“ფონდი ქართუს” საჩუქარი ურეკის წვერმაღალას დასახლებას – საბავშვო ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო
ურეკის დასახლება წვერმაღალას “ფონდმა ქართუმ” საბავშვო ბაღი აუშენა. 25 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით, სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით. რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღმა სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო.
“ფონდი ქართუს” დაკვეთით წვერმაღალას საბავშვო ბაღის მშენებლობა შეასრულა ასოციაცია “ატუ”-მ, რომლისთვისაც ეს პროექტი განსაკუთრებულად გამორჩეულია.
“ფონდი ქართუს” ცნობით, “ატუ”-მ საბავშვო ბაღის მთელი კომპლექსი ააშენა მშენებლობის უფლების მიღებიდან ორ თვეში. ამ პერიოდში, ადგილობრივი სკოლის მიმდებარე ცარიელ მინდორზე აშენდა როგორც უშუალოდ საბავშვო ბაღის შენობა, ასევე ბაღის ეზო, მესერი, წყლის გამწმენდი ნაგებობა და კომლექსის დამცავი კედელი, შენობაში დამონტაჟდა ყველა საჭირო ინვენტარი და ავეჯი. 2 თვის შემდეგ საბავშვო ბაღი უკვე მზად იყო ექსპლუატაციისთვის. რეკორდულად მოკლე ვადებში აშენებული საბავშვო ბაღი “ფონდმა ქართუმ” ოზურგეთის მუნიციპალიტეტს აჩუქა.
წყარო: pressinfo