04/05/2024
Latest:
საზოგადოება

“დელტა” ახალ საბრძოლო მანქანას უშვებს

სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურმა ცენტრმა “დელტამ” ახალ საბრძოლო მანქანაზე მუშაობა დაასრულა. საბრძოლო მანქანის ოფიციალური პრეზენტაცია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართება, სადაც ”დელტას” სხვა პროდუქციასთან ერთად, ახალი საბრძოლო მანქანაც გამოიფინება.

სამხედრო სამეცნიერო ცენტრში ჯერჯერობით, არ აკონკრეტებენ, რა ტიპის საბრძოლო მანქანა გამოუშვეს, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ის მსოფლიო თანამედროვე სტანდარტებზეა მორგებული და დაინტერესების შემთხვევაში მის გამოყენებას ყველა ქვეყანა შეძლებს.

”ეს მანქანა ჯერჯერობით, არავისთვის შეგვითავაზებია, რადგან ოფიციალურ პრეზენტაციამდე სრულად გასაიდუმლოებულია. თუმცა აღსანიშნავია, რომ საკმაოდ თანამედროვე ტიპის საბრძოლო მანქანაა, ისეთი, რომელიც მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანას ჰყავს”, – განუცხადა ”ფორტუნას” ”დელტას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს სპეციალისტმა გიგა ინაშვილმა.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ”დელტა” 100-ზე მეტ სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმქანას საუდის არაბეთს მიაწვდის. საქართველოს სამხედრო ტექნიკურმა ცენტრმა საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც თანამედროვე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმქანების შესყიდვას ითვალისწინებდა.

სსსტც ”დელტა” 2010 წელს ჩამოყალიბდა. ცენტრს ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა დაექვემდებარა.

”დელტა” ჯავშანტექნიკას, ინდივიდუალურ შეიარაღებას, საბრძოლო მასალებს, საპოლიციო აღჭურვილობას და სხვა პროდუქციას აწარმობს. მათ შორისაა: სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი ”დიდგორი”, საბრძოლო მანქანა ”ლაზიკა”, სპეციალიზებული კავშირგაბმულობის მანქანა, ნაღმმტყორცნები, მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, უპილოტო საფრენი აპარატი, მექანიკური ბალისტიკური კალკულატორები, სნაიპერული შაშხანები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, სნაიპერული ვაზნები, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა.

http://fortuna.ge/

[wpolling id=”12″ width=”” height=””]