03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობაში ჩართვა სურთ”

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი, მაია მელიქიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის დირექტორსა და გამგეობის წევრებს შეხვდა. რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე და როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველსა და მიკროსაფინანსო სექტორს შორის, თემაზე „კომერსანტს” მაია მელიქიძე ესაუბრა.

–   რა საკითხები განიხილეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციასთან შეხვედრაზე?

–  გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. გვქონდა საუბარი სექტორის შესახებ. მის მზაობაზე გაიზარდოს და მეტი ინვესტიცია იქნას მოზიდული საფინანსო სექტორის მიმართულებით. გვქონდა საუბარი იმ პრობლემატიკაზე, რასაც აწყდება საფინანსო სექტორი, კერძოდ კი მიკროსაფინანსო სექტორი. ქვეყანაში რეგისტრირებულია 71 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციებს დაკრედიტებული  აქვთ  მილიარდ 100 ათას ლარზე მეტი და აქედან 254 მილიონ ლარზე მეტი მოდის  სოფლის მეურნეობაზე. ანუ 21,7% აქვთ კრედიტების სახით სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გაცემული. ცალსახად უნდა ითქვას, რომ მთლიან შიდა პროდუქტში დასაქმების მაჩვენებელში 50% მოდის სოფლის მეურნეობაზე.  ბანკებს თუ შევადარებთ 19 კომერციული ბანკია დღეს, ბანკების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 15 მილიარდ ლარზე მეტია და ამხელა თანხაში 2,1 %  მოდის სოფლის მეურნეობაში გაცემულ სესხებზე. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მნიშვნელოვანია მიკროსაფინანსოებთან ურთიერთობა. ჩვენ გვქონდა აზრთა გაცვლა – გამოცვლა განსაკუთრებით იმ მიმართულებით,  რომ სექტორი იყოს სტაბილური.  მალე დაიწყება საქართველოს პარლამენტში განხილვა იმ ცვლილებებისა, რომელიც უნდა განხორციელდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში.

– ცვლილებები რეგულაციების დახვეწას გულისხმობს?

– რეგულაციების დახვეწაზე არის საუბარი. მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ჩართულობა ამ პროცესში.  მე შევეცდები ყველაფერი გავაკეთო,  რომ ასოციაცია შეხვდეს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და გაცვალონ შეხედულებები იმ რეგულაციებთან დაკავშირებით,  რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს და მოძებნილ იქნას ოქროს შუალედი. კანონპროექტს, ჯერ მხოლოდ პროექტის სახე აქვს, დახვეწილი არ არის.  მე  ვთხოვ საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტს მომაწოდოს ბოლო კანონპროექტი ცვლილებების თემასთან დაკავშირებეთ. აუცილებლად განვიხილავ მიკროსაფინანსოებთან და ეროვნულ ბანკთან ერთად, რათა მოხდეს მოსაზრებების შეჯერება. ასევე მნიშვნელოვანია ლარიზაცია. მოგეხსნებათ,  ჩვენი სახელმწიფოს ინტერესია, დოლაზაციის მაჩვენებელი მინიმუმამდე იყოს და ლარიზაციას შეეწყოს ხელი. მიკროსაფონანსო ორგანიზცებმა გამოთქვეს სურვილი, ჩაერთონ ამ პროცესში. მათ აქვთ სურვილი  ჰქონდეთ წვდომა, რომ შეიძინონ ბონდები, რომელიც საფონდო ბირჟაზე გამოდის. მათი ფასი საკმაოდ მაღალია. ამიტომ მიკროსაფინანსოები  ამბობენ, რომ მათთვის ცოტა რთულია ამ ვაჭრობაში მონაწილეობა და ისინი ძირითადად ლარს სესხულობენ კომერციული ბანკებიდან,  ბანკები  კი ამ თანხას სესხულობენ ეროვნული ბანკიდან რეფინანსირების განაკვეთში. შედეგად მიკროსაფინანსოებამდე მისული ლარი შედარებით უფრო ძვირია.

–  რამდენად რეალურია მიკროსაფინანსოები ჩაერთონ ვაჭრობაში?

– ეს საკითხი განხილული უნდა იქნას ეროვნულ ბანკთან და შესაძლებელია მოზიდვა მოხდეს საფონდო ბირჟიდან და არა კომერციული ბანკებიდან.  ეს საკითხი გახდება განხილვის საგანი.

– რაც შეეხება მიკროსაფინანსოების რეგულირებას, არის მოსაზრება, რომ მათ დამოუკიდებელი რეგულატორი შეიძლება ჰყავდეთ და არა ეროვნული ბანკი…

– ამ პირობებში, რომელსაც ჩვენი რეალობა გვკარნახობს, ნაკლებად რეალურად მივიჩნევ ასეთ მოდელს. შესაძლებელია დამოუკიდებელი დამკვირვებლის არსებობა, თუმცა ვფიქრობ იმ ჩარჩოს გათვალისწინებით, რომელიც არსებობს,  ეროვნული ბანკის საქმიანობა სავსებით დამაკმაყოფილებელია ამ ეტაპზე. ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური კომუნიკაცია მირკოსაფინანსო ორგანიზაციებსა და ეროვნულ ბანკს შორის, რათა მოხდეს აზრთა გაცვლა.

–  დღეს სუსტია კომუნიკაცია?

–  უფრო მეტი ჩართულობა უკეთესი იქნებოდა. მეტი შეხვედრები, მეტი გაცვლა-გამოცვლა აზრების, ამ შეხვედრის შემდეგ ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება დღეს არსებობს.

წყარო: commersant.ge