03/05/2024
Latest:
საზოგადოება

მომხმარებლისთვის მთავარია ხარისხიანი მედიკამენტი იაფად შეიძინოს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას მიერ შემუშავებული ფანასკერტელის ინდექსის მიხედვით გასული ოთხი თვის მანძილზე ასმედიცინო პრეპარატებზე ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება.

ახლახან, ეს ფაქტი დაადასტურეს ფარმაცევტულმა კომპანიებმაც და ძირითად მიზეზად ლარის კურსის გამყარება დაასახელეს. სპეციალისტთა ნაწილი ამ პროცესს  ასევე უკავშირებს ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას.

ამ თემაზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი გუგული მაღრაძე საუბრობს:

„ფასების კლება ნიშნავს იმას, რომ ახალი მოთამაშის შემოსვლამ ბაზარზე სასარგებლო საქმე გააკეთა. ეს მოწმობს, რომ მოგების მარჟა იყო იმაზე მაღალი, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ცხადია, წაგებაზე არც ერთი კომპანია იმუშავებს, მაგრამ ის ფაქტი, რომ მედიკამენტები გაიაფდა, ნიშნავს, რომ მოგება ჰქონდათ ძალიან გაბერილი. ახლა შედარებით დარეგულირდება სიტუაცია და მათი მოგება უფრო რეალისტური გახდება. ახალი მოთამაშის შემოსვლამ შექმნა კონკურენცია, ხოლო კონკურენცია განაპირობებს ფასების რეგულაციას. მითუმეტეს, როდესაც „ჰუმანითი ჯორჯიასთან“ კარტელური გარიგებები გამორიცხულია. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება კიდევ დაიწიოს ფასებმა, ხოლო თუ ბაზარზე შემოვა კიდევ მეტი ახალი მძლავრი ფარმა–მოთამაშე, ფასების დაწევა უფრო მეტად იქნება შესაძლებელი“.

მაღრაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გამყარებაზე მეტად, მედიკამენტებზე ფასების დაწევა სწორედ ახალი მოთამაშის გამოჩენითაა გამოწვეული:

„მე მაინც მგონია, რომ როდესაც შემოდის ახალი მსხვილი კომპანია, სწორედ ეს ახდენს გავლენას ბაზრის ტენდენციებზე. ახალ კომპანიას სჭირდება მიიზიდოს კლიენტი. ამიტომ, ის გაცილებით მცირე მოგებაზე იმუშავებს და დაწევს ფასს. მომხმარებლისთვის კი რა მნიშვნელობა აქვს, რა ჰქვია კომპანიას?! მთავარია, მივიდეს და ხარისხიანი მედიკამენტი შეიძინოს იაფად. ასე რომ,  გარდა ლარის კურსის შედარებითი დასტაბილურებისა, ეს ფაქტიც იწვევს მედიკამენტების გაიაფებას,“ – განაცხადა გუგული მაღრაძემ.