ეკონომიკა

ქუმსიშვილი: “ინოვაციური მიდგომები ქმნის დამატებით ღირებულებას ჩვენს ქვეყანაში”

ინოვაციური მიდგომები ქმნის დამატებით ღირებულებას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „ბილტმორში” განაცხადა, სადაც ფორუმი სახელწოდებით – “არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში” მიმდინარეობს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან hp და “კოლორპაკი”. გენერალური მედია მხარდამჭერები “პალიტრა მედია” და “მარკეტერი”.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მარკეტინგის სფეროში ინოვაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

”ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ ინოვაციური მიდგომები ქმნის დამატებით ღირებულებას ჩვენს ქვეყანაში. მარკეტინგი არის სწორედაც ის მიმართულება, რომელიც ამოძრავებს ბაზარს და ადამიანებს ანდომებს, ფული დახარჯონ სწორედ იმ პროდუქტში, რომელიც სჭირდებათ. მე მინდა წარმატება ვუსურვო დღევანდელ ფორუმს, ძალიან საინტერესო სპიკერები ჰყავთ ჩამოყვანილი ისრაელიდან, ასევე საფრანგეთიდან, ძალიან საინტერესო გამოცდილების გაზიარება მოხდება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ღონისძიების ბოლოს ჩვენი მარკეტერები, ის ადამიანები, ვინც მარკეტინგის სფეროში საქმიანობენ, გაცილებით მეტ ცოდნას შეიძენენ“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სტამბა „კოლორპაკი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია. ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით კომპანიამ შესაფუთი და სარეკლამო მასალების წარმოება დაიწყო და ამ სფეროში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. პროგრამის ფარგლებში სტამბის შესაქმნელად აღებული სესხის პროცენტი „კოლორპაკს“ მეწარმეობის განვითარების სააგენტომ დაუფინანსა.