01/05/2024
Latest:
მსოფლიო

ფედრეზერვი მომავალ წელს განაკვეთის ოთხჯერ გაზრდას გეგმავს

შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბანკი ვარაუდობს, რომ მომავალ წელს, დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივად, ოთხჯერ აწევის საშუალება მიეცემა. რიჩმონდის ფედრეზერვის ბანკის პრეზიდენტ ჯეფრი ლაკერის თქმით, ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკი, ამას მცირე პორციების (0.25%) სახით გააკეთებს.

ფედრეზერვმა ოთხშაბათს განაკვეთი პროცენტის მეოთხედით გაზარდა (ეს ბოლო ათწლეულში პირველად მოხდა) და გამოაცხადა, რომ შემდგომშიც განაკვეთის ზრდა ეტაპობრივი იქნება. ცენტრალურმა ბანკმა არც ის დამალა, რომ საშუალოვადიანი პროგნოზის შესაბამისად, მომავალ წელს ამის საშუალება ოთხჯერ მიეცემა და ამ შემთხვევებშიც, ზრდა მეოთხედი პროცენტით განხორციელდება.

ლაკერი დასძენს, რომ ის თანახმა იყო, განაკვეთის ზრდის პროცესი ივნისში დაწყებულიყო, რადგან დარწმუნებულია, რომ ინფლაცია მომავალ წელს საშუალოვადიან მიზანს – 2.0%-ს მიაღწევს, თუ ნავთობის ფასი და დოლარის კურსი სტაბილური იქნება. ცნობისათვის, ლაკერს ფედრეზერვის გადაწყვეტილებების მიღებისას, 2016 წელს ხმის უფლება არ ექნება.

ფედრეზერვმა ოთხშაბათსვე გამოაცხადა, რომ ჯერჯერობით არ აპირებს მის ხელთ არსებული ობლიგაციების რეზერვების შეკვეცას და ასე გაგრძელდება, სანამ განაკვეთი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ლაკერი კი ბალანსის რაც შეიძლება სწრაფად შემცირებას ემხრობა. განაკვეთის შემდგომი ზრდის უზრუნველმყოფი მთავარი ფაქტორები, კვლავაც ინფლაცია და დასაქმების დონის გაზრდა იქნება.

ფედრეზერვის სან ფრანცისკოს ბანკის პრეზიდენტი ჯონ უილიამსი (ფოტოზე) კი ამბობს, რომ ყოველ შემდგომ შეხვედრაზე, ფედრეზერვი განაკვეთის გაზრდის, ან შეკვეცის საჭიროებას განიხილავს და გადაწყვეტილება, ეკონომიკის სტატისტიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული. უილიამსიც თვლის, რომ მომავალ წელს განაკვეთის ოთხჯერ გაზრდა, ლოგიკური იქნებოდა. სხვათა შორის, ფედრეზერვის ახლანდელი შეფი ჯანეტ იელენი, ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, სწორედ სან ფრანცისკოს ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტი იყო და მას და უილიამსს დაახლოებით ერთნაირი შეხედულებები აქვთ, როცა საქმე დოლარის რეფინანსირების განაკვეთს ეხება.

სავალუტო ბაზარი მოელის, რომ განაკვეთის მომდევნო გაზრდა მარტში მოხდება, რადგან სწორედ ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის (FOMC) მარტის სხდომის შემდეგ არის დანიშნული იელენის პირველი პრეს კონფერენცია. როგორც წესი, ფედრეზერვი წლის განმავლობაში რვაჯერ იკრიბება ხოლმე და პოტენციურად, განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ყოველ მათგანზეა მოსალოდნელი.

„შეიძლება დღესვე ვთქვათ, რომ ყოველ შემდგომ სხდომაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაგრამ რეალურად, ასე არ ხდება, რადგან ბოლო წლებმა გვიჩვენა, რომ ეკონომიკა ყოველთვის პროგნოზების შესაბამისად არ ვითარდება“, – ამბობს უილიამსი, ვინც ადრინდელთან შედარებით, აშშ-ის ეკონომიკას გაცილებით ოპტიმისტურად აფასებს. სხვათა შორის, ის ამბობს, რომ ფედრეზერვმა განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაშინც შეიძლება მიიღოს, როცა იელენს პრეს კონფერენცია დაგეგმილი არ აქვს.

უილიამსი ვარაუდობს, რომ შეერთებულ შტატებში უმუშევრობის დონის შემცირება კვლავ გაგრძელდება და ახლანდელი 5.0%-დან, მომავალი წლის ბოლოსთვის, 4.5%-მდე შემცირდება. რაც შეეხება ინფლაციას, უილიამსი თვლის, რომ როგორც კი ნავთობზე ფასები დასტაბილურდბა და ბაზარი მყარი დოლარის ფაქტორს შეეჩვევა, ინფლაციის დონეც მიზნობრივი 2.0%-სკენ აიწევს. ის თვლის, რომ როგორც კი განაკვეთი 3.25-3.5%-მდე გაიზრდება (2018 წლისთვის), ეკონომიკის ზრდის ტემპიც შენელდება. ამასთან, მისი აზრით, არსებობს იმის 10.0%-იანი ალბათობაც, რომ მოულოდნელი შოკები, ეკონომიკას აზარალებს და რეცესიისკენ დააბრუნებს.