04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციის პროცესი დაიწყო

DCFTA–სთან დაკავშირებული საკითხებზე, სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატებისა” და “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას” ერთობლივი ინიციატივით, საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) შესრულების მიმდინარეობასა და არსებულ გამოწვევებზე, მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე განხილულ იქნა DCFTA-ის ვალდებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის, ვაჭრობისა და სამრეწველო პოლიტიკის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები, მათი ეფექტიანობა და პროცესის პრობლემური მხარეები. დისკუსია შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა, თუ რა ადგილობრივი შესაძლებლობები და მასტიმულირებელი პროექტები არსებობს ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტზე ორიენტირებული მეწარმეებისთვის, რა განვითარების ეტაპზეა ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები ევროკავშირის ქვეყნებთან, რა ძირითადი ბარიერები და შემაფერხებელი ფაქტორები არსებობს ამჟამად მეწარმეთათვის, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე ახდენენ ექსპორტს და როგორ უნდა მოემზადოს ქვეყანა და ბიზნესწრეები DCFTA-ის პოტენციალის და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის. “ჩვენი ორგანიზაციის მიერ ეროვნული სამოქმედო გემის შესწავლისა და მონიტორინგის პროცესი აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თვალსაჩინოა რეფორმები, რომელიც ხორციელდება ევროკავშირთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით. შესაბამისად, არსებობს მაღალი მოლოდინი, რომ 2015 წლის ბოლოს, ევროკავშირმა რეკომენდაციების შესრულებას დადებითი შეფასება მისცეს, ქვეყანამ კი, 2016 წლის შემოდგომიდან, ევროკავშირის ქვეყნებთან, თავისუფალი მიმოსვლა შეძლოს”, – განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი ორგანიზაციის “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა. აქვე გთავაზობთ შეხვედრაზე გამომსვლელების მოკლე კომენტარებს:

“DCFTA ჩვენს 3 მილიონიან ქვეყანას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზრის დაკავებისა”

შოთა გულბანი, “აფბას” ვიცე პრეზიდენტი
შოთა გულბანი, “აფბას” ვიცე პრეზიდენტი

პირადად ჩემთვის DCFTA ასოცირდება ეკონომიკურ განვითარებასთან, წარმოების ხარისხის ახალ სტანდარტებზე აყვანასთან, მშპ–ს ზრდასთან და ყველა იმ ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესებასთან, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას.

DCFTA გრძელვადიან პერსპექტივაში ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა, თუმცა, იგი გვაძლევს განვითარების შესაძლებლობას იმდენად, რამდენადაც ქართული მხარის მიერ სათანადოდ იქნება გაანალიზებული ის რისკები და შესაძლებლობები, რაც ამ კუთხით დღეს არსებობს, ვგულისხმობ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. კერძოდ მინდა აღვნიშნო ის პრობლემები, რაც დღეს მეწარმეებს ექმნებათ ევროკავშირის ბაზრებზე პროდუქციის ექსპორტისას. ჩვენ ვიცით, რომ DCFTA ტარიფებს 100%–ით აუქმებს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რაც ბუნებრივია მნიშვნელოვანია შეღავათია მეწარმეებისთვის, თუმცა საკითხავია, რამდენად არიან ჩვენი მეწარმეები, კერძოდ მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტი მზად იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზრებზე მიზანმიმართულ ბრენდინგსა და მარკეტინგში ინვესტიციები განახორციელონ, მოგეხსენებათ, რომ უცხოურ ბაზრებზე შეღწევა საკმაოდ რთულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, აგრეთვე წარმოებული პროდუქციის ხარისხი, რაც ევროკავშირის სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. აღნიშნული ძალიან მცირეა იმ ბარიერებთან შედარებით, რაც დღეს არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს სამთავრობო უწყებების მხრიდან.

საბოლოო ჯამში, DCFTA ჩვენს 3 მილიონიან ქვეყანას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზრის დაკავებისა, გარდა ამისა DCFTA-ს ფარგლებში ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტები მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ის წესები და დირექტივები, რის შესრულებასაც ევროკავშირი გვავალდებულებს დროის კონკრეტულ პერიოდში, რაც დამოუკიდებლად შეიძლება არ შეგვესრულებინა, შესაბამისად ვერც დავუახლოვდებოდით ევროპულ ცხოვრების დონეს.

“მთავრობისგან აბსოლუტური მხარდაჭერა არის ყველა ინიციატივაზე, რაც DCFTA-ს  საკითხების გადაწყვეტას ეხება”

ქეთევან ლაფერიშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ქეთევან ლაფერიშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

მე მინდა გითხრათ, რომ DCFTA ხელშეკრულებაზე ხელმოწერის გარკვეული პერიოდით გახანგრძლივება სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ სახელმწიფომ ვერ დააკმაყოფილა და ვერ შეასრულა ის პირობები და რეკომენდაციები, რასაც ევროკავშირი უყენებდა საქართველოს, ეს იყო ძირითადად საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და სახელმწიფო კონტროლის სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარება და ასევე შედარებით მკაცრი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. აქედან გამომდინარე, როდესაც გარკვეული რეფორმები იქნა განხორციელებული, ძირითადად ეს იყო სამი მიმართულებით: სურსათის უვნებლობა, შრომის კანონმდებლობა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხი.

მას შემდეგ რაც 2010 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული იქნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმებასთან მიახლოებისთვის ყოვლისმომცველი სურსათის უვნებლობის სტრატეგია, ამ სტრატეგიული დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ ჩვენ უკვე ხელ–ფეხი გაგვეხსნა იმისათვის, რომ DCFTA–ს მოპოვებისთვის გვებრძოლა და ეს დაგვირგვინდა 27 ივნისს DCFTA–ს ხელმოწერით.

DCFTA-ს მე–4 თავი მიძღვნილია სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების გატარებას. ეს კი, თავის მხრივ გულისხმობს ნებისმიერ ზომას, რომლის გამოყენება ხდება ადამიანისა და ცხოველთა სიცოცხლის დასაცავად, სურსათში საკვები დანამატების, დამაბინძურებლების, ტოქსინების, დაავადებების გამომწვევი ორგანიზმებისგან დაცვა, აგრეთვე ადამიანის დაცვა ასევე გადამტანი ორგანიზმებისგან და რაც მთავარია ქვეყნის ტერიტორიის დაცვა მავნებლების შეჭრისაგან, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება და საფრთხის თავიდან აცილება.

უნდა აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არის ერთ–ერთი ძირითადი რგოლი DCFTA-ს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად და თანმიმდევრულად შესრულების კუთხით, დღემდე უკვე ზღვა სამუშაოა გაწეული ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობისგან აბსოლუტური მხარდაჭერა არის ყველა ინიციატივაზე, რაც DCFTA-ს  საკითხების გადაწყვეტას ეხება და პროცესი, რაც გულისხმობს ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და დირექტივებთან ჰარმონიზებას, მიმდინარეობს საკმაოდ ეფექტურად, საჭიროა მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით.

“ძალიან ბევრს ვმუშაობთ ევროკავშირის ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის კუთხით”

კოტე მდინარაძე, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ექსპორტის დეპარტრამენტის მენეჯერი

მეწარმეობის განვითარების სააგენტო შეიქმნა ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ და ის ძირითადად კონცენტრირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე. მასში შედის ორი ძირითადი დეპარტამენტი, მათგან ერთ–ერთი არის მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს პროგრამას “აწარმოე საქართველოში”, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად, ასევე მიკრო ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამას, რაც გულისხმობს მიკრო მეწარმეებისთვის გრანტის სახით 5000 ლარის მიცემას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში რამოდენიმე წლის წინ ძალიან მცირე და მიზერული იყო მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიან ეკონომიკაში, ხოლო ჩვენ დღეს აქცენტირებულები ვართ, რომ ამ სეგმენტის წილი გავზარდოთ ეკონომიკაში და განვავითაროთ, როგორც ექსპორტის კუთხით, ისე შიდა აქტივობების კუთხით.

რაც შეეხება უშუალოდ ექსპორტის განვითარების დეპარტამენტს, პირველ რიგში ჩვენ ორგანიზებას ვუწევთ საერთაშორისო ღონისძიებებს, ე.წ. “თრეიდ შოუებს”, მიგვყავს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი კომპანიები, წელს დაგვემატა ფარმაცევტული სექტორი, ძირითადად აქამდე ვმუშაობდით საკვები პროდუქტების სექტორზე, მომავალ წელს ვგეგმავთ დავამატოთ სამშენებლო ინდუსტრია და ასევე სამკერვალო ინდუსტრიაც, ამ კუთხით არიან უკვე დაინტერესებული კომპანიები, რომლებსაც სურთ ექსპორტზე გაიტანონ თავიანთი პროდუქცია.

რაც შეეხება ამ საერთაშორისო ღონისძიებების დაფინანსებას, 75%–ს წინა წელს ვაფინანსებდით ჩვენ, მეწარმეობის განვითარების სააგენტო და ამავდროულად მთლიანი ამ პროცესების ორგანიზებას ვახდენთ და მხოლოდ 25% არის დასაფარი ამ ღონისძიებებზე წარმოდგენილი კომპანიების მიერ. მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომპანიებისთვის შემდგომში ექსპორტის გაიოლების კუთხით.

ჩვენ ასევე ძალიან ბევრს ვმუშაობთ ევროკავშირის ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის კუთხით, წელს მივდივართ რიგაში გამოფენაზე, სექტემბრის ბოლოს მივდივართ პოლონეთში და ოქტომბერში გერმანიაში არის ძალიან მასშტაბური გამოფენა, წლის ყველაზე დიდი მოვლენა, სადაც ასევე ვიქნებით წარმოდგენილნი.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი სააგენტოს მიერ უკვე გადამზადდა სხვადასხვა კომპანიების დაახლოებით 45 ექსპორტმენეჯერი, რომლებსაც მიეცათ შესაბამისი ცოდნა ამ მიმართულებით, აგრეთვე ჩვენ აქტიურ კონსულტაციებს ვუწევთ მეწარმეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტით, ეხლა ოქტომბერში შეიქმნება ვებ-პორტალი თრადეწიტჰგეორგია, რომელზეც ნებისმიერ ქართულ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია ექსპორტზე და აქვს ამის შესაძლებლობა, შეუძლია აღნიშნულ საიტზე განათავსოს თავისი პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია და ამ გზით დაუკავშირდეს პოტენციურ უცხოურ პარტნიორებს.

“მსოფლიო არ იცნობს ტერმინს “ეკონომიკური განვითარება”, სწორია “მდგრადი განვითარება”

გიზო ჭელიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი
გიზო ჭელიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელი

“გარემოს დაცვის კუთხით ასოცირების ხელშეკრულება თითქმის ყველა პოლიტიკის მიმართულებას არეგულირებს, ასოცირების შეთანხმებაში არის 2 თავი გარემოს დაცვაზე და არის DCFTA-ს ნაწილი ვაჭრობა და მდგრადი განვითარება. მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ რა არის მდგრადი განვითარება, რომლის არასწორი გაგება და ინტერპრეტირება, გარემოს დაცვის კუთხით არის მთავარი გამოწვევა, ანუ მდგრადი განვითარების იგნორირება. მდგრადი განვითარება ეს არის სამი მთავარი კომპონენტის ჰარმონიული თანაარსებობა, ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის და სოციალური კეთილდღეობის ერთობა. მსოფლიო არ იცნობს ტერმინს “ეკონომიკური განვითარება”, არამედ მდგრადი განვითარება, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ქვეყნის ეკონომიკა ვითარდებოდეს და ამას არ მოყვებოდეს სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესება, ანუ ეკონომიკა თავისთვის იზრდებოდეს და ამას საზოგადოება არ გრძნობდეს საკუთარ თავზე, ამასთან, წარმოუდგენელია, რომ ეკონომიკა ვითარდებოდეს გარემოს დაბინძურების ხარჯზე, ანუ შევთანხმდეთ, რომ სამივე კომპონენტის თანაარსებობა არის აუცილებელი.

სამწუხაროდ ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ეკონომიკის და გარემოს დაცვის საკითხები ურთიერთსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა და ჯერ კიდევ ქვეყანაში არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ გარემოს დაცვის საკითხები ეწინააღმდეგება ეკონომიკურ ზრდას, ან პირიქით, მინდა გითხრათ, რომ ეს ორი კომპონენტი არის ურთიერთშემავსებელი, რაც ასოცირების ხელშეკრულებაშიც კარგად ჩანს, სადაც თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ პუნქტს, სადაც ეწეროს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არ უნდა მოხდეს მდგრადად. მაგალითად არასწორია განცხადება, რომ ტყე არ უნდა მოვჭრათ, რა თქმა უნდა, ტყე უნდა მოვჭრათ, იმიტომ, რომ გვჭირდება არსებობა, თუმცა, ეს ისე უნდა ვქნათ, რომ ტყე არ განადგურდეს და განახლების უნარი არ წაერთვას, ზუსტად DCFTA-ს ერთ-ერთი თავი გვავალდებულებს ტყის მდგრად მართვას”.

ელენე ციგრიაშვილი