ევროკავშირის და აშშ-ს ყოფილი ელჩები – გიორგი კვირიკაშვილთან ერთად საქართველოს აქვს შესაძლებლობა გააძლიეროს დემოკრატია და ეკონომიკა
“მხარი დაუჭირეთ საქართველოს”, – ამ სათაურით USNews-ის ვებ-გვერზე მოსაზრებას დიპლომატები – ევროკავშირის ყოფილი ელჩი სომხეთსა და საქართველოში, დენის კორბოი, აშშ-ის ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში, უილიამ კორტნი და აშშ-ის ყოფილი ელჩი ბელორუსსა და საქართველოში კენეტ იალოვიცი აქვეყნებენ.
სტატიაში საუბარია საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
“ახალ პრემიერ-მინისტრსა და ყოფილ ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად საქართველოს აქვს შესაძლებლობა გააძლიეროს დემოკრატია და ეკონომიკა, თუმცა იგი ორი მთავარი გამოწვევის წინაშე დგას: ორგანიზება გაუწიოს ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს და მოახდინოს ეკონომიკისა და უცხოური ინვესტიციების სტიმულირება”, – აღნიშნულია სტატიაში.
ავტორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის კრიზისი საკმაოდ მასშტაბურია, დასავლელმა ლიდერებმა საქართველო არ უნდა დაივიწყონ.
“საქართველოს სჭირდება მათი მხარდაჭერა რისკებთან გასამკლავებლად და პროგრესის მისაღწევად”, – წერს ავტორი.
სტატიაში საუბარია კვირიკაშვილის შესაძლებლობებზეც.
“როგორც ჩანს, მას პოლიტიკურ ოპონენტებთან და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად მუშაობა შეუძლია”, – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც ავტორები ყურადღებას საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც ამახვილებენ.
“სასამართლო რეფორმის სახით პროგრესი მიღწეულია, თუმცა, პოლიტიკური ანგარიშსწორება და შერჩევითი სამართალი შეშფოთებას იწვევს. ასევე დაცული უნდა იყოს ოპოზიციური ტელეარხის – “რუსთავი 2″-ის დამოუკიდებლობა,”- მიიჩნევენ ავტორები.
სტატიაში მოყვანილია “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 18 პროცენტი მიიჩნევდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. ასევე კვლევის ის ნაწილი, რომელშიც რესპონდენტები ყველაზე პრობლემატურ საკითხებს შორის უმუშევრობას, სიღარიბეს, პენსიებს, ინფლაციასა და ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებდა.
მასალაში აღნიშნულია საქართველოს პროგრესის შესახებ ეკონომიკის სფეროშიც, ასევე ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის კუთხით.
“ცხოვრების სტანდარტები და სამუშაო ადგილების შექმნა ოქტომბრის არჩევნებზე მთავარი საკითხები იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა იზრდება, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მაინც დაბალია. სიღარიბის დონე შემაშფოთებელია – მსოფლიო ბანკის მონაცემებით, იგი რეგიონებში 41 პროცენტს შეადგენს. მაღალია ასევე უმუშევრობის დონე ქალაქებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში”, – წერენ ყოფილი ელჩები.
მათივე მოსაზრებით, პირველ რიგში, კვირიკაშვილის მთავრობამ რეალისტური და თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რომ ეკონომიკური პრობლემები მოაგვაროს. კერძოდ, უნდა მოახდინოს ეკონომიკის ლიბერალიზაცია და ინვესტიციების მობილიზება.
ყოფილი ელჩები საუბრობენ რუსეთის ფაქტორზეც: “მოსკოვი მხარს უჭერს საქართველოში პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც “პატრიოტიზმსა და ნაციონალიზმს” თავს ახვევენ მოსახლეობას და ეწინააღმდეგებიან დასავლეთთან კავშირების გაზრდას. აღნიშნულ ძალებს მხოლოდ მოკრძალებული მხარდაჭერა აქვთ და ისინი საფრთხეს არ უქმნიან საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას”, – აღნიშნულია სტატიაში.
დიპლომატების თქმით, ევროპა და ამერიკა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
“ბრიუსელმა ქართველებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით საქართველოს კურსი ევროპისკენ უფრო გაძლიერდება. კანონებისა და რეგულაციების ჰარმონიზებას ევროკავშირთან ათი წელი დასჭირდება”, – წერენ ყოფილი ელჩები.
ამასთან, როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, საქართველო სამხედრო შესაძლებლობებს აუმჯობესებს, თუმცა, მისი ტერიტორიის მეხუთედი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რაც, მათი შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე არსებობს რისკები.
“ამიტომაც საქართველოს სჭირდება უფრო მეტი დახმარება დასავლეთისგან, მათ შორის სამხედრო ტრენინგების, ტენოლოგიებისა და თავდაცვითი იარაღის სახით. საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყნებს შორის წარმატების მაგალითია. ახალი პრემიერ-მინისტრი მალე უნდა ეწვიოს წამყვან დასავლურ დედაქალაქებს. ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ან სახელმწიფო მდივანი წელს საქართველოს უნდა ეწვიოს იმისათვის, რომ ხაზი გაუსვას ამერიკის მხარდაჭერას. ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ დასავლეთის მხარდაჭერა აქვთ”, – წერენ ყოფილი ელჩები.
ipn.ge