02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“პროექტი Check In Georgia მომავალშიც გაგრძელდება”

ტურისტების რაოდენობის კუთხით, 2016 წელი საქართველოში რეკორდულ წლად დასახელდა, რაც პროექტ Check In Georgia-ს წარმატებას უკავშირდება. ქვეყანა წლის ბოლოს ტურიზმის სექტორიდან 2 მლრდ დოლარზე მეტ შემოსავალს ელოდება. უფრო დეტალურად ქართული ტურიზმის პოტენციალსა და მთავარ გამოწვევებზეაის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საუბრობს.

–  რა გააკეთა “ქართული ოცნების” მთავრობამ ოთხის წლის განმავლობაში ტურიზმის ხელშესაწყობად და იყო თუ არა შეცდომა, რომ 2012–2014 წლებში ნაკლებად იყო საუბარი ტურიზმზე, როგორც პრიორიტეტულ მიმართულებაზე ?

– დღეს ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე პრიორიტეტული დარგია. რაც მთავარია, ტურიზმი ამართლებს მასზე დამყარებულ დიდ იმედებს. მხოლოდ პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 48 მლნ დოლარით გაიზარდა, ასევე იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა ამ სექტორში. ბოლო ორი წელი რომ შევაფასოთ, მთავრობამ მიიღო რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ტურიზმზე ძალიან კარგად აისახა. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ ტურიზმის ადმინისტრაციის აქტიური ქმედებები და თავად მთავრობის სხვადასხვა უწყებების ჩართულობა. ტურიზმი იმდენად სპეციფიური სფეროა, რომ ის დამოუკიდებლად ვერ განვითარდება, მას სჭირდება სავიზო მხარდაჭერა, ახალი ავიარეისების დამატება, სხვადასხვა სახის წახალისება. იმისთვის, რომ საქართველო ცნობილი იყოს სხვადასხვა ბაზარზე, აუცილებელია მთავრობის აქტიური მხარდაჭერა.

– ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიცვალა თუ არა  ტურიზმის მიმართ მთავრობის დამოკიდებულება?

– შეიცვალა. ტურიზმი პრიორიტეტული გახდა ყველა დონეზე, ყველა უწყებაში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი უწყებების დონეზე. ზოგადად ქვეყანამ არ შეიძლება ერთ ან ორ სექტორზე გააკეთოს მთელი კონცენტრირება, თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ მომდენვო წლებშიც ტურიზმი ერთ–ერთ მთავარი და პრიორიტეტული სექტორი იქნება.

– 2007 – დან 2013 წლამდე ვიზიტორების ზრდა იყო ორნიშნა, 2012–2014 წლებში კი ერთნიშნა ნიშნულამდე შემცირდა. როგორ ფიქრობთ, ბოლო ორი წელი რა ხდებოდა ისეთი სახიფათო ჩვენს ქვეყანაში, რომ ვიზიტორების ზრდის ტემპი ასე შემცირდა?

– არა იმდენად ჩვენს ტერიტორიაზე, რამდენადაც ხდებოდა მთელს ჩვენს რეგიონში. მე მხედველობაში მაქვს მაგალითად რუსეთ–უკრაინას შორის განვითარებული მოვლენები, რომელიც ძალიან ცუდად აისახა ჩვენს ქვეყანაზეც ტურისტული კუთხით. რუსეთი და უკრაინა ჩვენს ქვეყანაში შემომსვლელ ვიზიტორ ქვეყანათა ხუთეულში შედიან. შესაბამისად, ამ ორ ქვეყანას შორის შექმნილმა მდგომარეობამ პირდაპირი გავლენა იქონია საქართველოში შემომავალ ვიზიტორთა რაოდენობაზე. ამავე პერიოდში ჩვენს მეზობელ ქვეყანებში ადგილობრივი ვალუტები დევალვაციას განიცდიდნენ, რამაც ასევე იმოქმედა ვიზიტორების რაოდენობის შემცირებაზე.

– რა არის ქართულ ტურიზმის მთავარი გამოწვევა, როგორია თქვენი პროგნოზი შემოსავლების კუთხით? გადააჭარბებს თუ არა 2 მილიარდს მიმდინარე წელს ტურიზმიდან შემოსული შემოსავლები?

– შემოსავლები აუცილებლად გადააჭარბებს 2 მილიარდს. ჩვენ 2015 წელსაც ძალიან მიახლოებული ვიყავით ამ მაჩვენებელს. წლევანდელი წელი კი რეკორდული იქნება საქართველოს ისტორიაში, როგორც ტურისტების რაოდენობის კუთხით, ისე შემოსავლების კუთხით. რაც შეეხება გამოწვევებს, მთავარ გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურული პროექტები. მსოფლიო გამოწვევად კი რჩება უსაფრთხოება და კონკურენცია. ამიტომაც ამ მიმართულებით ქვეყანა ახალი ნაბიჯებსი გადადგმას გააგრძელებს.

– რაც შეეხება  პროექტს Check in Georgia-ს, გარდა ბილეთების გაყიდვისა კიდევ რა სარგებელი მოუტანა ქვეყანას ამ პროექტმა?

– სტატისტიკის სამსახური აკეთებს კვლევას, რომელიც აჩვენებს, თუ რომელ რეგიონებსა და სექტორებში გადანაწილდა ეს თანხა. ზოგადად კი ტურიზმის სექტორისთვის Check In Georgia არის ძალიან კარგი პროექტი. მთავრობის ინიცირებული ეს მასშტაბური პროექტი დაგვეხმარა გაგვეზარდა საქართველოს ცნობადობა, უფრო მნიშვნელოვანი კომუნიკაცია გვეწარმოებინა სხვადასხვა ბაზარზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფუნქცია Check in Georgia-ს ფარგლებში გახლდათ საერთაშორისო გაშუქებაც. მინდა აღვნიშნო, რომ კონცერტების დროს ბათუმის ყველა სასტუმრო სავსე იყო ვიზიტორებით. ეს სწორედ იმ მიდგომების დამსახურებაა, რომელსაც სახელმწიფო იჩენს ტურიზმის სექტორის მიმართ. ცხადია, დიდია კონკრეტულად პროექტ Check in Georgia-ს დამსახურება. სწორედ ამიტომ, ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

 

პაატა ბაირახტარი