17/05/2024
Latest:
საზოგადოება

დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად რეცეპტული სისტემის შემოღებიდან ერთი წელი შეაჯამა

შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ რეცეპტული სისტემის შემოღებამ სააფთიაქო ნარკომანია 95%-ით შეამცირა და მიუხედავად ხარვეზებისა, რეფორმა წარმატებულად შეაფასა. მისივე თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის  შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია.

„ჩვენ სრული მოცვა არა გვაქვს, რომ ყველა აფთიაქში ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა ვაკონტროლოთ.  თუ შევხედავთ, სამასზე მეტი შემთხვევა იყო, როდესაც ან ჯარიმა, ზოგ შემთხვევაში კი ლიცენზიის გაუქმებაც კი დაგვჭირდა. მთავარია, რომ თუ ეს იყო სისტემური პრობლემა, გახდა ეპიზოდური და იმედი გვაქვს, რომ მსგავს შემთხვევებს მინიმუმამდე ჩამოვიყვანთ“, – განაცხადა სერგეენკომ.

წამლის ეროვნული სააგენტოს ყოფილ უფროსის – თინა ტურძილაძის აზრით,სისტემა უნდა  შევაფასოთ იქედან გამომდინარე, მივიღეთ თუ არა შედეგი. „იმის მიხედვით, თუ სად დანიშნავს ექიმი წამალს, ეს იქნება სადარბაზო, კლინიკა, ექსპრეს-კლინიკა, თუ აფთიაქის მომიჯნავე ოთახი, ირაციონალური შეიძლება იყოს ყველა შემთხვევა, თუ სწორი დიაგნოზის და შეფასების საფუძველზე არ გაკეთდა დანიშნულება“, – განაცხადა  ტურძილაძემ.

მინისტრს მთავარ პრობლემად დღეს ის მიაჩნია,  რომ მაღალი რჩება მედიკამენტების წილი მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯებში. „ჩვენ ეს უნდა შევამციროთ ლეგალური და გამჭვირვალე გზებითა და საშუალებებით და არა მექანიკური შეზღუდვებით“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.