03/05/2024
Latest:
საზოგადოება

“ნაციონალური მოძრაობა” ეროვნულ ბანკზე კონტროლის შენარჩუნებას პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელით ცდილობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატის “ძებნა” დაიწყო

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ექსპერტებისა და არასამთავრობოების ჯგუფს შეხვდა. ასეთ შეხვედრებს ეკონომიკის ექსპერტებთან და ეკონომიკური პროფილის არასამთავრობოებთან პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჩაუყარა საფუძველი. როგორც ჩანს, ინიციატივა მის მრჩეველს გიორგი აბაშიშვილს ეკუთვნოდა. ამ შეხვედრების შედეგი დღემდე ისაა, რომ გარკვეული პროცედურის სახე მიეცა პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად კანდიდატურების წარდგენას. ასე, ამ გზით, პრეზიდენტმა გაიყვანა თავისი კანდიდატურა ნიკოლოზ ყაველაშვილი, როგორც ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან მოთათბირების შედეგად შერჩეული კანდიდატურა, მაშინ, როცა, როგორც მედია იუწყებოდა და შეხვედრების მონაწილეები ადასტურებდნენ, დასახელებულთა შორის არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, კვალიფიციური ფინანსისტები და ეკონომისტები იყვნენ: ლევან კალანდაძე, მერაბ კაკულია, ემზარ ჯგერენაია და სხვები. შედეგიც, ჯერ–ჯერობით შესაბამისია – საზოგადოებას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პიროვნების მოსაზრებები არ შეუტყვია არცერთ პრობლემურ საკითხზე, ფულად–საკრედიტო პოლიტიკა იქნებოდა ეს, ინფლაციის მართვა, ლარის კურსი თუ სხვა. ამჯერადაც გიორგი აბაშიშვილმა მიწვეულებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელება შესთავაზა გიორგი ქადაგიძის ნაცვლად, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის და შესაბამისად ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ვადა მომავალი წლის თებერვალში გასდის და ეს კანდიდატი, თუ მას პარლამენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად დაამტკიცებს, შესაძლოა, ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტადაც კი მოგვევლინოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

თუმცა აქ ესეც არ არის მთავარი. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მარგველაშვილს უკვე ჰყავს კანდიდატურა, რომელსაც ექსპერტებთან და არასამთავრობოებთან მოთათბირების შემდეგ პარლამენტს მათი სახელით წარუდგენს. ეს ცხადია. არსებითი კი სხვაა, რასაც საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს. “შემრჩევების” იდეა კარგია, მაგრამ შემრჩევები რა პრინციპით შეირჩა, გაუგებარია. მითუმეტეს გავრცელებულ ინფორმაციაში და ტელე–კადრებში ჩანდა, რომ ექსპერტებს მხოლოდ რომან გოცირიძე  და გია ღაღანიძე წარმოადგენდნენ, აღარ ჩანდნენ მერაბ კაკულია, ემზარ ჯგერენაია, ლევან კალანდაძე.

სიტუაცია ცხადყოფს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისთვის სერიოზული ბრძოლა გაჩაღდება, თუმცა საკვირველია, რომ ამ პროცესს მშვიდად აკვირდება ხელისუფლება, რომელსაც ნაციონალების კანდიდატმა ქადაგიძემ იმდენად დიდი პრობლემები შექმნა, რომ ზოგიერთები მისი იმპიჩმენტის საკითხზეც ალაპარაკდნენ, ბოლოს ყველაფერი საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკიდან გამოტანით დასრულდა. მაგრამ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოდაძლეული გადაწყვეტილება ნაცმოძრაობის აქტივისტებმა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად მივლინებულებმა დაბლოკეს.

ამ ყველაფრის ფონზე უეჭველად უნდა დაისვას და პასუხი გაეცეს კითხვას – ვინ გააკონტროლებს ეროვნულ ბანკს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავისი კანდიდატის პირდაპირ გაყვანის შანსი არ აქვს. ეს მას მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის მეშვეობით შეუძლია. გიორგი მარგველაშვილი ღია ალიანსზე ნაციონალებთან, რა თქმა უნდა, არ წავა. ასეთ შემთხვევაში ნაციონალები შუამავლებად აქაურ ამერიკულ დიპლომატიურ კორპუსს გამოიყენებენ, რომლებსაც დიდი ხანია არწმუნებენ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება მთლად სანდო არ არის და ამიტომ ისინი უნდა აკონტროლებდნენ აქ სიტუაციას ისეთი ინსტიტუტების მეშვეობით მაინც, როგორიცაა ეროვნული ბანკი, საკონსტიტუციო სასამართლო და ა.შ. ამ ლინკის ქმედუნარიანობა უკვე გამოჩნდა, როცა აშშ–ს ახალი ელჩი იან კელი საქართველოში ჩამოვიდა. ლარმა წამსვე შეწყვიტა ყანყალი, 2030–ის ექსპერტებმა გიორგი ქადაგიძეზე შეტევა, ხოლო მთავრობის წევრებმა ეროვნული ბანკის დაცვა დაიწყეს. ეს გვაფიქრებინებს და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ ქადაგიძემ კელის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პირობა დადო ჩვენი ამერიკელი პარტნიორების წინაშე, რომ ეროვნული ბანკი თავის ხელთ არსებული ბერკეტებით ხელს არ შეუწყობდა ლარის შემდგომ გაუფასურებას, მით უფრო არ გამოიწვევდა თავისი მოქმედებებით მყისიერ ვარდნას, სანაცვლოდ მან, ჩანს, გარანტია მიიღო, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ჩადენილი გადაცდომებისთვის მის მიმართ არ დაიწყება სამართლებრივი დევნა.

ქადაგიძის ამბავი, პრინციპშიდა სავარაუდოდ, გარკვეულია. მაგრამ ახლა მთავარი სხვაა, ვინ ჩაიბარებს ეროვნულ ბანკს, ვინ გააკონტროლებს ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. წესისა და რიგისამებრ, იგი დამოუკიდებელი უნდა იყოს, როგორიც არ ყოფილა ნაციონალების 9 წლიანი მმართველობის პერიოდში, რაზეც თვალს ხუჭავდნენ და ხუჭავენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების საელჩოები. თუ ეროვნული ბანკი ისევ ნაციონალების კონტროლქვეშ დარჩება, ეს არამარტო “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის იქნება მუდმივი საფრთხე, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, რადგან საბანკო–საფინანსო სექტორი ისევ პოლიტიკური ბრძოლის არენად იქცევა. მარგველაშვილი თავის კანდიდატს ამ შემადგენლობის პარლამენტში ამჯერად ვერ გაიყვანს, იმის გათვალისწინებით, რომ ის შესაძლოა ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტი გახდეს. შესაძლოა, ჩვენს დასავლეთელ პარტნიორებს ჰყავდეთ ვინმე შეგულიებული არენაზე შემოსაგდებად, თუმცა ჯერ–ჯერობით ასეთები არ ჩანან.

სავარაუდო კანდიდატების ნუსხას თვალი რომ გადავავლოთ, არჩევანი დიდი არ არის. ნოდარ ჯავახიშვილი თავად ამბობს “ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო”, ირაკლი მანაგაძეს, ეროვნული ბანკის ასევე ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც დღეს EBღD–ში მუშაობს, ჯერ–ჯერობით შეთავაზება არ მიუღია, გიორგი კვირიკაშვილი არანაკლებ საპასუხისმგებლო პოზიციაზეა და მისი გადანაცვლება ივანიშვილ–ღარიბაშვილ–კალაძის ქვეყნის ფაქტობრივად მმართველ ტრიოს ამ ეტაპზე ხელს არ უნდა აძლევდეს. ყველაზე მისაღები შეიძლება ირაკლი კოვზანაძის კანდიდატურა იყოს, რომელიც კვალიფიციური ფინანსისტი და არაკორუმპირებული მოხელეა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გაურკვეველი ვადით უმუშევარი დატოვა. მისი კანდიდატურა იმ ალიაქოთსაც მოუღებდა ბოლოს, რომელიც ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს გამოტანას მოჰყვა. კოვზანაძესთან ერთად ეს სააგენტოც დაბრუნდებოდა ეროვნულ ბანკში. სიტუაციიდან დროებით გამოსავლად მოჩანს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დროებით არჩილ მესტვირიშვილის გამწესება, რომლის კანდიდატურას მეტნაკლებად მისაღებია, როგორც ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის.

მთავარია ეს პროცესი გამჭვირვალე იყოს, თავიდან იქნას არიდებული ამ ინსტიტუტის გაკონტროლების დაუოკებელი სწრაფვა ზოგიერთი ძალის მხრიდან იმის გათვალისწინებით, რომ ნაციონალებს საბანკო–საფინანსო სფეროში სერიოზული ინტერესები აქვთ, განსაკუთრებით “საქართველოს ბანკისა” და სხვა ინსტიტუტების მიმართულებით. სხვა შემთხვევაში ეს სფეროც დიდხანს იქნება ისეთივე დაულაგებელი, როგორადაც ბიზნესი დღემდე რჩება საქართველოში. რაც იქნება შენელებული მოქმედების ნაღმი, როგორც “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის, ისე ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების გრძელვადიანი ინტერესებისათვის ამ ქვეყანაში და რეგიონში.