საზოგადოება

პრეზიდენტის შეწყალება მისივე ბრძანებულების დარღვევით და ე.წ. “თეთრსაყელოიანთა დანაშაულის” სასარგებლოდ მიიღო

 

შეწყალებულები სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილი შეშის იყვნენ მითვისებაში იყვნენ ბრალდებულნი

 

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, მსჯავრდებულთა შეწყალების პოლიტიკის განხორციელების დროს, სამართლიანი გადაწყვეტილებებით იმოქმედოს და პატივის სცეს საჯარო ინტერესს, როდესაც წარსულში, სისტემური დანაშაულში მსჯავრდებული საჯარო თანამდებობის პირების სასჯელისგან გათავისუფლება ყოველგვარი საზოგადოებრივი დამოკიდებულებების გათვალისწინების გარეშე ხდება.

“ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდნეტის მხრიდან 2015 წლის 23 ივლისის შეწყალების აქტი, ცალკეული მსჯავრდებულების მიმართ, პოლიტიკური მოსაზრებებით განხორციელდა. ორგანიზაცია პრეზიდენტს მიმართავს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, თუ რა დამსახურებებისა თუ მონანიების გამო მოხდა ხონის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელის ზურაბ ჯიბუხაიას, გამგებლის ყოფილი მოადგილის ბესარიონ ჭელიძისა და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრის, ლევან ბობოხიძის გათავისუფლება. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა თავად დაარღვია მის მიერვე მიღებული ბრძანებულება, რომელიც შეწყალების გამოყენების წესს არეგულირებს. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილის 2014 წლის 27 მარტის #120 ბრძანებულების შესაბამისად, დადგინდა, რომ შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია არაუმეტეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთით და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ერთი მესამედი. პრეზიდენტმა შეიწყალა ლევან ბობოხიძე, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 3 წელი და 6 თვე და მოხდილი ჰქონდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით. ამასთან, პრეზიდენტმა უგულვებელყო შეწყალების სტანდარტი, როდესაც შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის საქმის განხილვაც არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში. ლევან ბობოხიძის საქმე 2015 წლის 19 მაისს გასაჩივრდა საკასაციო წესით. ამჟამად, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ორგანიზაციის შეფასებით, პრეზიდენტმა აღნიშნული პირების მიმართ, პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება მიიღო და მაღალი ალბათობით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინტერესები დააკმაყოფილა. ზურაბ ჯიბუხაია, ბესარიონ ჭელიძე და ლევან ბობოხიძე ადგილობრივ მუნიციპალიტეტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კვოტით საქმიანობდნენ, რომელთაც ბრალი, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით წარედგინათ. როგორც ცნობილია, ლევან ბობოხიძე საქართველოს პარლამენტის წევრ აკაკი ბობოხიძის ძმაა. არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტთან სწორედ აკაკი ბობოხიძის ურთიერთობებმა გადაწყვიტა ოჯახის წევრის და პარტიული ხელმძღვანელების შეწყალების საკითხიც.

ორგანიზაციის შეფასებით, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა იმ მსჯავრდებულთა გათავისუფლებას, რომლებმაც განსაკუთრებული ზარალი მიაყენეს სახელმწიფო ბიუჯეტს. როგორც სასამართლო გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, 2010 წელს, ლევან ბობოხიძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მისმა მოადგილემ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამასალე საშეშე მერქანი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის დადგენილების მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უნდა გადაეცათ, უსასყიდლოდ გადასცეს ფიზიკურ პირს. შედეგად დადგინდა, რომ გაიფლანგა 28 884.45 ლარის ღირებულების 213,662 მ3 სამასალე და საშეშე მერქანი. პრეზიდენტის მიერ შეწყალებული სამოხელეო დანაშაულის ჩამდენი პირები, პასუხისგებაში 2014 წელს მიეცნენ. ორგანიზაციის შეფასებით, პრეზიდენტმა შეწყალების მარეგულირებელი ნორმების იმ მუხლიც დაარღვია, როდესაც დადგენილია, რომ შეწყალების გამოყენების დროს, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები: აღიარებს თუ არა და ინანიებს თუ არა მსჯავრდებული ჩადენილ დანაშაულს. ლევან ბობოხიძემ არათუ მოინანია, არამედ არც კი უღიარებია ჩადენილი დანაშაული და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურებული არ არის მიყენებული ზარალიც.

 

ორგანიზაცია მიესალმება პრეზიდნეტის მხრიდან შეწყალების ინსტიტუტის გამოყენებას, მაგრამ იმავდროულად მიუღებლად მიიჩნევს, პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გამო, მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა გათავისუფლებას. ამ მიმართულებით, დაუშვებელია არსებობდეს შერჩევითი მართლმსაჯულების დამკვიდრების სტანდარტი, იგნორირებული იქნეს, მათ შორის ადგილობრივი საზოგადოების ინტერესები, ასეთი მაგალითებით ხელს ვუწყობდეთ სამართლიანობის აღდგენის პროცესს. მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა შეწყალების მაღალი უფლებამოსილება არ გამოიყენოს, მათ შორის პოლიტიკური ძალთა წონასწორობისთვის, რადგანაც შეწყალება სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან ჰუმანური აქტია და პოლიტიკურ მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანა, შეწყალების ინსტიტუტის დისკრედიტაციას უწყობს ხელს. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი არ იწყალებს მსჯავრდებულ თეა სირაძეს, რომელიც 4 შვილის დედააა და სასჯელს 5 უცხოენოვანი მამაკაცის ცემის გამო იხდის (მამაკაცები ქალბატონის იძულებას ცდილობდნენ), გაუგებარია, რატომ ხდება ე.წ. “თეთრსაყელოიანთა დანაშაულის” მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება.

“ახალგაზრდა ადვოკატები” მიმართავს პრეზიდენტს, გადახედოს შეწყალების პოლიტიკას და საქმეები, რომელსაც კომისია განიხილავს, მომავალში არ გახდეს საზოგადოებრივი წინააღმდეგობის საკითხი.