05/05/2024
Latest:
ეკონომიკა

მომავალი წლისთვის აგრარულ დარგში 30%-ით მეტი ინვესტიციაა გათვალისწინებული

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას მოწვევით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პრეზიდენტი კანიაო ვანჟე იმყოფება.

“აღსანიშნავია, რომ ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი რეგიონში და, შესაბამისად, საქართველოში. მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ IFAD-ის მხრიდან 1997 წლიდან გვაქვს, კიდევ უფრო აქტიური და ინტესიური ხდება; მატულობს დახმარების პროცენტული მაჩვენებელი.

მომავალი წლისთვის გათვალისწინებულია 30%-ით მეტი თანადაფინანსება და ინვესტიცია აგრარულ დარგში. ჩვენ IFAD-ის პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის დარგის შესაძლებლობები და საჭიროებები გავაცანით იმისათვის, რომ ყველა რესურსი მიზნობრივად იქნეს მიმართული”, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

ვიზიტის ფარგლებში კანიაო ვანჟემ, ოფიციალური დელეგაციის წევრებთან ერთად, ჯიღაურას ვაზისა და ხეხილის წარმოების ეროვნული ცენტრი დაათვალიერა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ კანიაო ვანჟეს ცენტრის საქმიანობა გააცნო.

კვლევითი ცენტრის დათვალიერების შემდეგ, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა კანიო ვანჟემ მცხეთის მუნიციპალიტეტში – ბულაჩაურში, წიკლანსა და ძალისში IFAD-ის მიერ დაფინანსებული სამელიორაციო სისტემის აღდგენილი სათავე-ნაგებობები და სარწყავი არხები მოინახულა. განხორციელებული პროექტით წყალუზრუნველყოფილი გახდა 4 912 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. პროექტის ღირებულებამ 5 873 750 ლარი შეადგინა.

შპს “საქართველოს მელიორაციის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა IFAD-ის პრეზიდენტს საქართველოში ფონდის დაფინანსების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

კანიაო ვანჟე ადგილბრივ მოსახლეობასაც შეხვდა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით მიღებულ პოზიტიური შედეგების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

“საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემი ვიზიტი რეგიონში. მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობისა და მეწარმეობის განვითარების კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მისასალმებელია IFAD-ისა და საქართველოს პარტიორული ურთიერთობების კონტექსტში დარგის განვითარების მიზნით განხორციელებული წინსვლა. მინდა აღვნიშნო, რომ ოცი წლის უმოქმედობის შემდეგ წარმატებით მიმდინარეობს სარწყავი სისტემების რეაბილიტიტაციის პროექტი”, – განაცხადა კანიაო ვანჟემ.

სარწყავი სისტემების მონახულების შემდეგ, IFAD-ის დელეგაციის წევრებმა შპს “მექანიზატორის” კასპის სერვის ცენტრი დაათვალიერეს. შპს “მექანიზატორის” დირექტორმა, პაატა შეყელაძემ სტუმრებს უწყების საქმიანობას შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ვიზიტის ფარგლებში კანიაო ვანჟემ და დელეგაციის წევრებმა სოფელ წეროვანში დამონტაჟებული თანამედროვე სარწყავის სისტემებიც დაათვალიერეს.