04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კახეთის გარდა გვაქვს 9 რეგიონი, იქაც რთული ვითარებაა, ყველას თანაბრად უნდა დავეხმაროთ

პროვოკაციული ქმედებებით, უსარგებლო ხმაურით და აჟიოტაჟით, ე.წ ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, კახეთის რეგიონს, კახელ გლეხს დანარჩენ მოსახლეობასა და რეგიონებთან აპირისპირებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობისდღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასულ წელს აბსოლუტურად განადგურდა ვაშლის მოსავალი, ასევე, მოსახლეობას პრობლემები შეექმნა ციტრუსისა და თხილის მოსავალთან დაკავშირებით.

„კახეთის გარდა გვაქვს 9 რეგიონი, იქაც რთული ვითარებაა, სტიქია იყო სხვა რეგიონებშიც და ყველა ადამიანს თანაბრად უნდა დავეხმაროთ. გასაგებია, ჩვენ ვთქვით, რომ მევენახეობა სტრატეგიული მიმართულებაა და სწორედ ამდენი ხელშეწყობის შედეგად 4 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახია გაშენებული. ნუთუ ეს საქმე არ არის?! ყურძენზე შარშან სპეკულაციური ფასებიც კი იყო, 1,50; 2,00; 3,00 ლარამდეც კი გადაიხადეს და შემდეგ რამდენიმე გლეხი ალაპარაკეს, 2,00 ლარად როგორ გავყიდო ყურძენიო. აბნევენ მოსახლეობას, ამიტომ, მინდა მივმართო ჩვენს ძვირფას მევენახეებს, ნუ შეხვალთ შეცდომაში და არავის მისცეთ საშუალება, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოგიყენონ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუბსიდირების თანხა არ შეცვლილა და სახელმწიფო წელსაც იმდენივეს დახარჯავს ამ მიმართულებით, რამდენიც – გასული ორი წლის განმავლობაში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკვე მესამე წელია, უპრეცედენტოდ წარმატებული რთველი ტარდება.

„სოფლის მეურნეობის დარგში, კერძო სექტორის დახმარებით, დღემდე 1 მილიარდ ლარამდე არის ინვესტირებული. წარმატებით ვახორციელებთ უფასო ხვნა-თესვის, შეღავათიანი აგროსესხების პროგრამას, ასევე დავიწყეთ პროგრამა – „აწარმოე საქართველოში”. წარმატებული რთველის შედეგად კახეთის რეგიონში, კახელი ფერმერების ოჯახში 290 მილიონი ლარი შევიდა, საიდანაც დაახლოებით 100 მილიონი ლარი იყო სუბსიდია, რაც სახელმწიფომ გაიღო. სუბსიდიის თანხა გასულ წელს თეთრ ყურძენზე იყო 0,35 თეთრი, წითელ ყურძენზე – 0,15 თეთრი, რაც წელსაც იგივე დარჩა. სახელმწიფოს მხრიდან არაფერი შეცვლილა”, – განაცხადა პრემიერმა.