორც გადამხდელებმა მომსახურების გადასახადი რამდენჯერმე გადავიხადოთ,“– აცხადებს გვანცა მელაძე.

მისი შეფასებით, ქვეყანაში ფინანსური რესურსის არ არსებობის პრობლემა არ დგას, მაგრამ არსებობს ძვირი რესურსის პრობლემა.

გართულებულია ხელმისაწვდომობა იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიებს წარმოების გაზრდა უჭირთ, რომ დააკმაყოფილონ სერიოზული შეკვეთები უცხოეთიდან.

წყარო: commersant.ge