07/05/2024
Latest:
ეკონომიკა

,,სოფლის ახალი სიცოცხლე” – პროექტები რომლებმაც სოფლის მეურნეობის რეალურ განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი

4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში დახარჯული ფინანსების შედეგები – აშენდა 148 საწარმო, დაზღვეულ იქნა 190,6 მილიონის ღირებულების მოსავალი, გაშენდა 1,438 ჰექტარი თანამედროვე ტიპის ბაღები

ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობა მუდმივად განსჯის საგანია. იგი ხან მოიაზრებოდა როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უმთავრესი ფაქტორი, ხანაც თვლიდნენ, რომ საქართველო იმდენად პატარაა ქვეყანაა, რომ ამ სექტორის განვითარებას არანაირი აზრი არ აქვს. დამოკიდებულებებიც მუდმივად იცვლებოდა ხელისუფლების ცვლილებასთან ერთადაც. ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც სოფლის მეურნეობის მიმართ მიდგომა სხვადასხვაგვარი იყო. ერთი პერიოდი თითქოს სექტორი მნიშვნელოვნად ჩაითვალა, თუმცა მათი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში სოფლის მეურნეობას არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. ხელისუფლება შეიცვალა და შესაბამისად რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულებაც. ,,ქართულმა ოცნებამ” თავიდანვე განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სოფლის მეურნეობის განვითარება და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება იქნებოდა.

გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო დაფინანსება 0.4%-დან 3.17%-მდე. შემუშავდა დარგის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლები, რომელშიც განსაზღვრა უახლოესი წლების მიზნები და ამოცანები: ფერმერებისთვის ფინანსური ხელშეწყობა, ცოდნის ამაღლება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრების მოძიება. აღსანიშნავია, რომ პირველად ბოლო 25 წლის განმავლობაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დარგის განვითარება.
სოფლის მეურნეობის დარგში დაიწყო სხვადასხვა პროექტი, რომლებმაც ხელისუფლების განცხადებით მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს სექტორის განვითარებაში და სოფლის მეურნეობაც უნდა გახდეს ეკონომიკის განვითარებისა და ზრდით ერთ-ერთი ლოკომოტივი.
ეს არის ის მოლოდინი, რაც აქვს ხელისუფლებას, თუმცა, რამდენად გაამართლებს სოფლის მეურნეობაში ჩადებული თანხები მოლოდინს ამას უკვე დრო აჩვენებს. სოფლის მეურნეობა არის ის სექტორი, რომელში ჩადებულ თანხებსაც უკუგება გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მოაქვს, ვიდრე მოკლევადიანში.

თუმცა, გარკვეული წინსვლა ამ ეტაპზეც ჩანს, ეროვნული ბანკის მონაცემებით 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფლის მეურნეობის სექტორის დაკრედიტება კომერციული ბანკების მხრიდან, 2015 წელს გაცემული სესხების მოცულობა სოფლის მეურნეობის სექტორში შეადგენდა 298 მლნ ლარს, რაც ხუთჯერ აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ეფექტიანობის კუთხით გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო 2012 წელს არსებული 128-ე ადგილიდან 72-ე ადგილზე დაწინაურდა. 2012 წელთან შედარებით 2015 წელს 25%-ით იყო გაზრდილი აგრობიზნესის მთლიანი გამოშვება და შექმნილი დამატებული ღირებულება; 760 მილიონი დოლარიდან 493 მილიონ დოლარამდე შემცირდა უარყოფითი სავაჭრო სალდო აგროსასურსათო პროდუქციის მიმართულებით, გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში.

ესაა ციფრები, რომელიც ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, ვინაიდან სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანხებიც საკმაოდ ბევრი იხარჯება, მოლოდინი კიდევ უფრო მეტია. ამიტომ, მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ სოფლის მეურნეობაში დაწყებული ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მთავრობის ძალისხმევით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საფინანსო ინსტიტუტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ხორციელდება. თუმცა ეს არსებული პროექტების მცირე ნაწილია და დანარჩენის შესახებაც ინფორმაციას ,,ბანკები და ფინანსების” მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შეიქმნა 148 ახალი საწარმო, ხოლო ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 110 მილიონი დოლარი
ცნობილი ფაქტია, რომ საბანკო სექტორი ყველაზე ნაკლებად ინტერესდებოდა სოფლის მეურნეობის სექტორით და საკმაოდ მცირე თანხებს აბანდებდა იქ. ასევე, მუდმივად იყო საუბარი იმის შესახებ, რომ რეგიონებში ჭირდა საბანკო სესხის მიღება. სოფლის მეურნეონეობის მიმართულებით მოსახლეობას ძირითადად უწევდა მიკროსაფინანსოების მაღალპროცენტიანი სესხებით სარგებლობა. სწორედ ამ ფაქტორებით ახსნა ,,ქართულმა ოცნებამ” შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის დაწყება და მისი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში კრედიტების გაცემა ხორციელდება უშუალოდ ბანკების მიერ და სახელმწიფო სტრუქტურები პროცესში არ ერევიან. ხოლო, ბანკების თანხმობის შემთხვევაში, სახელმწიფო ხდება კრედიტის თანამონაწილე.

როგორც არსებული ინფორმაციიდან ჩანს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 2013-2016 წლებში დაფინანსდა და შეიქმნა 148 ახალი საწარმო, ხოლო ჯამური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა დაახლოებით 110 მილიონი დოლარი. მათ შორის, გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით 12 საწარმო, ხოლო პროექტ ,,აწარმოე საქართველოში”-ის ფარგლებში 5 საწარმო.

ამავდროულად, პროექტის ფარგლებში, გაფართოვდა და გადაიარაღდა 700 საწარმო.
შესაბამისად, ამ საწარმოების გახსნამ სხვადასხვა მიმართულებით, დამატებით შექმნა 10 000 სამუშაო ადგილი.

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში არსებული ინფორმაციით, სულ გაცემულია 26,300 სესხი. 24,426 ლარის სესხი თანხით 693,960,821 ლარი და 1,874 დოლარის სესხი თანხით 202,557,257 აშშ დოლარი.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ იქნა 190,6 მილიონი ლარის ღირებულების მოსავალი და 23, 346 ჰექტარი მიწის ფართობი
სადაზღვევო სექტორი, რომ საკმაოდ გასავითარებელია ქვეყანაში ამაზე არავინ დაობს. საზოგადოებაში დაზღვევის კულტურის ამაღლება და მათთვის დაზღვევის მნიშვნელობის განსაზღვრა ჯერ კიდევ პრობლემური საკითხია. განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საკმაოდ რთულია გლეხისთვის ახსნა, რომ დაზღვევისთვის დამატებითი თანხის გადახდა, ასევე კომპანიებიც მუდმივად თავს არიდებდნენ აგრო დაზღვევის კომპონენტს.
2014 წელს ,,ქართულმა ოცნებამ~ დაიწყო აგროდაზღვევის პროგრამა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სფეროში დასაქმებული პირების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, შემოსავლის შენარჩუნება და რისკების შემცირება. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სადაზღვევო პრემიის მნიშვნელოვან ნაწილის დაფინანსებას საკუთარ თავზე იღებს.
2016 წლის მაისის მდგომარეობით აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ჯამში გაიცემულია 27,847 პოლისი, დაზღვეულია 190,6 მილიონი ლარის ღირებულების მოსავალი და დაზღვეული ჯამური ფართობი შეადგენს 23,346 ჰექტარს. ხოლო მიმდინარე წელს გაიცემულია 7,036 პოლისი, დაზღვეულ იქნა 77,076,993 ლარის ღირებულების მოსავალი და 8,766 ჰა მიწის ფართობი.

34 მილიონი ლარი მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტში
აღნიშნული პროექტი, ,,ქართული ოცნების”  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გადადგმული ერთ–ერთი პირველი ნაბიჯი იყო. პროგრამის მიზანია სოფლად მცხოვრები ფერმერებისა და გლეხებისათვის, ხვნა–თესვის პროცესში დახმარება და მათი სხვადსხვა საჭირო სასოფლო სამეურნეო ინვენტარით უზრუნველყოფა. პროექტის დაწყების პირველ წელს, სახელმწიფოს მხრიდან გამოიყო ყველაზე დიდი თანხა, დაახლოებით 190 მილიონი ლარი. თუმცა, მომდევნო წლებში ეს ციფრი შემცირდა და 2014 წელს 70 მილიონი, 2015 წელს 46 მილიონი, ხოლო 2016 წელს გამოყოფილია 34 მილიონი ლარი. პროგრამის ფარგლებში, ფერმერებსა და გლეხებს საშუალება ჰქონდათ სახელმწიფოსსგან უსასყიდლოდ მიეღოთ სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და წარმოების საშუალებები. შესაბამისად მათ უსასყიდლოდ დაურიგდათ 250 მლნ ლარამდე ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და მცენარეთა მოვლის საშუალებები:
– სასუქი 127 565 083 ლარი
– შხამქიმიკატები 56 302 876 ლარი
– სათესლე მასალა 10 393 653 ლარი
– სასოფლო ინვენტარი 53 704 193 ლარი
– ვეტ. პრეპარატები 232 486 ლარი
ფაქტია, რომ ამ პროგრამამ გარკვეული დადებითი შედეგები მოიტანა და მნიშვნელოვნად გაიზარდა დამუშავებული მიწის რაოდენობა. ჯამში, პროგრამის ფარგლებში 2013-2016 წლებში გლეხებმა 349 მლნ ლარის დახმარება მიიღეს. ყოველწლიურად მუშავდებოდა დაახლოებით 200 ათასი ჰექტარი მიწა და დახმარება მიიღო 800 000-მდე გლეხმა.

პროექტ ,,დანერგე მომავალის” ფარგლებში გაშენდა 1,438 ჰექტარი სხვადასხვა კულტურის თანამედროვე ტიპის ბაღები
მიწების ეფექტიანი გამოყენება მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, ეს არის პროექტის გაცხადებული მიზანი, პროექტისა რომლის შედეგადაც, უნდა განხორციელდეს იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება და გაიზრდება საექსპორტო პოტენციალი.
პროექტი დაიწყო 2015 წლის მარტში და მის ფარგლებში ფინანსდება ნერგების ღირებულების 70% და სარწყავი სისტემის ღირებულების 50%.
არსებული მონაცემებით, ჯამში დამტკიცდა 241 განაცხადი, სადაც თანადაფინანსება ნერგებსა და სარწყავ სისტემებზე შეადგენს 7,5 მილიონ ლარს, ხოლო პროქტების ჯამური ინვესტიცია შეადგენს 13, 847,912 ლარს. გაშენდა/გაშენების პროცესშია 1,438 ჰექტარი ახალი მრავალწლოვანი სხვადასხვა კულტურის ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური თანამედროვე ტიპის ბაღები.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა
2015 წელს შემუშავდა პროგრამა ,,ქართული ჩაი” (ხოლო განხორციელება 2016 წელს დაიწყო). პროგრამის ფარგლებში იგეგმება კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება. როგორც პროექტშია ნათქვამი, ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების თანადაფინანსება მოხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 60%-ის ოდენობით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების შემთხვევაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 80%-ის ოდენობით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება – იჯარის უფლებით მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულების 70%-ის, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში 90%-ის ოდენობით. პროგრამით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარები, მოწყობილობები და ინვენტარი.

2016 წლის ივნისის მდგომარეობით აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამტკიცებულია 7 განაცხადი. ჯამური ფართობი შეადგენს 147.9 ჰექტარს. პროექტების ჯამური ღირებულება – 348,905 ლარს, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს 255,485 ლარს.

გიორგი კაპანაძე