09/05/2024
Latest:
მსოფლიო

იაპონიის ბანკი მონეტარულ პოლიტიკას შეამსუბუქებს

იაპონიის ბანკი სერიოზულად განიხილავს მონტარული შემსუბუქების პოლიტიკის შემდგომი გაზრდის მიზანშეწონილებას. ამის მიზეზი ისაა, რომ ნავთობზე ფასების შემცირება, შეუძლებელს ხდის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული ინფლაციის მიზნობრივი დონის (2%) მიღწევას. იაპონიის ბანკის მონეტარული პოლიტიკის საბჭო ორდღიან შეკრებას 28 იანვარს დაიწყებს. განხილვის საგანი, იენის გამყარება და აქციების ფასების ვარდნა იქნება.

ბანკის მმართველმა ჰარუჰიკო კუროდამ განაცხადა, რომ იაპონიის ბანკი გააგრძელებს „ფრთხილ დაკვირვებას“ იმ ზემოქმედებაზე, რომელსაც საბაზრო რყევები ქვეყნის ეკონომიკასა და სამომხმრებლო ფასებზე ახდენს. გარდა ამისა, ბანკი ყოყმანის გარეშე იმოქმედებს, თუ ჩათვლის, რომ ინფლაციის მიზნობრივი 2%-ის მისაღწევად აუცილებელია.

საფონდო ბაზრის ზრდა, რომელიც პრემიერ მინისტრ შინზო აბეს ეკონომიკური პროგრამის (ეგრეთ წოდებული აბენომიკის) შედეგი იყო, შეფერხდა, რაც მთავრობას და მმართველ პარტიას, ეკონომიკის სტიმულირებისთვის მორიგი ნიბიჯების გადადგმისკენ უბიძგებს. კაბინეტის უფროსი მდივანი იოშიჰიდე სუგა იმედს გამოთქვამს, რომ იაპონიის ბანკი, „ყურადღებით აკვირდება ეკონომიკის ახლანდელ მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში, მოქმედებას არ დააყოვნებს“.

მოსალოდნელია, რომ ცენტრალური ბანკი, 2016 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის პროგნოზს, 1.4%-დან 1.0%-მდე, ან უფრო დაბალ მაჩვენებლამდეც კი შეამცირებს. ამასთან, იაპონიის ბანკი გაზრდის იმ პერიოდის ხანგრძლივობას, რომლის განმავლობაშიც, ორპროცენტიანი ინფლაციის მიღწევას იმედოვნებს. ახლანდელი პროგნოზით, ინფლაცია 2%-ს ამ წლის მეორე ნახევარში მიაღწევს. თუმცა უკვე აშკარაა, რომ ეს შეუძლებელი იქნება.

სხვათა შორის, იაპონიის ბანკის მმართველების უმეტესობა აქამდე თვლიდა, რომ ბანკმა სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებული სიტუაციის მონიტორინგი გაზაფხულამდე უნდა გააგრძელოს და თუ საჭირო იქნება, შემდეგ იმოქმედოს და სტიმულაციის ახალი ქმედებები განახორციელოს. მაგრამ წლის დასაწყისიდან, ფინანსური ბაზრები ძლიერ რყევებს განიცდის, რაც ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

ნავთობზე ფასების მუდმივმა კლებამ, იაპონიის ბანკის მიდგომა შეცვალა. ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს იენის გამყარებაც. გასული კვირის ბოლოს, ერთი დოლარის ფასი 116 იენამდე შემცირდა. ეს კი მოგებას შეუმცირებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა „რიკო“ და „მაზდა მოტორი“, რომლებსაც გასული წლის ბოლო კვარტალში, გაცვლით კურსად 120 იენი აქვთ გათვალისწინებული. იაპონიის ბანკში საფუძვლიანად ფიქრობენ, რომ მოგების შემცირება კომპანიებს აიძულებს, რომ ხელფასების გაზრდისგან თავი შეიკავონ და კაპიტალური ხარჯები შეკვეცონ. ეს ყველაფერი კი ინფლაციის დონეზე უარყოფითად აისახება.

ეკონომიკის სტიმულირების დამატებითი ქმედება შეიძლება გახდეს იაპონიის ბანკის მიერ სახელმწიფო ობლიგაციების დამატებით შესყიდვა, რაც ამჟამად წლიურად 80 ტრილიონ იენს (დაახლოებით 676 მილიარდი დოლარი) შეადგენს. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს მოცულობა 10-20 ტრილიონი იენით გაიზრდება. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ბანკს სტიმულირების განსხვავებული ღონისძიებების გატარება მართებს, რადგან იაპონიის სახელმწიფო ობლიგაციების რაოდენობა, იმის გამო, რომ მათ ბანკი ინტენსიურად ყიდულობს, მიმოქცევაში ძლიერ შემცირებულია. მაგალითად, ცენტრალურ ბანკს შეუძლია, მუნიციპალური ობლიგაციების შესყიდვები დაიწყოს.

იაპონიის ბანკის გარდა, შემსუბუქების პოლიტიკას, ევროპის ცენტრალური ბანკიც აწარმოებს, რომელიც მალე ალბათ საკუთარ QE-ს (რაოდენობრივი შემსუბუქება) 60 მილიარდი ევროდან კიდევ უფრო გაზრდის. ახლახანს ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ბაზარზე 400 მილიარდი იუანის (დაახლოებით 60.8 მილიარდი დოლარი) ინტერვენცია განახორციელა.