09/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“საქართველო რეგიონში ერთადერთია, რომელსაც დეპოზიტების დაზღვევა არ აქვს”

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებას 2020 წლიდან ითვალისწინებს. დღეის მდგომარეობით შემუშავებულია დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტი, ასევე სამოქმედო გეგმაც, რომელთა შეთანხმებაც დაინტერესებულ მხარეებთან მიმდინარეობს და პარლამენტში კანონპროექტის გაგზავნა მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება. რამდენად მნიშვნელოვანია დეპოზიტების დაზღვევა და რატომ ვერ მოხერხდა მისი დანერგვა ამ დრომდე, ამ თემაზე გადაცემა „ეკონომეტრის“ ეთერში პროფესორმა ლია ელიავამ ისაუბრა.

– ფინანსთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალის თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპოექტი უკვე შემუშავებულია და მისი განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან მიმდინარეობს. რამდენად აუცილებელია დეპოზიტების დაზღვევა ქვეყნისთვის? 

– სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი არ არის საჯაროდ განსახილველად გამოტანილი. რა თქმა უნდა, დეპოზიტების დაზღვევა პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის საბანკო სექტორის განვითარებისათვის, მოსახლეობის მხრიდან ნდობის ამაღლებისთვის. ბუნებრივია, რომ კომერციული ბანკები ყოველთვის იყვნენ დაინტერესებულები დეპოზიტების სახელმწიფო დაზღვევის სისტემის შემოღებით და დარწმუნებული ვარ მიესალმებიან ამ საკითხის გადაწყვეტას. ეს საკითხი საკმაოდ დიდხანს დარჩა გადაუწყვეტელი, იმის გამო, რომ სახელმწიფო თავის თავზე ვერ იღებდა პასუხისმგებლობას საქართველოს კომერციული ბანკების მდგრადობაზე, ვინაიდან იქნებოდა მატერიალურად ვალდებული, რომ ბანკის გაკოტრების შემთხვევაში აენაზღაურებინა მოსახლეობის დეპოზიტები. აქ სწორედ ეს პრობლემა დგას, ანუ საბანკო სექტორის გამჭვირვალობა და ის კრიტერიუმები, რომლითაც შეიძლება შეფასდეს კომერციული ბანკის მდგრადობა. მთავრობა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის კომერციული ბანკები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ დეპოზიტების სახელმწიფო დაზღვევაში, არიან მდგრადები. თუმცა მოულოდნელობებისგან არავინ არ არის დაზღვეული. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ უცხო ქვეყანაში დაბეჯითებით დაზღვევის სისტემა არის განსხვავებული სახის. განსაკუთრებით ეს ეხება აზიის ქვეყნებს და ევროპაში მეტნაკლებას მსგავსია.

– რა რისკების წინაშეა მეანაბრე დეპოზიტების დაზღვევის გარეშე და როგორ ხდება მათი დაბალანსება?

 – მინდა აღვნიშნო, რომ დღემდე დეპოზიტარები არ იყო რისკის ქვეშ და ეს პირველ რიგში ეროვნული ბანკის დამსახურებაა. როდესაც ის აკოტრებდა კომერციულ ბანკს, ყოველთვის ცდილობდა, რომ ფიზიკური პირების დეპოზიტები არ დაზარალებულიყო. ეს ყველაფერი მისი საქმიანობის პლიუსად უნდა ჩაითვალოს. როდესაც ბანკი კოტრდება, პირველ რიგში ისტუმრებს ეროვნული ბანკის ვალდებულებებს და შემდეგ უკვე ფიზიკური პირის დეპოზიტებს, ამიტომ ეს სისტემაც არის არასრულყოფილი და არაფორმალური. როდესაც სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ თავის თავზე აიღოს დეპოზიტების დაზღვევა, გააჩნია რა მოცულობის დეპოზიტებს დააზღვევს იგი. რამდენად ექნება მოსახლეობას გარანტია, რომ მისი თანხა იქნება დაცული. სახელმწიფო ბიუჯეტს დღეს აქვს პრობლემები, უქმდება მოგების გადასახადი და მისი შევსება ცოტა პრობლემატური ხდება. ასე რომ, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, იქნებიან თუ არა კომერციული ბანკები თანამონაწილე და თანამოზიარე ამ სადაზღვევო სისტემის შექმნაში, მიიღებს თუ არა ეროვნული ბანკი მონაწილეობას ამ საქმიანობაში, ეს საკითხები ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. ერთი რამ შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ დეპოზიტების დაზღვევის სახელმწიფო გარანტირების სისტემის შემოღება ჩვენს ქვეყანაში არის დაგვიანებული და აუცილებელი. ეს სისტემა ხელს შეუწყობს როგორც საბანკო სექტორის მდგრადობას, მისდამი მოსახლეობის ნდობის გაძლიერებას, ასევე მოსახლეობისგან ჭარბი ფულის ამოღებას, კომერციულ ბანკებში მათ კონცენტრირებას და გადანაწილებას საქართველოს ეკონომიკაზე.

საქართველო რეგიონში და ყოფილ საბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დეპოზიტების დაზღვევა არ აქვს. სახელმწიფო ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ასახელებდა, რომ ჯერ საბანკო სექტორი არ არის მზად და დეპოზიტების დაზღვევა სესხებს გააძვირებს, რადგან ბანკებს ხარჯები გაეზრდებათ. რამდენად მისაღებია ეს არგუმენტები? -სხვა ქვეყნების გამოცდილებით კომერციული ბანკების გადასახდელი სადეპოზიტო ფონდში არ არის დიდი. თუ შევკრიბავთ კომერციულ ბანკებს ვისაც მონაწილეობა სურთ, არც ისე დიდი თანხა გამოდის. გარდა ამისა, ასეთ ფონდში ცენტრალური ბანკები და სახელმწიფო ბიუჯეტიც იღებს მონაწილეობას. კომერციული ბანკების მზადყოფნა ან არამზადყოფნა სულ სხვა რამეში გამოიხატება. ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით რამდენად ადეკვატურად ზედამხედველობს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს და რამდენად ფინანსურად მდგრადები არიან. რაც შეეხება სესხების გაძვირებას, კომერციული ბანკების მხრიდან იმდენად მცირე თანხები იქნება გამოყოფილი, რომ ვფიქრობ არანაირ გავლენას არ მოახდენს სესხების გაძვირებაზე. ამ ბოლო დროს კომერციული ბანკები სესხს უფრო აიაფებენ და ეს გამოწვეულია მოსახლეობის სესხებისადმი მოთხოვნისგან.

– კანონით დეპოზიტების მიღების უფლება მხოლოდ ბანკებს აქვთ, თუმცა მიკროსაფინანსოები თამასუქის ფორმით ისეთ სესხს გასცემენ, რომ შინაარსობრივად ძალიან გავს ანაბარს. როგორ გგონიათ, რამდენად უნდა შეეხოს დაზღვევა თამასუქებს და არასაბანკო საფინანსო კომპანიებს?

– ჩემი პოზიციაა, რომ ფიზიკური პირების დეპოზიტების კომერციული ბანკების გარდა არავინ არ უნდა მიიღოს. მსოფლიოში არ ვიცი არცერთი ქვეყანა, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ღებულობენ ფიზიკური პირის დეპოზიტებს, მათ შორის საუბარია ინდოეთზე. ინდოეთში სესხების სახით ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებების დადება მათი ცენტრალური ბანკის ნებართვის ხორციელდება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ არიან უფლებამოსილნი მიიღონ ფიზიკური პირის გამოთხოვნადი დეპოზიტები, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში ფიზიკურ პირს შეუძლია გამოითხოვოს თავისი ფული, გაიხსნას მიმდინარე ან ვადიანი ანგარიში, ეს არის გამორიცხული. ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ შეადგენენ საგადასახადო სისტემის ნაწილს, ამიტომ მსოფლიოში არსად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ იზიდავენ ფიზიკური პირების ანაბრებს.

– კანონპროექტი დეპოზიტების დაზღვევის შესახებ ივნისში უნდა შევიდეს პარლამენტში, ქვეყანას კი დეპოზიტების დაზღვევის ვალდებულება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში 2020 წლისათვის უნდა ამოქმედდეს. როგორ ფიქრობთ მოესწრება ამ ვადებში პროცესის დასრულება? 

– ყველაფერი ახალი დასანერგად არის რთული და ეტაპობრივად მათი განხორციელება სავსებით შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში. თავდაპირველად ყველაფერ ახალს მოსდევს ძალიან დიდი შეცდომები და ეს დრო იქნება საკმარისი, რომ შეცდომები იქნას გამოსწორებული. ვვარაუდობ, რომ ბოლოსდაბოლოს საქართველო დადგება იმ ცივილიზებული ქვეყნების რიგში, სადაც მოსახლეობის დეპოზიტები სახელმწიფოს მიერ არის გარანტირებული.