09/05/2024
Latest:
საზოგადოება

,,ქვეყანამ, ბოლო 25 წელი, აბსოლუტური იდიოტიზმის ტყვეობაში გაატარა”

ვაჟა ბერიძე: ,,ოცნების” მიერ გაშუქებული თემები იმდენად უსუსურია, რომ საცოდაობით დაიწვები!”

თბილისში ,,ახალი აბრეშუმის გზის» ფორუმი, რომელსაც მსოფლიო ეკონომიურად წარმატებული ქვეყნებისწარმომადგენლები ესწრებოდნენ, პომპეზურად ჩატარდა. რას მოგვიტანს «ახალი აბრეშუმის გზა», რომელიცაღმოსავლეთ-დასავლეთის ქვეყნებს ოდესღაც ერთმანეთთან ვაჭრობით აკავშირებდა და მშვიდობის ერთგვარიგარანტიც იყო? გადაყვება თუ არა ,,რუსთავი 2»-ის კრიზისს ხელისუფლება და რატომ უნდა შემოვიდეს ქართულენერგეტიკულ ბაზარზე ..გაზპრომი»? – ,,ქართულ სიტყვას» პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.

ბატონო ვაჟა, ,,ახალი აბრეშუმის გზის» ფორუმს ევროპაში ,,ახალი ფანჯარა» დაარქვეს…

– ვერ გეტყვით, რამდენადაა ევროპაში «ახალი ფანჯარა», მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველა ასეთი პროექტი იმას გულისხმობს და ითვალისწინებს, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, გავლენიანი რეგიონალური ლიდერებისთვის საჭირო ხდება. ამ ინტერესის გარეშე ჩვენი დამოუკიდებლობა ერთობ მყიფე იქნებოდა. დათა თუთაშხიას პათოსით, თუკი სახელმწიფოს ფუნქცია არ აქვს, ვერ იარსებებს და ეს ფუნქცია მხოლოდ ყბადაღებული გეოსტრატეგიული მდებარეობა არ უნდა იყოს.

საქართველო, სამომავლოდ, ,,საქარავნე გზა» იქნება თუ სერიოზული ეკონომიური დატვირთვის რეგიონი?

– ამ ფორუმზე კონკრეტული ტენდენციები ვერ გამოიკვეთებოდა. ასეთი შეხვედრების დროს გაცნობა-დაახლოება, თვალსაზრისების შეჯერება, გეგმების დასახვა ხდება. ეკონომიკური პროექტები, ახალი ტენდენციები კი კაბინეტებში, «ტვინის ტრესტებში» მუშავდება… ბოლო დროს დაწინაურებულნი ,,ბრიკსის ექვსეულის» ქვეყნები არიან, სადაც შედიან ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი, სამხრეთ აფრიკა და სხვა სახელმწიფოები. იქ ყალიბდება ახალი ტენდენციები. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ჩინეთი და მისი ეკონომიკაა. ჩინეთი დასავლეთისკენ ისწრაფვის და მისთვის ისტორიული ,,აბრეშუმის გზა», მისი აღდგენა და იმ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომლებიც მისი შემადგენელი ელემენტები, რგოლები იყვნენ, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე ამ იდეის გააქტიურება დაიწყო.

– ,,გააქტიურებაში» რა იგულისხმება?

– ,,აბრეშუმის გზის» თემა ახალი ხელისუფლების დროს არ გაჩენილა, ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, ტრანსკავკასიური მაგისტრალის საკითხებზე მუშაობის დროს წამოიწია, სააკაშვილმა განავითარა, მერე ცოტათი მინავლდა და ახლა, სწორედაც, ხელსაყრელ დროს განახლდა…

ჩინეთი ჩვენც ევროპის ნაწილად განგვიხილავს?

– ჩინეთი თავისი მისწრაფებებისთვის ხელსაყრელ პარტნიორ ქვეყნად განგვიხილავს. დამოუკიდებლობა და თავისუფლება იმისთვის გვინდოდა, რომ თავად შეგვეფასებინა, ჩვენი ეროვნული ინტერესების თანხვედრა რომელ ქვეყნებთანაა ხელსაყრელი. მიმაჩნია, რომ ,,აბრეშუმის გზა» მისაღები და მხარდასაჭერი პროექტია. რაც მეტი ტურისტული ნაკადი გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე და მეტი ეკონომიკური პროექტი განხორციელდება, მით უფრო საყურადღებო გავხდებით მსოფლიოსთვის. აშშ, ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი – ეს ქვეყნები, ევროკავშირთან ერთად, მსოფლიო ეკონომიკასა და ჩვენს ბედისწერაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ.

რუსეთის ბაზრის ჩინეთით ჩანაცვლება, როგორც მახსოვს, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა მოსინჯა, როცაჩინეთში ქართული ღვინო გაიტანა…

– სააკაშვილმა სწორად მოსინჯა. მართალია, ჩინეთი ტრადიციული ღვინის მომხმარებელ ქვეყანას არ მიეკუთვნება, მაგრამ ურთიერთობებისთვის მაინც საჭიროა. მალე, ჩინეთში, მილიონ 650 ათასი ბოთლი ღვინისა და მილიონ 300 ათასი მინერალური წყლის ექსპორტი განხორციელდება. არ უნდა მივებათ რუსეთის ბაზარს ისე, როგორც მეფის რუსეთის და კომუნისტების დროს ვიყავით, არ უნდა მოვექცეთ მისი გავლენის ქვეშ და ჩვენი დაშანტაჟების ბერკეტები არ მივცეთ.

ყველაზე საინტერესოდ, რაც ფორუმზე განიხილეს, მაინც, რას თვლით?

– ჩინური კომპანიები დავარწმუნეთ, რომ ბევრ პროექტში მონაწილეობის მისაღებად მზად ვართ. ასევე, საუბარი იყო ანაკლიის პორტის განვითარებაზე, ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გადაქცევასა და ხაშური-ზესტაფონის მაგისტრალის მშენებლობაზე.

ანაკლიის პორტზე სააკაშვილს საყვედურობდნენ, არაფრისმთქმელი, პომპეზური და,,პოტიომკინის სოფელი»უფროა, ვიდრე საჭირო და აუცილებელიო.

– გააჩნია, იდეას როგორ მიუდგები და განავრცობ. ამ პროექტში პომპეზურობა იყო, მაგრამ მიმაჩნია, რაც მეტი პორტი იქნება საქართველოს ზღვისპირეთში, უკეთესია.

ანუ, ანაკლიის პორტის სააკაშვილისეული პროექტი ისევ აქტუალურია?

– ჩემი აზრით, ძველიდან ის უნდა ავიღოთ, რაც მისაღებია ან, სულაც, ახალი ინტერპრეტაციით განვიხილოთ.

ანაკლიის პორტის პროექტით ვინაა დაინტერესებული?

– ადრე ,,თი ბი სი ჯგუფს» ჰყავდა შერჩეული დასავლელი ბიზნესმენი, ახლა ჩინელები არიან დაინტერესებულნი, საბოლოოდ, რა გადაწყდება, არ ვიცი.

არაბები რითი არიან დაინტერესებულნი?

– შეიხმა ნაჰაიანმა განაცხადა, რომ ინვესტიციებს გააფართოვებს, რაც მისასალმებელია, ბევრი რამაა საქართველოში, რითიც მათი დაინტერესება შეიძლება: სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, კომუნიკაციები…

საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე ,,გაზპრომის» შემოსვლის წინააღმდეგ აქციები იმართება და ეს თემარუსულ ოკუპაციასთანაა გაიგივებული. საზოგადოებას ახსოვს დარიალის ხეობაში აფეთქებული გაზსადენი, შუაზამთარში რუსეთისგან გაყინული ევროპა. ახლახან, პოლონეთმა რუსულ გაზზე უარი თქვა. ჩვენ კი, ,,გაზპრომი»შემოგვყავს…

– საკითხის ასე დაყენება სწორი არ იქნება… გასაგებია, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას თავი უნდა ავარიდოთ, მაგრამ ლაპარაკია ,,გაზპრომის», როგორც ერთ-ერთ მომწოდებლად შემოსვლაზე.

რატომ გახდა ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიის ჩვენს ბაზარზე შემოყვანა აუცილებელი?

– ენერგომატარებლები ვრცელი და რთული თემაა, რომელიც ხშირად პოლიტიკაშია გადახლართული. სირიაში, საომარ მოქმედებებში რუსეთის ჩართულობა არაბული გაზის ევროპისკენ გატანაზე ზემოქმედების გამო მოხდა. თავის დროზე ალიევმა და შევარდნაძემ, ტრანსკავკასიური მაგისტრალის ამოქმედებით, ამიერკავკასია დასავლეთისკენ შეაბრუნეს. ახლახან კი, სნგ-ს ქვეყნების შეხვედრაზე, ილხამ ალიევმა ნიშანდობლივი განცხადებები გააკეთა, რომ არ მოსწონს ევროსტრუქტურების მხრიდან აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩარევა, ლაპარაკია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.Mმეორეს მხრივ, ისიც საინტერესოა, რომ აზერბაიჯანი რუსეთიდან მაღალკალორიულ გაზს ძვირად ყიდულობს და საქართველოს დაბალკალორიულ გაზს იაფად აწვდის.

ამას რატომ აკეთებს?

– ამის პასუხი აზერბაიჯანის ლიდერებს აქვთ. როცა ,,გაზპრომზე» ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიტიკური ფასის გარდა, სხვა კომპონენტებიცაა. რუსეთი, თავის მხრივ, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთსა და თურქმენეთიდან შესყიდულ გაზს საკუთარ მილში ატარებს, რაღაც კომპონენტებს უმატებს და ევროპაში, როგორც საკუთარს, ისე ყიდის. ესეც მსოფლიო პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობაა, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ არსებობს ენერგეტიკული ნიუანსები და დეტალები, რაც პოლიტიკურ და დიპლომატიურ კულუარებში განიხილება, ჭაობში აღმოვჩნდებით. ინფორმაციას, რომ ვიცე-პრემიერი კახი კალაძე «გაზპრომის» წარმომადგენლებს შეხვდა, რა თქმა უნდა, რუსული მედიისგან არ უნდა ვიგებდეთ. წესით, საზოგადოებას, კომერციული დეტალების გარდა, სიმართლე უნდა მიეწოდოს, თუმცა არ მესმის რა კომერციულ დეტალებზეა საუბარი, როცა ისედაც ყველასთვის ყველაფერი ცნობილია.

– ,,გაზპრომში» ივანიშვილის წილს გულისხმობთ? – ოპოზიცია ამბობს, რომ კომპანიის აქციონერი და 1%-იანიწილის მფლობელია.

– ივანიშვილი ბიზნესმენია და უფლება აქვს, აქტივებს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ კომპანიაში ფლობდეს. ცნობილია, რომ დასავლეთის საფონდო ბირჟებშიც აქვს კაპიტალი დაბანდებული. არც ის აზრი მიმაჩნია მართებულად, რომ თუკი ივანიშვილი რუსული კომპანიის წილს ფლობს, ეს ქვეყანაზე პოლიტიკური ზეწოლის მიზეზი გახდება, ეს პრიმიტიული მიდგომაა და არც მსოფლიო პოლიტიკაა «კეთილშობილ ქალთა პანსიონი».

კატეგორიულად ვაცხადებ: არც რუსეთის მეხოტბე ვარ და არც – ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი, მაგრამ ჩემმა ქვეყანამ, ბოლო 25 წელი, აბსოლუტური იდიოტიზმის ტყვეობაში გაატარა და შველას ხან დასავლეთისგან ელოდა, ხან – აღმოსავლეთისგან და ხან – ჩრდილოეთისგან. სხვადასხვა ქვეყნისგან დაფინანსებული ლიდერები მოსახლეობას ცხვრის ფარასავით მიერეკებოდნენ საარჩევნო ყუთებთან და… მივიღეთ არშემდგარი სახელმწიფო, გაღატაკებული ეკონომიკა. 25 წელია, დასავლეთისკენ მივილტვით, მაგრამ არც ერთი წონადი ინვესტიცია მისგან არ მიგვიღია, თუ არ ჩავთვლით ,,ეი-ეს თელასის» მომსახურებას თბილისში, რაც კრახით დასრულდა და საბოლოოდ, რუსებს მიჰყიდეს. ასეთ პირობებში იძულებულნი ვხდებით, ინვესტორი ახლომახლო ვეძებოთ, ეჭვის თვალით ვუყურებთ ჩინელებს, თურქებზე ვამბობთ, რომ აჭარაში ექპანსიას ახორციელებენ. ,,გაზპრომის» შემთხვევაში საზოგადოებისთვის ნათელი უნდა გახდეს, რა რაოდენობითა და მოცულობით გვექნება რუსული გაზი და იქნება თუ არა საქართველოზე პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი. რაც შეეხება გაზის მაგისტრალებს, აქაც სახელმწიფო უშიშროების და უსაფრთხოების სტრუქტურები უნდა იყვნენ ფხიზლად. მიმაჩნია, რომ თუკი იაფ და კალორიულ გაზს სხვადასხვა წყაროდან, თუნდაც რუსეთისაგან მივიღებთ, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გაკეთდება.

ისე, ბატონო ვაჟა, «ოცნების» დაპირებული «მეოთხე და საუკეთესო წელი» დაიწყო…

– 9 უმძიმესი წლის მერე, არსებითი გაუმჯობესება მოსალოდნელი არ იყო. პირადად მე, არასოდეს მჯეროდა წინასაარჩევნო რიტორიკის. ზვიად გამსახურდიას არ დასცალდა დანაპირების შესრულება, შევარდნაძემ შეძლო ის, რაც შეძლო, სააკაშვილმა უმძიმეს სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში დატოვა ქვეყანა და მის მერე მოსული ხელისუფლება მცირე დროში რას გააკეთებდა, როცა ქვეყანაში არ არის ეროვნული თანხმობა, პრაქტიკულად, საომარი მდგომარეობაა, მაგრამ ,,ქართულ ოცნებას», რა თქმა უნდა, მეტი ეკონომიკური წინსვლა და ისიც მართებდა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, მეტი შედეგები ჰქონოდა.

დაპირებულ გაზრდილ პენსიაზე რას იტყვით?

– რეალურად, დაპირებული პენსია 100 დოლარი უნდა ყოფილიყო, რაც პენსიონერებისთვის კარგი იქნებოდა, მაგრამ მაშინ ვერ დაფინანსდებოდა საყოველთაო ჯანდაცვა, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ,,ქართულ ოცნებას» პიარტექნოლოგიებში უამრავი ხალხი ჰყავს დასაქმებული, მაგრამ მის მიერ გაშუქებული თემები იმდენად უსუსურია, რომ საცოდაობით დაიწვები.

– ,,ენ-დი-აი»-ბოლო კვლევებიც ,,ოცნების» რეიტინგის დაცემაზე მიანიშნებს…

– ჩვენ მიკარგული ბანტუსტანი კი არა, საკმაოდ გათვითცნობიერებული და განათლებული ერი ვართ. ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა საზოგადოებრივ აზრს კი არა, მონიტორინგს გამოხატავს, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენაა მიმართული. ,,ენ-დი-აი» აშშ-ის ადმინისტრაციის იმ ადამიანთა ინტერესს გამოხატავს, ვინც მხარს ,,ნაციონალებს» უჭერენ. მათი აზრით, პირველი ადგილი ,,ნაციონალებისაა», მეორე – ,,ქართული ოცნების», დანარჩენი კი, მათ მიერ ,,პრორუსულად» შეფასებული პარტიებია.

ბატონო ვაჟა, ,,ოცნების» მიერ დაპირებული 100 ქარხანა არსებობს?

– ,,ოცნება» ფიქრობს, რომ 100 საწარმო უკვე ფუნქციონირებს, ვისაც სჯერა, რომ ეს 100 საწარმო დაფუძნდა, ხმა ,,ოცნებას» მისცეს, ვისაც არ სჯერა – სხვას.

– …,,რუსთავი 2»-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები ბევრს ხელისუფლების დასასრულად მიაჩნია. თქვენც ასეფიქრობთ?

– ,,რუსთავი 2» ვიწრო პარტიული ინტერესების გამომხატველი ტელევიზიაა, მაგრამ აქვს უფლება, ასეთი იყოს და ისეთი საინფორმაციო პროგრამები აკეთოს, როგორსაც აკეთებს. აქ სასამართლომ უნდა იმარჯვოს და სამართლიანი განაჩენი დააყენოს. შესაძლოა, ხალვაშს და ხელისუფლებას საერთო ზრახვები აქვთ, მაგრამ ამის გამო, დესტაბილიზაციის მიზნით, ქუჩაში ხალხის გამოყვანა არც ,,რუსთავი 2“-ის მესვეურებს ეკადრებათ და არც – ,,ნაციონალებს», რომელთაც ექსტრიმი უყვართ და არჩევნებსაც ამით იგებენ.

მართალია, დღევანდელი სასამართლო სააკაშვილის რეფორმირებულ მართლმსაჯულებას არ ჰგავს, რომელიც პროკურატურის მიერ იმართებოდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ხელისუფლება მის მუშაობაში რაღაც დოზით ისევ ერევა და ზემოქმედების ბერკეტებსაც ფლობს, თუმცა ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან მიმაჩნდა, ქართულ მართლმსაჯულებას ის კვალიფიკაცია არ ჰქონდა, რომ რეზონანსული საქმეების გამოძიება შესძლებოდა. ქიშმირის პალტოებზე დავას ჯობდა, საქმე სართოდ არ დაწყებულიყო. დასავლეთი კი, ასე ადვილად არ დასთმობს სააკაშვილს, რომლის გამოზრდაშიც უამრავი ფული დახარჯა.

ივანიშვილი დასავლეთისთვის მიუღებელია?

– არ ვიტყვი, რომ მიუღებელია. ივანიშვილი მენტალობით ევროპელია, ეროვნებით – ქართველი და მილიარდერი. ამით ყველაფერი ნათქვამია. არ მგონია, ამდენ ფულს იმისთვის ხარჯავდეს, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე დააბრუნოს.

დასავლეთის ლიდერები ,,ნაცმოძრაობის» ხელისუფლებაში მოყვანას შეეცდებიან?

– არ მგონია, დასავლეთი ასეთი გულუბრყვილო იყოს. მან კარგად იცის, რომ ,,ნაციონალებს» ქართველი ხალხი ხელისუფლებაში ვეღარ აიტანს. ჩვენ თავად უნდა მივხედოთ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს და გემოვნებას. უნდა დასრულდეს გაუთავებელი პროცესი – ხალხის მტრებად და მოყვრებად დახარისხება. ხანდახან მიმაჩნია, რომ პრორუსულობა სარფიანი საქმე და გრანტების მიღების წყაროა. იმასაც ვიტყვი, რომ ბევრმა პროდასავლური ლოზუნგით მოსულმა პარტიამ უფრო რუსული საქმე გააკეთა, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის პერიოდში…

ნათია გოგიტიძე
გაზეთი ,,ქართული სიტყვა”