03/05/2024
Latest:
საზოგადოება

მანქანიდან ნაგვის გადაყრის გამო 4 ათასზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმების დაწესებიდან დღემდე აღნიშნული დარღვევისთვის შვიდი ათასზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა,

შეგახსენებთ, რომ „ნარჩენების მართვის კოდექსი” ძალაში 2015 წლის 15 იანვარს შევიდა, მას შემდეგ კი, ივნისის თვის ჩათვლით, გარემოს დაბინძურებისთვის 7284 ადამიანი დაჯარიმდა, ჯარიმებიდან შემოსული თანხის საერთო რაოდენობამ კი 232 660 ლარს გადააჭარბა.

ცნობილია, რომ ყველაზე მეტი ადამიანი მანქანიდან ნაგვის გადაყრის გამო დაჯარიმდა – დამრღვევ პირთა რაოდენობა 4298-ია, ჯარიმების ჯამური ოდენობა კი 171 920 ლარი.

როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ორ კილოგრამამდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანების გამო თვეში საშუალოდ 550 ადამიანი ჯარიმდება. გარემოს განმეორებით დაბინძურების გამო კი 34 ადამიანია დაჯარიმებული. ცნობილია, რომ გარემოს ხელმეორედ დაბინძურებისათვის თავდაპირველი ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

ორ კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 20 ლარით ჯარიმდება და ექვსი თვის მონაცემებით 2911 ადამიანი დაჯარიმდა. შენობიდან ნაგვის გადმოყრისათვის 30 ლარიანი ჯარიმაა დაწესებული, ამისათვის 37 პირი დაჯარიმდა.

ორ კილოგრამზე მეტი საყოფაცხოვრებო ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი 100-დან 200 ლარამდე თანხით, იურიდიული კი 400-დან 1000 ლარამდე ჯარიმდება. ივნისის თვის მონაცემებით, აღნიშნული დარღვევისათვის სამი ადამიანია დაჯარიმებული.

ერთი ადამიანია დაჯარიმებული საბურავით გარემოს დანაგვიანებისთვის. ამ დარღვევისათვის პირს 500-დან 800 ლარამდე თანხის გადახდა უწევს.

აღსანიშნავია, რომ კოდექსში შესული რამდენიმე დარღვევისათვის არცერთი ფიზიკური და იურიდიული პირი არ დაჯარიმებულა. მათ შორისაა ძაღლის ან სხვა ცხოველის ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურება, რომელიც 20 ლარით ჯარიმდება. ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენით გარემოს დაბინძურება, რომლის გამოც ფიზიკური პირი 100-დან 500 ლარამდე თანხით, იურიდიული პირი კი 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმდება.

ასევე, არცერთი პირი არ დაჯარიმებულა სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო. აღნიშნული დარღვევისათვის ფიზიკური პირი 100-დან 500 ლარამდე, იურიდიული კი 500-დან 2000 ლარამდე თანხით ჯარიმდება. არავინ დაჯარიმებულა ორ კილოგრამამდე ელემენტით გარემოს დაბინძურებისათვის, ეს ქმედება ფიზიკური პირის შემთხვევაში 100, იურიდიულის კი 400 ლარით ჯარიმდება.

შსს-ს მონაცემებით, კოდექსის ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში, არცერთი პირი არ დაჯარიმებულა ცხოველის სხეულის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებისათვის, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში 100-დან 500 ლარამდე თანხით, იურიდიულის შემთხვევაში კი 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმდება. არ დაფიქსირებულა არც ნარჩენების ტრანსპორტირებისას ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო პირის დაჯარიმების ფაქტი, რისთვისაც ფიზიკური პირი 50-დან 300 ლარამდე, იურიდიული კი 100-დან 800 ლარამდე თანხით ჯარიმდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „კომერსანტთან” გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმაც ისაუბრა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას 31 აგვისტოს განაცხადა, გარემოს დაბინძურებაზე სანქციების დაწესების პროცესი დაწყებულია, თუმცა სამინისტრო სასურველ შედეგამდე ჯერ არ მისულა. გიგლა აგულაშვილის თქმით, ჯარიმას შემაკავებელი ხასიათი უნდა ჰქონდეს და პირს, რომელმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ერთხელ უკვე ჩაიდინა, მისი განმეორების სურვილი აღარ უნდა გაუჩნდეს.

მინისტრი აცხადებს, რომ ქუჩაში ნაგვის დაყრის კუთხით, მოქალაქეების დაჯარიმების ფაქტები ხშირი არაა. იგი განმარტავს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, პატრულის თანამშრომლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების აქტივობაც აუცილებელია.

„ნარჩენების მართვის კოდექსი” ცვლილებები მიმდინარე წლის 15 იანვარს შევიდა და გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები და სანქციებიც მაქსიმალურად გამკაცრდა.

commersant.ge

 

[wpolling id=”5″ width=”” height=””]