საზოგადოება

კალათბურთის ფედერაცია და 2 500 000 ევრო

რა ღირს რეალურად ქართულ-ეპანური გარიგება?!

კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ კლუბ „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს როგორც სპორტულ სამყაროში, ასევე იმ ადამიანებთან, რომელთაც პირდაპირი შეხება ჰქონდათ აღნიშნულ საქმესთან.

ხელშეკრულება, რომელიც კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ცნობილმა კალათბურთელმა კახა შენგელიამ გაასაჯაროვა და რომელიც მისი ფედერაციიდან წამოსვლის მიზეზი გახდა, 2014 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იმ დროს მიხეილ გაბრიჩიძე იყო, სპორტის მინისტრი კი ლევან ყიფიანი.

2, 500 000 ევრო საქართველოს ბიუჯეტიდან და ფსონი უცხოელ კალათბურთელებზე…

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციას“ (GBF), „ფონდ 5+11“ და „სასკო ბასკონია S.A.D“ შორის 2014 წლის 27 სექტემბერს 5 წლიანი ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად ესპანელი მწვრთნელები კალათბურთის ეროვნული ნაკრებისთვის 16-დან 20 წლამდე მოთამაშეებს გაწვრთნიან.

ხელშეკრულების მიხედვით, GBF „სასკი ბასკონია S.A.D“ -ს ყოველ სპორტულ სეზონზე 500, 000.00 ევროს გადაურიცხავს.

აქედან ა) 300,000.00 ევრო – მოთამაშეთა მომზადებისთვის; ბ) 200,000.00 ევრო – ტექნიკური თანამშრომლობისთვის ან 2.100,000.00 ევრო თუკი ერთჯერადი გადახდა შესრულდება ხელშეკრულების ძალაში შესვლისას. ეს თანხა ნაწილდება შემდეგნაირად ა) 1,250,000.00 ევრო – მოთამაშეთა მომზადებისთვის; ბ) 850,000.00 ევრო – ტექნიკური მომზადებისთვის.

გასულ წელს კემპში ჩაერთო და ესპანეთში სავარჯიშოდ წავიდა 3 ქართველი კალათბურთელი, ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე და ნიკა დარბაიძე. როგორც ლუკა ბულაშვილის მამა აცხადებს, მათ თავად გადაიხადეს ვარჯიშის და სწავლის საფასური, 25 ათასი ევრო და სახელმწიფოს დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ასევე აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ორ კალათბურთელს, გიორგი ტურძელაძესა და ნიკა დარბაიძეს კემპი ბოლომდე (10 თვე) არ გაუვლიათ და საქართველოში 2 თვეში დაბრუნდნენ.

მონაცემთა ანალიზის მიხედვით, რომელიც კალათბურთის ფედერაციამ ამჟამინდელ მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს გაუგზავნა, ირკვევა, რომ გრანტის მქონე მოთამაშეებიდან 9 უცხოელია და სამი ქართველი.

ანალიზის გრაფაში: „მოთამაშეები რომლებსაც აქვთ გრანტი ჩვენი ხელშეკრულებით“ სიტყვასიტყვით ვკითხულობთ:

1. დანიელ ბორდინინო, კარლოს მარტინესი, ტადას ხედერკაკისი, რინალდს მალმანისი, პილლიპ პრეტრუსევი, ჯურიჯ მაკურა, არტურ კურუჩი, დავიდ პეტრუსევი, დევონ ვან ოსტრუმი; 

2. ქართველი მოთამაშეები ჩვენი ხელშეკრულებით: ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე, ნიკა დარბაიძე.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ახალგაზრდა კალათბურთელების მომზადებისთვის სოლიდურ თანხებს იხდიდა, და მიუხედავად იმისა, რომ მინისტრისთვის წარდგენილი ანალიზის მიხედვით ერთ-ერთი კალათბურთელი, ლუკა ბულიაშვილი გრანტიორთა სიაშია ჩასმული,  ცნობილი გახდა, რომ ამ უკანასკნელის მამას, ლევან ბულიაშვილის კალათბურთის ფედერაციამ „სასკო ბასკონიაში“ მომზადებისთვის 17 000 ევრო გადაახდევინა.

გამოდის, რომ 2015 წელს, კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ უცხოურ კლუბს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 300 000 ევრო და დამატებით 260 799 ლარი გადაუხადა. შედეგად კი საქართველოს და ქართულ კალათბურთს არაფერი მიუღია. გასულ წელს ბასკონიაში არცერთ ქართველ მწვრთნელს არ გაუვლია რაიმე სახის მომზადება და არც ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს.

პროქტი გაგრძელდა 2016 წელსაც…

2016 წლის 23-28 მაისს ესპანეთიდან ჩამოსულმა მწვრთნელებმა თბილისში ჩატარებულ კემპზე 17 ქართველი კალათბურთელი შეარჩიეს, რომლებიც ესპანეთში გაემგზავრნენ. 2 კვირიანი კემპის შემდეგ კი 17 კალათბურთელიდან 6 საუკეთესო შეარჩიეს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის სახელზე მიწერილ წერილში, თანდართული მოკუმენტით ირკვევა, რომ „თითოეული მოთამაშის გრანტის წლიური ღირებულება არის 30 000 ევროზე ნაკლები. ეს თანხა განკუთვნილია „სასკო ბასკონიასთვის“.

თუმცა ცნობილი ხდება, რომ დაბრუნდებულ 10 კალათბურთელს „სასკო ბასკონიამ“ ელექტრონული ფოსტით შეთავაზება გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თვეში 600 ევროს სანაცვლოდ, კლუბში ვარჯიშის გაგრძელება შეუძლიათ.

უცვლელად გთავაზობთ ელექტრონული ფოსტით მიღებულ წერილს :

„მოგესალმებით ბატონო გოგაძე,

თქვენი შვილი იცხოვრებს ახალ რეზიდენციაში (ნიუ რეზიდენსში), რომელიც 3 სართულიანია. საძინებელი 2 საწოლიანებით, ერთი 4 საწოლიანით, 5 სამზარეულოთი, 3 სააბაზანოთი, სასტუმრო ოთახითა და ინტერნეტით (WiFi).

მათთან ერთად იცხოვრებს ადამიანი, რომელიც გააკონტროლებს მათ, რათა წავიდნენ სკოლაში, ვარჯიშზე და არ გავიდნენ ღამით გარეთ.

მისი საკალათბურთო ვარჯიშები ჩატარდება რიო ტურბიოში, სადაც ყველა გუნდი ვარჯიშობს, გარდა მთავარი გუნდისა, რომელიც ლიგა EBA-ში მონაწილეობს.

ის ისწავლის ანაზღაურებულ სკოლაში, რომლის დეტალური ინფორმაცია დოსიეშია, რომელიც თქვენ გამოგიგზავნეთ. ასევე შედის სამჯერადი კვება.

თქვენ უნდა გადაიხადოთ 600 ევრო თვეში, რაშიც ცხოვრება, ჭამა, სწავლა, სპორტული ეკიპირება და ლიცენზიები შედის. თქვენ დამატებით მხოლოდ მგზავრობის ფული უნდა აანაზღაუროთ.

პატივისცემით, კრისტინა გარსია“.

როგორც დავით გოგაძის მშობელმა, ეკა კალანდაძემ განაცხადა, კლუბი მათ დაუკავშირდა და სწავლისა და ვარჯიშის გაგრძელება შესთავაზა.

„ჩემმა შვილმა, დავით გოგაძემ მიიღო ელექტრონული ფოსტით შემოთავაზება. მას შემდეგ, რაც ვერ მოხვდა 6 ბავშვში, დაგვიკავშირდნენ ელექტრონული ფოსტით და მოგვწერეს, რომ უნდოდათ ჩემს შვილს გაეგრძელებინა ვარჯიში და სწავლა კლუბში. გამოგვიგზავნეს პირობები: ჩვენ უნდა გადაგვეხადა 600 ევრო ყოველ თვე და ამ პირობით იქნებოდა ბავშვი კლუბში. უნდა გადაგვეხადა მგზავრობის ფული და დანარჩენი, ფორმების ფული – საცხოვრებელი და სწავლის საფასური შედიოდა 600 ევროში. მე შემიძლია გადმოგიგზავნოთ მათი წერილი, სადაც არის შემოთავაზებული პირობები“, – განაცხადა ეკა კალანდაძემ.

საინტერესოა, რატომ იხდის კალათბურთის ფედერაცია ერთი ბავშვის მომზადებაში დაახლოებით 30 000 ევროს, რაც თვეში 3 000 ევრომდე გამოდის, თუკი კლუბი სხვა მონაწილეებს ამას თვეში 600 ევროდ სთავაზობს?!

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიგა ქართველიშვილმა  აღნიშნა, რომ ელექტრონული წერილების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„ჩვენ ყოველწლიურად 1 გადასახადი გვაქვს. კონკრეტულად 1 ბავშვზე ცალკე გადასახადი არ გამოდის.

ეს კემპი წელიწადში 300 ათასი ევრო ჯდება.

ახლა მათ 6 ბავშვი მოითხოვეს და დაიტოვეს. ეს ბავშვები არ არიან 1 წლით, ისინი მინიმუმ 3-4 წლით დარჩებიან.

წელიწადში ჩვენ მხოლოდ 300 ათას ევროს ვიხდით. 5 წლის განმვალობაში კი ჩვენ მილიონ 500 ათასი გვექნება გადასახდელი.

მე არ ვარ საქმის კურსში, რა მეილები გამოუგზავნა „სასკი ბასკონიამ“ დაბრუნებულ ბავშვებს“, – განაცხადა გიგა ქართველიშვილმა.

უახლოეს დღეებში, „სასკო ბასკონიასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასა და სადავო საკითხებზე მსჯელობა სპორტის სამინისტროში გაიმართება.

წყარო: iPress