საზოგადოება

Independent-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გარკევულ უზუსტობებს შეიცავს

ევროკავშირმა საქართველოსა და უკრაინის 50 მილიონ ადამიანს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მიანიჭა,- აღნიშნულ ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება, ბრიტანული გამოცემა Independent ავრცელებს.

ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ცდილობენ იპოვონ გზები, რომელთა მეშვეობითაც ისინი შორს წავლენ თავიანთი ყოფილი მეპატრონე – მოსკოვისგან, – წერს ბრიტანული გამოცემა.

აღნიშნულმა სტატიამ საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია და ბევრი ადამიანი ალბათ შეცდომაშიც შეიყვანა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასთან დაკავშირებით კი ჯერჯერობით, რაც ცნობილია, არის ის, რომ ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა, რომ საბჭოს სახელით, კომპრომისის ტექსტი ევროპარლამენტის მიერ შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით შეთანხმებულია, რაც შესაძლოა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის ყველა არსებული თვალსაზრისით გამოყენებული იყოს. ამჯერად, საბჭოს, პარლამენტსა და კომისიას შორის შეთანხმება მიღწეულია.

7 დეკემბერს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის ერთობლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის საბჭოში მუდმივმა წარმომადგენლებმა ე.წ. დროებითი შეჩერების მექანიზმზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

ე.წ შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, იოჰანეს ჰანი მიკრობლოგ „ტვიტერში“ ეხმაურება:

“მივესალმები შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას. მოვუწოდებ ევროკავშირის საბჭოს და ევროპარლამენტს, რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება” – ნათქვამია ჰანის განცხადებაში.

ამჯერად, რეფორმირებული რეგულაცია საკომიტეტო კენჭისყრაზე გავა. დროებითი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ძალაში შევა. რეგულაციაზე კენჭისყრის დასრულებისთანავე, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე კენჭისყრის თარიღი გახდება ცნობილი.

წყარო: iPress