08/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ქუმსიშვილი: ახალი სტრატეგიით, საქართველოს ვიზიტორთა რაოდენობა 11 მილიონი იქნება

ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა საგამოფენო ცენტრში “ექსპო ჯორჯია” ოფიციალურად გახსნა.

გამოფენაში წელს 68 ქვეყანა და ორგანიზაცია მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს გარდა, წარმოადგენენ ესტონეთს, ლატვიას, ბელარუსს, თურქეთს, ინდონეზიას, ყაზახეთს, ტაილანდსა და უკრაინას.

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის განვითარება საქართველოს ერთერთი მთავარი პრიორიტეტია.

“ჩვენ შევიმუშავეთ ტურიზმის განვითარების სტრატეგია, რომლის თანახმადაც დღეს არსებული 5,9 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის რაოდენობა 11 მილიონამდე უნდა გაიზარდოს. ყოველი ასეთი გამოფენა ამ მიზნის მიღწევას ხელს უწყობს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 16 აპრილამდე გასტანს. მისი მხარდამჭერები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, დაცული ტერიტორიების სააგენტო და National Tourism Awards.

გამოფენა წარმოადგენს მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებებს, ასევე მრავალ სხვა ამ სფეროსთან დაკავშირებულ პროდუქტს. წლევანდელი გამოფენა თბილისში მე-18-ჯერ იმართება.

წყარო: Ipress