28/04/2024
Latest:
ეკონომიკა

რეგიონული კრიზისის გავლენა საქართველოზე

გლობალიზაცია, როგორც შეუქცევადი პროცესი

თანამედროვე მსოფლიოში, გლობალიზაციის განვითარების ფონზე, ქვეყნები სულ უფრო მჭიდროდ ხდებიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. ამ პროცესს ხელს უწყობს ტექნოლოგიური პროგრესი, რაც ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის მწარმოებლურობის ზრდას და სხვადასხვა განვითარებად ბაზრებზე იოლად შეღწევას განაპირობებს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აკავშირებს ქვეყნებს ეკონომიკურად, როგორც რეგიონალური, ისე მსოფლიოს მასშტაბით. თავისთავად ცხადია, რომ მსგავს სიტუაციაში, ნებისმიერ კრიზისს, რომელიც მეტწილად ინსპირირებულია ჰეგემონი სახელმწიფოების მიერ, გააჩნია ე.წ. Spillover Effect, რაც სხვა ქვეყნებზეც ჰპოვებს ასახვას დროის მოკლე პერიოდში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე, რომელთა ეკონომიკებშიც უცხოური ვალუტის მოცულობა გაცილებით ჭარბობს, ვიდრე ეროვნული ვალუტის, მაგალითად საქართველო.

ნავთობზე ფასების ვარდნა

ბოლო დროს ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებული მოვლენები, კერძოდ ბარელ ნავთობზე ფასების მნიშვნელოვანი კლება, საზოგადოებაში ახალ მოლოდინებს ნერგავს. თავისთავად ცხადია, რომ ნავთობზე ფასების შემცირება პირველ რიგში ზიანს აყენებს ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს. ამ შემთხვევაში ჩვენთვის აქტუალურია განვიხილოთ ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან და პლიუს მნიშვნელოვანი მარაგი გააჩნიათ ნავთობის მოპოვების კუთხით, რუსეთი და აზერბაიჯანი.

ფასების შემცირებამ ნავთობზე ორი მიმართულებით შესაძლოა მოახდინოს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა, პირველი ეს არის სავალუტო სტაბილურობა და მეორე ექსპორტის კონკურენტუნარიანობა.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2015 წელს ნავთობზე და ნავთობპროდუქტებზე ჯამში 1 076 885 ათასი აშშ დოლარი იქნა გადახდილი, ანუ ქვეყნიდან ამ მოცულობის დოლარი გავიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ 2016 წელს, ნავთობზე ფასების მნიშვნელოვანი შემცირების გამო, ეს ციფრი დაახლოებით უნდა განახევრდეს, რაც მეტნაკლებად დადებითად უნდა აისახოს ეროვნული ვალუტის კურსზე, რასაც საქართველო ნავთობზე ფასების კლებით დაზოგავს იქნება დაახლოებით 538 442 მილიონი აშშ დოლარი და რამაც თავისი უმნიშვნელო გავლენა უნდა იქონიოს კურსის სტაბილურობაზე.

მეორე მიმართულება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული ექსპორტის კონკურენტუნარიანობის შემცირებაა ჩვენს ორ მსხვილ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, რუსეთსა და აზერბაიჯანში. რუსეთში 2016 წლისთვის საკმაოდ ნეგატიური მოლოდინებია ეკონომიკურ პარამეტრებში. ნავთობზე ფასის შემცირება ადგილობრივ წარმოებას სტიმულს მისცემს, პროდუქცია და მომსახურება შედარებით დაბალ ფასად შესთავაზონ მომხმარებლებს, ვიდრე იმპორტული პროდუქცია, ვინაიდან მნიშვნელოვნად შემცირდება მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი. ქართული ექსპორტის ხვედრითი წილი 2015 წელს რუსეთზე მთლიანი ექსპორტის 7,4%–ს შეადგენს, რაც არის 162 მილიონ 865 ათასი აშშ დოლარი, მოსალოდნელია ამ მაჩვენებლის შემცირება, ვინაიდან რუსეთის მოსახლეობა უპირატესობას მიანიჭებს ადგილობრივად ნაწარმოებ, შედარებით დაბალ ფასიან პროდუქციას, ვიდრე ძვირიან იმპორტირებულს. საქართველოდან რუსეთში განხორციელებულ ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოები დომინირებს, რომელიც 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა, აგრეთვე მინერალური და მტკნარი წყლები, რაც ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა. ქართული ბიზნესის ამ სეგმენტისთვის, რუსეთის ბაზარი მიუხედავად არასტაბილურობის და პოლიტიკური დაძაბულობისა, ყოველთვის იყო მიმზიდველი, რაზეც განვლილი წლების სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. გასათვალისწინებელია რუსეთიდან განხორციელებული ფულადი გზავნილებიც, რაც სავარაუდოდ 2016 წელს კიდევ უფრო შემცირდება და რაშიც ეს ქვეყანა ლიდერია.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის საქართველოსთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, როგორც ინვესტიციების შემოდინების კუთხით, ისე ვაჭრობის მხრივაც. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი უამრავ რეგიონულ პროექტში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შავი ზღვის ტერმინალი, საქართველოს შეღავათიანი პირობებით გაზით მომარაგება და ა.შ. აქედან გამომდინარე, მისი დამსახურება საქართველოს ეკონომიკისთვის სათანადოდ შესაფასებელია, ხოლო მისი ეკონომიკის შესუსტებამ, რაც მეტწილად განპირობებული იქნება ნავთობზე ფასების შემცირებით, ჩვენს ექსპორტზეც ნეგატიურად აისახება.

სწორედ აღნიშნული გარემოებების გამო, რაც მიმდინარეობს მსოფლიო ბაზრებზე ნავთობზე ფასების შემცირების კუთხით, ხდება სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას საგარეო ფაქტორებზე აპელირება. ვინაიდან ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე, ასევე დოლარიზაციის დონემ უკვე 70%–ს მიაღწია, ქვეყნის სამეზობლოში, ასევე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების უგულებელყოფა შეუძლებელია. ხოლო იმისათვის, რომ მომავალში ნაკლებად ვიყოთ საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებული, მთავრობამ მაქსიმალური ორიენტირი უნდა აიღოს ერთი მხრივ შიდა წარმოების განვითარებაზე და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ხოლო მეორე მხრივ ქვეყანაში დოლარიზაციის დონის შემცირებაზე და არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების განვითარებაზე, რომლებიც ეკონომიკის რეალურ სექტორს დააფინანსებენ.

შოთა გულბანი
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას პრეზიდენტი