მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით ბათუმში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა
საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას იწყებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ.
საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ბათუმში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე, ასევე აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იოსებ აბულაძე ესწრებოდნენ. ოთარ დანელიას განცხადებით, შტაბი სრულ მზადყოფნაშია,რომ მოსახლეობას მოემსახუროს.
“დღეს გაიხსნა შტაბი, რომელიც სრულ მზადყოფნაშია მოსახლეობას მოემსახუროს. შეუფერხებელი მუშაობისთვის და სწრაფი რეაგირებისთვის ამოქმედდება ცხელი ხაზიც. შარშანდელთან შედარებით, წელს მანდარინის მოსავალი გაზრდილია. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი ციტრუსის სეზონი წარმატებული იქნება. მოსახლეობას არც მოსავლის რეალიზაციის და არც სამრეწველო გადამუშავების ციტრუსის ჩაბარების პრობლემა არ ექნება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობის და მოლაპარაკებების შედეგად, წელს ახალი ექსპორტიორი კომპანიების, საექსპორტო მარშრუტების და საბორნე გადაზიდვების დამატება გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვნად შემცირებულია ტრანსპორტირების ღირებულებები. ექსპორტიორების შეუძლიათ ისარგებლონ შეღავათიან აგროკრედიტით, რომელიც სახელმწიფოსგან 50%-იანი გარანტიით იქნება გამყარებული “,
– აღნიშნა ოთარ დანელიამ.
უწყების ცნობით, ბათუმში გახსნილ სპეციალურ შტაბში 09:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე იმუშავებს ცხელი ხაზი – 247 01 01, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება. მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 2 000 000 ლარია. პროგრამა 2016 წლის პირველ თებერვლამდე გაგრძელდება. ციტრუსის სეზონზე იმუშავებს ციტრუსის შემფუთავი 30–მდე საწარმო, სადაც პლასტმასის, მუყაოსა და შპონის (ხის) ტარაში პროდუქციის შეფუთვა, პალეტებად შეკვრა და ექსპორტირებისთვის მომზადება მოხდება.
[wpolling id=”9″ width=”” height=””]