მსოფლიო

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები ახალ ციფრულ ვალუტას ქმნიან

მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი ბანკი – UBS, Deutsche Bank, Santander, და BNY Mellon–ი ახალი ციფრული ვალუტის შესაქმნელად გაერთიანდა. ამის შესახებ Financial Times–ი წერს. ოფიციალური განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით დღის განმავლობაში გაკეთდება. შვეიცარიული UBS ციფრული ვალუტის შექმნის პიონერია. იგი დასახელებულ ბანკებთან, ასევე ბრიტანულ ბროკერ ICAP–თან ერთიანდება. პარტნიორებს იმედი აქვთ, რომ ეს იქნება ახალი სტანდარტი საფინანსო სექტორში ფინანსური გარიგებების ქლირინგისა და დარეგულირების მიზნით blockchain–ის ტექნოლოგიით.

როგორც Financial Times–ი წერს, ეს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ყველაზე კონკრეტული მაგალითი, თუ როგორ ცდილობენ ბანკები ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან თანამშრომლობას. „დღეს ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ვაჭრობა რთული, ხარჯიანი და გრძელვადიანი პროცესია. ამიტომ ჩვენ გვაქვს მსხვილი ბექ–ოფისები. საუბარია ეფექტურობისა და რაციონალიზაციის გაზრდაზე,“ – განაცხადა Santander–ის წარმომადგენელმა.

ახალი ვალუტის პირველი კომერციული გამოყენება 2018 წლიდანაა მოსალოდნელი. ბლოკჩეინ ტექნოლოგია არის ალგორითმების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც კრიპტოვალუტებს (მათ შორის ბიტკოინს) ვაჭრობის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ბანკები აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ დროს სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები და ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში თაღლითობის საფრთხეს ხედავდნენ, დღეს ისინი ინტერესდებიან, თუ როგორ შეუძლია ახალ ტექნოლოგიას არსებული სიტუაციის შეცვლა.

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი, ინგლისის ბანკი და კანადის ბანკი იმ ცენტრალურ ბანკებს შორის არიან, რომლებიც ციფრული ვალუტის დადებით მხარეებს სწავლობენ. ამ სიახლის დანერგვის შემაფერხებელ ფაქტორებად უსაფრთხოება და საბანკო სტაბილურობა სახელდება. ის ადამიანები, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს მხარს უჭერენ, მიიჩნევენ რომ ტექნოლოგიის ფართოდ გავრცელებისათვის კიდევ რამდენიმე წელია დარჩენილი.

წყარო: კომერსანტი