“გორის ქარის ელექტროსადგურმა 2 კვირაში მილიონ 700 ათასი კილოვატი ელექტროენერგია გამოიმუშავა”
თორნიკე ყაზარაშვილის ცნობით, ამ ოდენობის ელექტროენერგია ქარის ელექტროსადგურმა 15 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით გამოიმუშავა. დეკემბრის მაჩვენებელი დათვლილი ჯერ არ არის.
ამჟამად ქარის ელექტროსადგური სატესტო რეჟიმში მუშაობს და მისი ექსპლუატაციაში შესვლა დეკემბრის მეორე ნახევარში იგეგმება. თუმცა, როგორც თორნიკე ყაზარაშვილი განმარტავს, ამ პროცესის შემდეგ ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
სრულ ექსპლუატაციაში შესასვლელად “ქართლის ქარის ელექტროსადგურს“ დოკუმენტაცია ესაჭიროება, რომელსაც ახლა ამუშავებენ. თორნიკე ყაზარაშვილის ცნობით, დოკუმენტების გაფორმების შემდეგ “ქართლის ქარის ელექტროსადგური” კვალიფიური სუბიექტი გახდება.
გორში მდებარე ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატია, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგია 88 მლნ კვტ/საათი. ქარის ელექტროსადგური შედგება ექვსი აგრეგატისაგან, თითოეულის სიმძლავრე შეადგენს 3,45 მგვტ-ს. პროექტის ღირებულება 34 მილიონი დოლარია.
საქართველოს მიერ ელექტროეერგიის წლიური მოხმარება დაახლოებით 11 მილიარდი კვტსთ-ია. ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება.