ეკონომიკა

,,მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გარკვეული პოლიტიკური სტაბილურობა შეინიშნება ქვეყანაში”

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2016 წლის პირველი კვარტლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

საინტერესოა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ასეთი დადებითი ციფრები 2007–2008 წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა, როცა მშპ–ს წლიური ზრდა შესაბამისად 9 და 12%–ს აღწევდა.

რეკორდულ მაჩვენებლები დაფიქსირდა ტურიზმის სექტორში. მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა აღინიშნა. 2016 წლის მაისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14,95-ითაა გაზრდილი, ხოლო ტურისტების, ანუ მათი, ვინც 24-საათი და მეტი რჩება საქართველოში, 24,3%-ით. ტურიზმიდან შემოსავალმა 2015 წლის ჯამური მონაცემებით, 1,94 მილიარდი დოლარი შეადგინა და ზრდა იყო 8,3%, რაც 149 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე იზრდება ტურიზმის წილი მშპ-ში და 16,2%-ით გაზიარდა 2015 წელს ტურიზმის წილი მშპ-ში და თითქმის 6,8%-ი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,4%-ით გაიზარდა და 12,7 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 6,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15,0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2016 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 82,8% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 7,6% – საშუალო, ხოლო 9,7% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

ასვე, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით 5,9%-ით არის გაზრდილი ბიზნესსექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, რამაც აბსოლუტურ მაჩვენებელში 577 ათასი ადამიანი შედაგინა, რაც ნიშნავს, რომ პირველ სამ თვეში ბიზნესსექტორმა დამატებით 32 257 ადამიანი დაასაქმა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული 2015 წლის უმუშევრობის მაჩვენებელების თანახმად 2012–2015 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა 50 ათასით დაიზარდა, მაშინ, როცა მიმდინარე წლის მხოლოდ 3 თვეში 32 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

“საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 103%-ით გაიზარდა. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის I კვარტალში 376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 103 პროცენტით მეტია 2015 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე.

რა თქმა უნდა ზემოთ აღნიშნულმა მაკროეკონომიკურმა მაჩვენებლებმა ასახვა ჰპოვა ეკონომიკური წინსვლის განმსაზღვრელ მთავარ ინდიკატორზეც და 2016 წლის პირველ კვარტალში მშპ–ს ზრდამ 2,8%–ი შეადგინა, თუმცა უკვე აპრილში ეკონომიკის ზრდა 4,3%–ით განისაზღვრა.

მიხეილ ჭელიძე,

ეკონომიკის ექსპერტი

“მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების ერთ-ერთი მიზეზი  არის ის, რომ გარკვეული პოლიტიკური სტაბილურობა შეინიშნება ქვეყანაში. პოლიტიკური სტაბილურობაზე ყოველთვის დიდად რეაგირებს ბიზნესი და ინვესტორი გადაწყვეტილების მიღების დროს. წინა არჩევნები ჩატარდა მშვიდობიანად და ჩვეულ რითმში მიდის საარჩევნო პროცესებიც, ეს ინვესტორებს გარკვეულწილად ბიძგს აძლევს, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს ქვეყანაში ინვესტირება. აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობა გარკვეულწილად დადებითად შეიძლება შევაფასოთ და ამ კუთხითაც ხელი ეწყობა ყველა იმ მეწარმეს, რომელიც შემოსვლას აპირებს.

ტურზმის თემატიკაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიზუალურადაც ეტყობა ქვეყანას, რომ ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. ეს პირდაპირ მოქმედებს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე. ფული შემოდის, მოხმარება იზრდება, რაც ბიზნესის უზრდის გაყიდვებს. გაყიდვები რომ იზრდება, ბუნებრივია, დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება. ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებამ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს ბიძგი მისცა. ფონი რეგიონიდან გამომდინარე გვაძლევს საშუალებას, რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში კორუფციული მომენტები არ არის. ასეთი სიტუაცია ინვესტორისთვის მიმზიდველია, როცა გარემო მთლიანობაში არის დალაგებული.

ჩემი აზრით, იგივე ტემპი ყველა ვარიანტში შენარჩუნდება, იმიტომ, რომ  თუ შევადაროთ წინა არჩევნების პერიოდს ამ არჩევნების პერიოდს დავინახავთ, რომ  მაშინ ბიზნესის რეგისტრაციების რაოდენობა შემცირდა, ახლა კი პირიქით გაზრდილია. სხვა თანაბარ პირობებში, ასე თუ გაგრძლდა, სავარაუდოდ, მოიმატებს ეკონომიკური ზრდის ტემპი” – აცხადებს მიხეილ ჭელიძე “ბანკები და ფინანსებთან” საუბრისას.