02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

კახეთის მიმართულებით 180 კილომეტრამდე გზის მშენებლობაა დაგეგმილი

რეგიონული განვითარებისა დ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის მიმართულებით 180 კილომეტრამდე გზის მშენებლობა სხვადასხვა მონაკვეთზე და განსხვავებული მიმართულებით განხორციელდება.

1. თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის 80 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 180 მლნ. აშშ დოლარია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტირების მოსამზადებლად. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება 2017 წლის იანვარში დაიწყება. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება კი 2018-2020 წლებშია დაგეგმილი. საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი (WB) აფინანსებს.

2. ბაკურციხე-წნორის 16 კილომეტრაინი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტისათვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 მლნ. აშშ დოლარია და მსოფლიო ბანკის (WB) დაფინანსებით განხორციელდება.
საპროექტო სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომებრში დაიწყება, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები კი 2018-2019 წლებში განხორციელდება.

3. გურჯაანი (ჩუმლაყი)-თელავის შემოვლითი 30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობის შედეგად, თბილისი-ბაკურციხე-თელავი-ახმეტა-თიანეთი-ჟინვალი-თბილისის მიმართულებით ახალი წრიული მარშრუტი შეიკვრება. აღნიშნული გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 40 მლნ. აშშ დოლარია. მშენებლობას მსოფლიო ბანკი (WB) დააფინანსებს.
პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ოქტომბერში დაიწყება. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება კი 2018-2020 წლებშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

4. წნორი-ლაგოდეხის 40 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის სავარაუდო ღირებულება 60 მლნ. აშშ დოლარია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მოსამზადებლად. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება 2017 წლის იანვარში დაიწყება. უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები კი 2018- 2020 წლებში განხორციელდება. საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი (WB) აფინანსებს.

5. ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის სიგრძე 15,5 კილომეტრია. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება 2016-2017 წლებშია დაგეგმილია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურების ბოლო ეტაპი – პროექტირება მშენებლობაზე. უახლოეს მომავალში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდება.

წყარო: სპექტრი | ავტორი: თამარ კაპანაძე