„მიმდინარეობს ჩუმი პროცესი, რომელიც მომავლისთვის ავტორიტარიზმის ნიადაგს ამზადებს“
მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო, სხვადასხვა პოლიტიკური ძალები თუ ინსტიტუტები გამუდმებით საუბრობენ ზეწოლაზე ხელისუფლების მხრიდან. მსგავსი პრეტენზიები აქვთ ოპოზიციურ პარტიებსაც, თუმცა, დიდი სკანდალი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების განცხადებას მოჰყვა.
საინტერესოა, რა ხდება რეალურად, ხელისუფლებას, რომელსაც არ ჰქონდა ავტორიტარიზმის მონაცემები სხვა გზა აღარ დარჩა, თუ საქმე გვაქვს მორიგ პროვოკაციასთან, რომლის მიღმაც მთავარი ოპოზიციური ძალის სახელი იკითხება? ორივე შემთხვევაში სურათი არასახარბიელოა.
მიმდინარე პოლიტიკურ საფრთხეებზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე საუბრობს.
ვაჟა ბერიძე: ეს არის არჩევნები – ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდია, ქართული დემოკრატია კი საკმაოდ სპეციფიკური მოვლენაა.
დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა მიმდინარეობს არეულ საგარეო და საშინაო პირობებში, გამოცდილებაც საკმაოდ სამწუხარო გვაქვს – გამსახურდიას ხელისუფლების გადატრიალებით დაიწყო, გაგრძელდა კორუფციის მომძლავრებით შევარდნაძის პერიოდში, ავტორიტარიზმით სააკაშვილის მმართველობის ხანაში და ახლა გვაქვს საკმაოდ ლაბილური დემოკრატია, როდესაც ხელისუფლების მექანიზმები სუსტია და სათანადოდ ვერ იცავს დემოკრატიას.
ახლა არ გვაქვს ავტორიტარიზმი, მაგრამ სახეზეა არაფორმალური მმართველობის საკმაოდ სპეციფიკური სახე, ინსტიტუტების მშენებლობა მიმდინარეობს საკმაოდ ნელა და საშინაო და საგარეო ფაქტორები არ გვაძლევს საშუალებას, რომ ინსტიტუტები გავაძლიეროთ.
მეორე მხრივ, მიმოვიხედოთ გარშემო, რა ხდება თურქეთში, რა ვითარებაა სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში და ა.შ. ასეთ ფონზე შეიძლება მივიჩნიოთ თუ არა დემოკრატიის ოაზისად საქართველო? მით უმეტეს, მმართველი ძალის მხრიდან არის მცდელობა, რომ პროცესები დემოკრატიულად მიმდინარეობდეს.
თუმცა ამის მიუხედავად, როდესაც ინსტიუტები სუსტია, ამას მივყავართ-ხოლმე ანარქიის გამოვლინებებამდე, მიშვებულ პროცესებამდე, რაც ხიფათს უქმნის დემოკრატიას ქვეყანაში.
ეს საფრთხე მოდის არა უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან, არამედ ინსტიტუტების სისუსტიდან – ნახეთ, რა ხდება – საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, რომელიც, მგონია, ოდესის გუბერნატორისგან იღებს მითითებებს. ამის შემჩვნევა კი არ უნდა ქართულ საზოგადოებას, იმიტომ, რომ ზოგი „ოცნების“ მომხრეა, ზოგი – ნაციონალების. მეგობარ და პარტნიორ ამერიკელებს ვითარების დესტაბილიზაციის ეშინიათ და მიმდინარეობს რაღაც ჩუმი პროცესი, რომელიც მომავლისთვის ავტორიტარიზმის ნიადაგს ამზადებს.
– რას გულისხმობთ?
– ამიხსენით რას ნიშნავს?! – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე დადის ქალაქში და უყვება ხან პრეზიდენტს, ხან – პრემიერს, ხან ვის და ხან – ვის, რომ ვიღაცამ ვიღაცაზე ზეწოლა მოახდინა. ეს არ არის სასაცილო ამბავი? საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს თუ არ აქვს უნარი თავი დაიცვას, სიმართლე დაამტკიცოს, აქ კონსტიტუციის მოქმედებაზეც კი ზედმეტია ლაპარაკი და საკონსტიტუციო სასამართლო რაღაში გვჭირდება?!
ამის გარდა, როდესაც ოდესის გუბერენატორი არ მალავს, რომ საქართველოს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს, ანუ ქვეყნის მოქალაქეობიდან გასული სააკაშვილი, სხვა სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელე, მონაწილეობს სხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში და, ამავდროულად, მთავარი ოპოზიციური ძალის მეთაურია – რა კონსტიტუციაზე და საკონსტიტუციო საასამართლოზეა საუბარი? სად არის ჩვენი მეგობარი აშშ-ს საელჩო?!
– როგორც ჩანს, აშშ ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევას არ გეგმავს?
– NDI-ს მორიგ კვლევაში, რომელიც ახლა გამოქვეყნდება, ვნახავთ იმ სურათს, რისი ხილვაც სურს მეგობარ აშშ-ს საქართველოში არჩევნების შემდეგ. თავისთავად ძალიან კარგია, რომ დასავლეთი ზრუნავს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე, მაგრამ ყველა კვლევა უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის მინიტორინგი და არა სააზოგადოებრივი აზრის მართვის მექანიზმი.
– რა სურათია ასეთი?
– დღეს გამოქვეყნდება და ნახავთ. შეიძლება – გაფრთხილებაცაა. კვლევის ნაწილი ადეკვატურია არსებული სურათის, ნაწილი კი ვფიქრობ – სასურველი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგი.
– როდესაც ზეწოლაზეა ლაპარაკი, საუბრობენ ხელისუფლების საშუალო რგოლზე. იმასაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერიკოაბიტაციის დროს სახელმწიფო ინსტიტუტებში გადარჩენილი ნაციონალების ხელწერაა. თუ ასეა, ხომ არ არსებობსარჩევნების დროს არეულობის საფრთხე? – ამაზეც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ…
– გააჩნია, ვინ რა მიზაანს ისახავს, ვგულისხმობ იმას, ვისაც შეუძლია პროცესების მართვა. გააჩნია, ვინ რას უწოდებს ზეწოლას და ვის რა ინტერესი აქვს. ცალსახაა და ცხადია, რომ არეულობით ბევრი მხარე და სუბიექტია დაინტერესებული.
სხვაა ამერიკელების ინტერესი, სხვა – რუსების, ქართველ ხალხს კი სამართლიანი არჩევნები და მისი აზრის ამსახველი, კვალიფიციური და პროფესიონალი პარლამენტი სჭირდება.
თუმცა ვერ ვხედავ დამაიმედებელს ვერაფერს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს ჩვენთვის კარგად ცნობილ სახეებს, არც პარტიის სტრატეგიაშია ცვლილებები და არც – მიდგომებში. ელენე ხოშტარია და სერგი კაპანაძე თუ ახაალი სახეები არიან, არ ვიცი! ორივე ძალზე გონიერი და ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ ერთი ნაციონალების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, მეორე კი მისი იდეების გამხმოვანებელი.
თუმცა პრეტენზია არ მაქვს ნაციონალებთან, რა სახეებითაც არ უნდა წაარდგნენ, მათი ელექტორატი გარკვეულია და არ შეიცვლება. ერთი კარგი თვისებაც აქვთ – თავიანთ რიგებს უფრთხილდებიან, პატივს სცემენ იმ ადამიანებს ვისაც დამსახურება აქვს მათი პარტიის წინაშე. განსხვავებით მმართველი პოლიტიკური ძალისგან, რომლის რიგებში არსად ჩანან ათი წლის მანძილზე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი სახეები. მათ სიაში არ არიან საზოგადოებაში წარმოდგენილი ავტორიტეტები. ჰყავთ სერიოზული ადამიანები, კარგი ექიმები, ღვაწლმოსილებიც კი, მაგრამ ავტორიტარიზმთან მებრძოლ პოლიტიკოსებს ვერ ვხედავ და აბსოლუტურად გაუგებარია პრინციპი, რის მიხედვით დგება „ქართული ოცნების“ სია.
ჩემს თავში აღმოვაჩენ-ხოლმე წინააღმდეგობრივ მომენტს, რომ მაინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად ვრჩები და მეც კი ვერ გამიგია, ვის უნდა მივცე ხმა! – ბიძინა ივანიშვილს და გიორგი კვირიკაშვილს მხარს ვუჭერ, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში ვინც უნდა შევიდნენ, ისინი რა ნიშნით ავირჩიო? – აბსოლუტურად უცხო ადამიანები არიან და წარმოდგენა არ მაქვს, რა შეუძლიათ.
– მოსალოდნელ არეულობასთან რა შუაშია სიები?
– ზუსტად ეს არის არსებითი და გადამწყვეტი, არეულობა იქნება თუ არა საქართველოში. თუ საზოგადოებამ არ ჩათვალა, რომ მას სთავაზობენ ავტორიტეტული, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალები მისთვის მისაღებ კანდიდატურებს, სწორედ ასეთ შემთხვევაში იქმნება გარემო, რომელიც კარგია ქაოსისა და არეულობისთვის.
ვგულისხმობ არა მხოლოდ მმართველ, არამედ ოპოზიციურ პარტიებსაც, რომელთა მიმართაც საკმაოდ ბევრი კითხვებია მათი კავშირების, კონიუნქტურის, ფინანსური რესურსების, მოკავშირეების მიმართულებით. ეს ყველაფერი საარჩევნო გარემოს ხდის ფორმალურად მისაღებს, მაგრამ დესტაბილიზაციის საფრთხეც არის სადღაც მიმალული. ამას ვამბობ იმის გათვალისწინებით, რაც ხდება თუნდაც მეზობელ ქვეყნებში.
– რა ტიპის დესტაბილიზაციაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?
– ჩვენი სტრატეგიული პარნიორია დასავლეთი და ამას ეჭვქვეშ არავინ არ აყენებს. დავუშვათ, გამოჩნდა პოლიტიკური ძალა, ან ძალები, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არ მიიჩნევენ სანდო პარტნიორებად მომავალში. მაშინ ვსვამ კითხვას – როგორ უნდა იმოქმედონ ავტორიტეტულმა საშინაო ძალებმა ამ შემთხვევაში? რა მოხდება ქვეყანაში და ხომ არ დაგვემუქრება დესტაბილიზაციის საფრთხე?!
ამ შემთხვევაში მათი მოქმედების ხასიათის პროგნოზირება არ შემიძლია, არც ის შემიძლია ვთქვა, ქართულმა საზოგადოებამ პროცესის მშვიდობიანი განვითარება როგორ უნდა უზრუნვეყოს ამ ყველაფრის გათვალისწინებით.
რაც შეეხება დესტაბილიზააციის ტიპს, შეგახსენებთ, რომ 7-8 წლის წინ სირიაშიც არ ხდებოდა არაფერი ავისმომასწავებელი. არც თურქეთში იყო 6 თვის წინ ასეთი რამ მოსალოდნელი.
დღეს კი არც სირიაშია მარტივი ვითარება, არც თურქეთში და არც სომხეთში. ამიტომ, სტაბილური პოლიტიკური პროცესიდან არასტაბილურზე გადასვლა რომელიც უარესი შედეგებით დასრულდება, არ არის შეუძლებელი.
თუ არ დავფიქრდებით იმ საკითხებზე, რაზეც ვისაუბრეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მრავალფეროვანია სპექტრი დესტაბილიზაციისა სააქართველოში, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთისთვის მისაღები პოლიტიკური ძალები არ დაწინაურდნენ ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში.
ვფიქრობ, როგორც მმართველი, ასე ოპოზიციური პარტიების ძალისხმევა, რასაც დღეს ვხედავთ, არ არის საკმარისი ასეთი შედეგის მისაღებად.
ლალი ზირაქიშვილი
წყარო: For.ge