06/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“ქვეყანას აუცილებლად სჭირდება უფრო მყარი საფინანსო ინსტიტუტები”

სამომავლო პრიორიტეტი უდავოდ სოფლის მეურნეობა იქნება

ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი, საპარტნიორო ფონდია, რომელიც, დაახლოებით, 4 წლის შქმნილია. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ეკონომიკაში ინვესტიციების სტიმულირებაა. ამ ეტაპზე საპარტნიორო ფონდს რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი აქვს წამოწყებული ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებით. რამდენიმე კვირის წინ საპარტნიორო ფონდში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა, ფონდის ხელმძღვანელის პოსტი ირაკლი კოვზანაძისგან დავით საგანელიძემ გადაიბარა. ფონდის მიმდინარე პროექტებსა და სხვა საინტერესო, სამომავლო გეგმებზე ფონდის ახალი დირექტორი, დავით საგანელიძე საუბრობს.

საპარტნიორო ფონდის მიმდინარე პროექტებიდან ერთერთი მნიშვნელოვანი პროექტი სვანეთში მიმდინარე `ნენსკრა ჰესის~ მშენებლობაა, რა დონეზეა აღნიშნული პროექტი და როდისთვის იგეგმება ნენსკრას გამომუშავებული ენერგიის ქსელში გაშვება?

– ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, დიდი რაოდენობით ენერგიას ზამთარში გამოიმუშავებს, რაც იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლების საშუალებას მოგვცემს, სწორედ ეს ფაქტორი არის აღნიშნული ჰესის უმნიშვნელოვანესი უპირატესობა. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ 35 წლის შემდეგ ელექტროსადგური სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცემა. რაც შეეხება გამომუშავებული ენერგიის ქსელში გაშვებას, გეტყვით, რომ გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგიას ენერგეტიკული ქსელი 2019 წლის ბოლოსთვის მიიღებს, ხოლო პროექტის დასრულება 2021 წლისთვის არის დაგეგმილი. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ასეთი ტიპის პროექტებში სახელმწიფოს ჩართულობა ინვესტორებისთვის გარკვეული სახის გარანტიაა და ფონდიც სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

აქვე აუცილებლად გკითხავთ თვითმფრინავების ნაწილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტია, საინტერესოა როდისთვის იქნება შესაძლებელი თვითმფრინავების დეტალების გაყიდვა?

– სამოქალაქო თვითმფრინავებსა და მათ ნაწილებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება და 2030 წლისთვის ამ ბაზრის გაორმაგებას ვარაუდობენ. ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ შეისწავლა ბაზარი, სადაც ჩანს, რომ საქართველოში გაცილებით იაფია მუშა ხელი, ასევე საგადასახადო რეჟიმი არის ლიბერალური და სწორედ ამ და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, მათ გადაწყვიტეს ჩვენთან ერთად ააშენონ მაღალტექნოლოგიური საამქმრო, რომელიც დაამზადებს ნაწილებს მაგალითად ბოინგისთვის, ალენიისთვის, პეგასუსისთვის და აშ. ხაზგასასმელია, რომ კომპანია გარანტირებულ გაყიდვებს თავის თავზე იღებს, ანუ მას უკვე აქვს შეკვეთები. რაც შეეხება ნაწილების გაყიდვას, გეტყვით, რომ უშუალოდ ქარხნის მშენებლობა, გაზაფხულზე დაიწყება ხოლო დეტალების გაყიდვა 2017 წლისთვის არის დაგეგმილი.

– როგორც მედიით გახდა ცნობილი ფონდმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან ერთად, რაჭის ტურისტული პოტენციალის გამოკვლევა დაიწყო. აპირებთ თუ არა სხვა რეგიონების პოტენციალის შესწავლას და რა კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება ტურისტული პოტენციალის შესწავლის შემდეგ?

– ამ თემასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ბიზნესჯგუფთან მქონდა შეხვედრა, რომელიც სამცხე ჯავახეთში, კერძოდ აბასთუმანში აკეთებს დიდ ტურისტულ კომპლექსს. ეს პროექტი დაახლოებით 25 მილიონი დოლარი ჯდება. თბილისში ისედაც საკმარისი სასტუმროებია და ასე თუ ისე ინფრასტრუქტურა გამართულია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მაქსიმალური ყურადღება რეგიონებს უნდა დავუთმოთ. ამ ეტაპზე რაჭაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, ისეთ ზონებზე, როგორებიცაა: შაორი, უწერა, შოვი და ა.შ. მეც ბევრი მაქვს ამ პროექტზე ნაფიქრი და ნამუშევარი როდესაც პარლამენტის წევრი ვიყავი. ასევე ქუთაისში დაწყებული სასტუმროს მშენებლობა, კახეთში ლოპოტას განვითარების პროექტი, ასე რომ საპარტნიორო ფონდისთვის ტურიზმი მნიშვნელოვანი დარგია. ჩვენ აქტივში გვაქვს პროექტები, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია და დამთავრებისთვის გარკვეული სამუშაოები არის ჩასატარებელი გარდა ამისა ვმუშაობთ, რომ ჩვენ თვითონ შევქმნათ პროდუქტი და კლიენტებს შევთავაზოთ.

როგორც თქვენ მედიასაშუალებებში განაცხადეთ, იგეგმება საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო ბანკად გარდაქმნა კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რას მოიცავს თქვენი ინიციატივა და რა ფინანსურ-ეკონომიკური შედეგების მომტანი იქნება ასეთი ტიპის ცვლილება?

უკვე დაახლოებით სამი წელია ამ საკითხზე ვკამათობთ. მიმაჩნდა, რომ საქართველოში ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი აუცილებლად უნდა შექმნილიყო და ერთ-ერთ ვარიანტად საქართველოს განვითარების ბანკი მესახებოდა. თავი რომ დავანებოთ სხვა ტიპის ბანკებს, მსოფლიოში 248 განვითარების ბანკი ფუნქციონირებს, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ყოფილ საბჭოთა კავშირში, ჩინეთში აზიის სხვადასხვა ქვეყანაში, ინდოეთში და ა.შ. საქართველოში კი არ გვაქვს და სკეპტიკოსების აზრით თურმე არც გვჭირდება. ვერავინ მეტყვის, რა გვაქვს ასეთი განსაკუთრებული მოდიფიცირება, რომ ამდენ ქვეყანას სჭირდება და ჩვენ არა.

ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, როდესაც შეჩერდა საქართველოს განვითარების ბანკის პროექტის შესახებ განხილვები, მაშინ პროექტზე საკუთარი რეკომენდაციები გერმანიის განვითარების საფინანსო ინსტიტუტს ვთხოვეთ. ამ საკითხებზე მათ კვლევა ჩაატარეს, რომელიც 2-3 თვის წინ დაიდო. ნაშრომი ასახავს საქართველოში ეკონომიკის განვითარების ეტაპებს, იმ პრობლემებს, რომელსაც ვაწყდებით და იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს წინაშეა. აღნიშნულ რეკომენდაციებში, პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის ასეთი ინსტიტუტის შექმნა არის აუცილებელი ინსტრუმენტი. კვლევაში, ასევე, ნათქვამია, რომ ეს შეიძლება იყოს კორპორაცია და არა სუფთა საბანკო სტრუქტურა. ამას რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, საპარტნიორო ფონდის პროექტები არ უნდა შეჩერდეს და დინამიურად უნდა მოხდეს მისი რეორგანიზაცია. ჩემი აზრით, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება უფრო მყარი საფინანსო ინსტიტუტები.

ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სამომავლო ხედვები ფონდის საქმიანობასთან და მის პრიორიტეტებთან დაკავშირებით, როგორც ვიცით ფონდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი ენერგეტიკა იყო, თუმცა როგორც თქვენ განაცხადეთ ამ მიმართულებით ინვესტიციების მოცულობების შემცირებას გეგმავთ. რომელი იქნება თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში პრიორიტეტული დარგები?

პრიორიტეტი უდავოდ სოფლის მეურნეობა იქნება, თუმცა კონკრეტულად რომელ მიმართულებას განვავითარებთ, ეს მარტო დავით საგანელიძის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. რაც შეეხება, ენერგეტიკას და ამ მიმართულებით ინვესტიციების მოცულობას პირადად ჩემი აზრით ენერგეტიკაში ჩვენ ფული არ უნდა ჩავდოთ. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანას განუვითარებელი დარგები და რეგიონები აქვს, ვიძახით, რომ ეს დარგები უნდა განვავითაროთ, რომ სოფლის მეურნეობას, მეთევზეობას, სხვა ტიპის წარმოებას უნდა ვუშველოთ და ამ დროს, ჩვენი რესურსის 70% ვთხლიშეთ ენერგეტიკაში, სადაც შემოსვლაზე ინვესტორებს ცხვირ-პირის მტვრევა აქვთ.

როდესაც ინვესტორები ჩამოდიან, პირველ რიგში მეკითხებიან, თუ რა პროექტების შეთავაზება შეგვიძლია ენერგეტიკაში, და გამოთქვამენ მზადყოფნას ნებისმიერი თანხა დააბანდონ ამ სექტორში. ენერგეტიკაში აწყობილია ინვესტირების სქემები და ბუნებრივია, შიგნით შესვლა ყველას უნდა. მე პირდაპირ ვამბობ, ჩვენ ენერგეტიკის სექტორს მხოლოდ მაშინ უნდა წავეხმაროთ, როცა სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტზეა საუბარი.

მარიამ კუკულაძე

[wpolling id=”10″ width=”” height=””]