ეკონომიკა

“აფბა” ტურიზმის უახლეს მონაცემებს აფასებს

 

5 აპრილს „პირველი“-ის პრეს-კლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ანალიტიკოსმა, პაატა ბაირახტარმა ტურიზმის უახლესი მონაცემები შეაფასა. რომლის მიხედვითაც 2016 წლის პირველ 3 თვეში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 1 134 436 მლნ -ს მიაღწია. ეს მონაცემი 14.7 %-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო სამ თვეში ტურისტულად ყველაზე აქტიური მარტის თვე გამოდგა. მხოლოდ მარტში საქართველოში 450 875 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც 16.7 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მარტის თვეში, ამ რაოდენობის ვიზიტორი არ დაფიქსირებულა.

საინტერესოა, რამ განაპირობა ვიზიტორების მკვეთრი ზრდა საქართველოში, მაშინ როდესაც ტურისტული სეზონი ჯერ აქტიურ ფაზაში არ შესულა. ვიზიტორების მკვეთრი ზრდა რამდენიმე, როგორც საგარეო, ისე საშინაო ფაქტორთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ფაქტორი რამაც განაპირობა ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა, არის საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ახალი ტურისტული ბაზრების ათვისება. ტურისტების მოზიდვის კუთხით, საკმაოდ კარგად იმუშავა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა მარკეტინგულმა კამპანიებმა. როგორებიც იყო, მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებში გაშვებული საიმიჯო ვიდეორგოლები, უცხოელი ჟურნალისტების მოწვევა საქართველოში, რომლის შემდეგაც მსოფლიოს 400-ზე მეტმა ჟურნალისტმა გააშუქა საქართველოს ტურისტული პოტენციალი. რაც შეეხება ახალი ბაზრების ათვისებას, ტურისტების საკმაოდ მზარდი ტენდენცია შეინიშნება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, (სწორედ ჩინეთთან მიმდინარეობს ამ ეტაპზე მოლაპარაკებები ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე). ასევე ვიზიტორების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო სავიზო რეჟიმის მკვეთრად გამარტივებამ.“

ანალიტიკოსმა საგარეო ფაქტორებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი რამაც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო, არის მეზობელ ქვეყნებში არსებული არასტაბილური ფონი.

„საშინაო ფაქტორებთან ერთად, „ლომის წილი“ ტურისტების ზრდაში, უჭირავს საგარეო ფაქტორებსაც. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რამაც განაპირობა ტურისტების ზრდა საქართველოში, არის ჩვენს მეზობელ თურქეთში, დაძაბული და არასტაბილური ვითარება. მხოლოდ წელს, თურქეთში ტურისტების ნაკადი უკვე 10%-ზე მეტით შემცირდა.

ამას ემატება რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბული ვითარება, რაც რუს ტურისტებს პრაქტიკულად უკეტავს თურქეთის კურორტებს. შესაბამისად რუსეთისთვის, ამიერკავკასიაში, საქართველო პრაქტიკულად ერთადერთ საკურორტო ზონად რჩება.

რაც შეეხება 2015 წელს, 2015 წლის განმავლობაში საქართველომ ტურიზმიდან მიიღო 1 935 000 000 დოლარი. რაც 148 მლნ -ით მეტია 2014 წელთან შედარებით. თუ გავითვალისწინეთ იმ ტენდენციებს რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, უნდა ვივარაოდოთ, რომ 2016 წელი, ტურიზმიდან შემოსული უცხოური ვალუტის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური იქნება. „