22/05/2024
Latest:
ეკონომიკა

რუსეთ – თურქეთის კონფლიქტის გავლენა ქართულ ენერგოსექტორზე  

 

 

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა, თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის გამო, ჩიხშია შესული. აქა-იქ ყარსის 1921 წლის ოქტომბრის ხელშეკრულების გაუქმებაზეც ალაპარაკდნენ. რუსეთის პრეზიდენტი პუტინი პირადად თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის ოჯახს სირიელი და ერაყელი მეამბოხეებისგან კონტრაბანდული ნავთობის მიღებაში ადანაშაულებს…

ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაძაბულობა ჩვენი ენერგეტიკული სექტორის გეოეკონომიკურ პერსპექტივებზე აისახება. აღსანიშნავია, რომ თურქეთი ახორციელებს მოხმარებული ბუნებრივი აირის 98%–ის, ნავთობის 92%–ის და ქვანახშირის – 20%–ის იმპორტს. აქედან, რუსეთიდან ყიდულობს გაზის 60%–ს, ნავთობის 35%–ს და ქვანახშირის 30%–ს. ამ ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის 31% ბუნებრივი აირით გენერირდება. გაზისა და ელექტროენერგიის ნაწილს ეს ქვეყანა საქართველოდან იღებს.

ელექტროენერგეტიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის (BSTN) პროექტის ლოგიკური გაგრძელება მოიცავს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებას იმ მიზნით, რომ საბოლოო ჯამში, შეიქმნას რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი.

ამის შესახებ კალაძემ 2015 წლის დეკემბრის დასაწყისში ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის სესიაზე – “რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა ენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გზით”, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“საქართველომ ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის (BSTN) პროექტი განახორციელა, რომლის ოპერირებაც 2013 წელს დაიწყო. ამ პროექტით გაძლიერდა საქართველოს გადამცემი სისტემის კავშირი მეზობელი სახელმწიფოებისკენ, განსაკუთრებით თურქეთის მიმართულებით და უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის ექსპორტის, იმპორტის და სატრანზიტო ოპერაციების საიმედობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ენერგეტიკაში და მიზნად ისახავს საქართველოსა და თურქეთის ელექტროგადამცემ ქსელებს შორის 700 მგვტ სიმძლავრის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას.” ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ “შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის (BSTN) პროექტის ლოგიკური გაგრძელება მოიცავს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებას იმისათვის, რომ რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი შეიქმნას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის ტექნიკური საფუძველი რეალურად არსებობს, მაგრამ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემებმა ის შეიძლება შეაფერხოს.

კერძოდ, სომხეთის “მეცამორის” ატომური ელექტროსადგური იმაზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე ქვეყანას სჭირდება და ახორციელებს ელექტროენერგიის ირანში  ექსპორტს, რის სანაცვლოდაც იღებს გაზს (ეს ოპერაცია უფრო ბარტერული გაცვლაა, ვიდრე ექსპორტი).

“როსატომი”, რომელსაც ეკუთვნის “მეცამორის” აქციები, 2016 წელს აპირებს სადგურის ამჟამად მოქმედი 407.5 მვტ სიმძლავრის მეორე ენერგობლოკის ექსპლოატაციის ვადის 10 წლით გახანგრძლივებას.

“მეცამორი” ყოველწლიურად გამოიმუშავებს 2.5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც სომხეთის გენერაციის 35%–ია. საქართველო, რომლის ენერგობალანსში ჭარბობს ქვეყნის დასავლეთში მდებარე ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია, საჭიროებს მის დაბალანსებულ მიწოდებას აღმოსავლეთში მდებარე მომხმარებლებისთვის. ამ მიზნით შემუშავებულია საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარების სამეტაპიანი (2015–2025 წწ.) სტრატეგია. აზერბაიჯანის ელექტროენერგეტიკა ბოლო წლებში სულ უფრო მეტ გაზს იყენებს, რის გამოც ის გენერაციისა და მოხმარების მეტ-ნაკლებად დაბალანსებულ დარგს წარმოადგენს.

მაგრამ ამ ქვეყნების ორი დიდი მეზობლის – რუსეთისა და თურქეთის ელექტროენერგეტიკასთან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიღწევები ამ დარგში შედარებით მოკრძალებულია. თურქეთის ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. ის ძირითადად ეყრდნობა წიაღისეული საწვავით მომუშავე თბოელექტროსადგურების გენერაციას. თუმცა, დაგეგმილია სამი ატომური ელექტროსადგურის აგება. რუსეთის “როსატომს” უკვე დაწყებული აქვს “აკუიუს” ატომური ელექტროსადგურის  ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე – მერსინთან აშენება. ის 4 რუსული ВВЭР-1200  ენერგობლოკისგან უნდა ყოფილიყო აღჭურვილი. თუმცა, ბოლო დროს გართულებული ურთიერთობების გამო ეს პროექტი შეჩერებულია, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ მხარეს იქ უკვე სერიოზული ინვესტიციები აქვს განხორციელებული. ასევე, 2017 წელს იგეგმება იაპონურ-ფრანგული კონსორციუმის მეორე მასშტაბური ატომური პროექტის დაწყება და 2019 წელს ჩინური კონსორციუმის მიერ მესამე ატომური სადგურის მშენებლობა.

ამდენად, 2020 წლისთვის, როდესაც ეს ბირთვული რეაქტორები დაიწყებდნენ ფუნქციონირებას, თურქეთი გახდებოდა რეგიონის გენერაციის ცენტრი. რუსეთი კი გადაიქცეოდა ჩვენი რეგიონის ატომური სექტორის მთავარ ინვესტორად. რუსეთს აქვს 34 რეაქტორი ფედერაციის 10 სხვადასხვა რეგიონში. ატომური სექტორი გენერირებს 24 ათას მგვტ სიმძლავრეს. რუსეთის მოძველებული ინფრასტრუქტურის  მიუხედავად, მთავრობამ გამოაცხადა ძირითადი სიმძლავრეების გაფართოების გეგმა. იგი აანონსებს, რომ 2030 წელს აპირებს ელექტროენერგიის 30%–ის ატომურ სადგურებზე მიღებას, 2050 წელს – 50%–ისას.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ 2015 წლის ივნისში ხელმოწერილი საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის ხელშეკრულება, რომელსაც ხელს 75 ქვეყანა – მათ შორის საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი აწერს – საქართველოს ელექტროენერგიის რეგიონალურ ბაზარზე “ჰაბის” პერსპექტივას უსახავს. საქართველოს ამის რეალური პოტენციალი აქვს. კალაძე მიუთითებს, რომ “…დღეს საქართველომ დაასრულა 500 კვტ გადამცემი ხაზების მშენებლობა/რეაბილიტაცია რუსეთთან და აზერბაიჯანთან. მალე დასრულდება 500 კვტ ხაზის მშენებლობა სომხეთთან”. მაგრამ თურქეთს სომხეთი და რუსეთი ელექტროენერგიას ახლო მომავალში არ მიაწვდიან. ამიტომ საქართველოს მოუწევს მეტი გენერაცია ამ მეზობელ ქვეყანაში ელექტროენერგიის ექსპორტისთვის. ამჟამად საქართველო ამ მიზნით ახორციელებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სერიოზულ გეგმებს, თუმცა ამ მხრივ ბევრი ეკოლოგიური პრობლემაა.

მაგრამ შესაძლებელია თუ არა უახლოეს მომავალში პოტენციური პარტნიორების პოლიტიკური უთანხმოების ფონზე ერთიანი რეგიონალური ენერგეტიკული ბაზრის ფორმირება? სავარაუდოდ არა. საქმე ისაა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში 1990-იანი წლების ომის შემდეგ, მხოლოდ 1994 წლის  გაეროს ეგიდით გამართული ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკების შემდეგ ინარჩუნებენ მყიფე მშვიდობას. რუსეთ–საქართველოს სუსტი ეკონომიკური ურთიერთობები, 2008 წლის ომის შემდეგ, მხოლოდ ახლა იწყებს განვითარებას. ამდენად, მართალია რეგიონის ერთიანი ელექტროენერგეტიკული ბაზრის პოტენციალისა და პერსპექტივის დასახვა მისასალმებელია, მაგრამ სავარაუდოდ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალზე საუბარი იყო რეგიონალური ენერგობაზრის საშუალოვადიან მომავალზე და არა უახლოეს პერსპექტივაზე.

ამრიგად, თურქეთის ელექტროდეფიციტურ აღმოსავლეთ ვილაიათებში, აზერბაიჯან–სომხური დაპირისპირების გამო, სომხეთიდან ელექტროენერგიის მიღება შეუძლებელია. ახლა უკვე რუსეთ–თურქეთის გამწვავებული ურთიერთობების გამო ახალციხე-ბორჩხას ხაზით თურქეთი “კავკასიონით” ვეღარ მიიღებს რუსულ ელექტროენერგიას, რაზეც, რფ–ს ენერგეტიკის მინისტრობისას, ჩუბაისი ოცნებობდა. ასეთ პირობებში ელექტროენერგეტიკული “ჰაბის” – ანუ ყველა მიმართულების სპეციალიზებული გამანაწილებელი ცენტრის როლს საქართველო, უახლოეს მომავალში, ვერ შეასრულებს…

ნავთობი, ანუ რა შუაშია შვეიცარიელები

რუსეთ–თურქეთის დაპირისპირება ყველაზე ნეგატიურად შეიძლება კასპიის რეგიონის ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებაზე აისახოს. ამჟამად ყაზახეთის “თენგიზის” საბადოდან საერთაშორისო კონსორციუმის – “თენგიზშევროილის” ნავთობი ექსპორტზე რუსეთის პორტებიდან შავი ზღვით ე.წ. თურქული სრუტეების, – ბოსფორისა და დარდანელის გავლით გადის. 2015 წლის 8 დეკემბერს ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრმა ერბოლატ დოსაევმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2016 წლის დეკემბერში იწყება ყაზახეთის კასპიის სექტორში მდებარე ოფშორული “კაშაგანის” გიგანტური საბადოდან ნავთობის კომერციული მოპოვება. ეს საბადო ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ მისი გახსნა ორჯერ გადაიდო საზღვაო მილსადენზე მომხდარი ავარიების გამო. მინისტრის ინფორმაციით, იმავდროულად დასრულდება რუსულ–ყაზახურ–ამერიკულ–იტალიური “კასპიის მილსადენის კონსორციუმის” (CPC) თენგიზი-ატირაუ–ნოვოროსიისკის მარშრუტის ნავთობსადენის რეკონსტრუქცია, რომლითაც მოხდება “კაშაგანის” ნავთობის შავ ზღვამდე ტრანსპორტირება. ამ ნავთობსადენის ახლანდელი წლიური წარმადობა – 28 მლნ ტონა, უნდა გაიზარდოს 67 მლნ ტონამდე.

CPC-ს რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებს 10 ახალი ნავთობსატუმბი სადგურის აგებას (2 – ყაზახეთის, 8 – რუსეთის ტერიტორიაზე) და არსებული 5–ის მოდერნიზებას. რუსეთში გათვალისწინებულია 6 ახალი ნავთობტერმინალის (თითოეული 100 ათასი კუბ.მ მოცულობის) აშენება და მესამე გასატანი საზღვაო ნავმისადგომის შექმნა ნოვოროსიისკთან. ყაზახეთში მიმდინარეობს ნავთობსადენის მილის 88 კმ–იანი მონაკვეთის დიდი დიამეტრის მილით შეცვლა. რეკონსტრუქციაში  კონსორციუმის მიერ ჩადებული მთელი ინვესტიცია მიაღწევს 5.4 მლრდ დოლარს.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ სამუშაოების განხორციელების მიუხედავად რუსეთ–თურქეთის “ცივი ომის” შედეგად, ზემოაღნიშნული პროექტი დიდი გამოწვევის წინაშეა. პირველი “საგანგაშო სიგნალი” ჯერ კიდევ 2011 წელს გაისმა, როდესაც ნოვოროსიისკთან კრიმსკის რაიონში, წყალდიდობამ CPC-ს ახალი ნავთობტერმინალები წალეკა…

მეორე გამოწვევაა მოსკოვი–ანკარას ახლანდელი დაძაბულობა, რასაც ეკოლოგიური “ცივი ომიც” ამძაფრებს. საქმე ისაა, რომ 2016 წლის ბოლოსთვის CPC –ის რეკონსტრუქციის დასრულება თურქეთის სრუტეების დატვირთვას მინიმუმ სამჯერ გაზრდის. ამჟამად ბოსფორის სრუტით, სტამბულის ცენტრში ყოველ 12 წუთში საოკეანო ლაინერი გადის, რომელთაგან ყოველი მესამე ტანკერია. ერთი წლის შემდეგ CPC-დან ბოსფორში უკვე ყოველ 4 წუთში მოხდება გემის გაგზავნა!

თურქეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ 1994 წლიდან, კვიპროსის ტანკერის “ნასსიას” ავარიის შემდეგ, ცდილობს არ დაუშვას ბოსფორის გადატვირთვა. ანკარა ძალებს არ ზოგავს, რომ სრუტეში მცურავი ტანკერების რიცხვი როგორმე შეამციროს, რათა გიგანტური მეგაპოლისის ცენტრში ნავთობის ჩაღვრის რისკი შემცირდეს. ამიტომ, მონტროს 1936 წლის და გაეროს 1982 წლის საზღვაო კონვენციების მოთხოვნების მიუხედავად, თურქეთის ხელისუფლება ყველანაირად ხელს უშლის ტანკერების მოძრაობას. მან ხან 200 მეტრზე გრძელი ტანკერების დღის ნათელი ნაწილის განმავლობაში მხოლოდ ბუქსირებისა და ლოცმანების თანხლებით ცურვა დააკანონა, ხან სამსუნ–ჯეიჰანის და ბურგას–ალექსანდროპულოსის სახმელეთო ნავთობსადენების აგების ინიციატივით გამოვიდა, ხანაც 30 მლნ დოლარიანი “სრუტეების ეკოლოგიური ფონდის” შემოღება გამოაცხადა, მაგრამ ამაოდ. ამას ზემოხსენებული CPC –ის რეკონსტრუქციის პროექტი დაემატა.  ის რეგიონის ყველა აქტორის – თურქეთის, რუსეთის და კასპიის ზღვის აუზის ენერგომწარმოებლების ინტერესებს თანაბრად ვერ აკმაყოფილებს. სავარაუდოდ, რუსეთ–თურქეთის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, 2016 წლის ბოლოს აქ ე.წ. “დიდი ყაზახური ნავთობის” შემოსვლა სულ აურევს სიტუაციას, რამაც შესაძლოა სრუტეების დაკეტვა გამოიწვიოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია კასპიის ნავთობის ახალი ალტერნატიული მარშრუტის შექმნა, რომელიც ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით, ნაკლებ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. ალტერნატიულ მარშრუტად მიგვაჩნია ყაზახური ნავთობის გაგზავნა რუსეთ-საქართველო-თურქეთის მარშრუტით, აფხაზეთის მონაკვეთით. თუ დროზე გაფორმდება შესაბამისი კონტრაქტი, ეს გადაზიდვა უკვე მსო–სთან შეთანხმებული შვეიცარული კომპანიის – SGS–ის მეთვალყურეობით მოხდება. ეს მარშრუტი 2016 წლის ბოლოსთვის ბევრად მომგებიანი იქნება, ვიდრე სხვა, დღეს არსებული პროექტები. ასეთი პროექტი XX ს. 90-იან წლებში საკმაოდ აქტუალური იყო და ნავთობის რუსეთიდან საქართველოს სანაპირო ხაზზე, აფხაზეთის გავლით, თურქეთში გადაზიდვას ითვალისწინებდა.

რუსი ექსპერტების გათვლებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ამუშავებით (2006 წელი) რუსეთმა 5 მილიარდ დოლარზე მეტი იზარალა, რადგან მნიშვნელოვნად შემცირდა აზერბაიჯანიდან ნოვოროსიისკში ნავთობის ექსპორტი. იმავე ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთმა დაახლოებით, 3 მილიარდი დოლარი დაკარგა 2007 წელს ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზის მარშრუტის ამოქმედებითაც. მეტიც, თურქეთის მიერ სრუტეებზე ეკოლოგიური შეზღუდვების დაწესებით ყაზახეთისა და რუსეთისთვის ნავთობის სრუტეებით გადაზიდვა არარენტაბელური გახდება. ამასთან, 2016 წლის რფ-ს ბიუჯეტი, რომელსაც პრეზიდენტმა პუტინმა 2015 წლის 15 დეკემბერს მოაწერა ხელი, შედგენილია ბარელი ნავთობის 50 დოლარის ფასის გათვალისწინებით. ხელმოწერის მომდევნო დღეს, 16 დეკემბერს, ნავთობის მსოფლიო ფასები ბარელზე უკვე 37-38 დოლარის ფარგლებში იყო! ამიტომ მსო-ს ეგიდით, შვეიცარიული SGS–ის კონტროლქვეშ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთით და ბაქო–თბილის–ახალქალაქი–ყარსის რკინიგზით ნავთობის ტრანსპორტირების შემთხვევაში, მოსკოვმა ეს დანაკარგები შეიძლება აღიდგინოს და, აქედან გამომდინარე, ეს მარშრუტი რუსეთის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს.

ვინაიდან შემოთავაზებული მარშრუტი აფხაზეთის ტერიტორიაზეც გაივლის, რუსულ-ყაზახური ნავთობის გადაზიდვის ამ ალტერნატივის განხორციელებას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას რუსეთ-საქართველოს შორის აფხაზეთთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აღნიშნული პროექტის განხორციელება ნეიტრალური შვეიცარიული კომპანია SGS–ის მეშვეობით, შეიძლება რეალობად იქცეს. მიგვაჩნია, რომ არ არის გამორიცხული ამ საკითხზე რუსეთ-საქართველო-თურქეთ-ყაზახეთს შორის მოლაპარაკებები, რადგან რუსეთის ხელისუფლება ზემოხსენებულ დანაკარგების ანაზღაურებაში დარწმუნდება. მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, საქართველოს საშუალება მიეცემა, აფხაზეთთან დაკავშირებით რუსეთს კონკრეტულ ენერგეტიკულ პროექტზე ესაუბროს დსთ-ს ისეთი გავლენიანი წევრის მხარდაჭერით, როგორიც ყაზახეთია. აღნიშნული პროექტი საკმაოდ რენტაბელურიც იქნება, რადგან რკინიგზა ბოსფორის ქვეშ არსებულ მარმარაის გვირაბით, საზღვაო ბორანის გარეშე დაუკავშირდება ევროპას, რაც ამ დარგის სპეციალისტების აზრით, ხელსაყრელია…

ნავთობის ტრანზიტით, რუსეთი და საქართველო დამატებით სატრანზიტო შემოსავალსაც მიიღებენ, თუმცა საჭიროა, კიდევ ერთხელ აღინიშნოს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების პირობებში, ნავთობის გადაზიდვის ახალი, ალტერნატიული მარშრუტის განხორციელება ძალიან რთული იქნება. ამიტომ, საჭიროა, ამ პროექტით მსო-ს წევრი ყაზახეთის და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების ენერგეტიკული უწყებებიც დაინტერესდნენ.

ბუნებრივი აირი

რუსეთ–თურქეთის ურთიერთობები მწვავდება ასევე გაზის სექტორში. ანკარა ცდილობს მოხმარებული გაზის 60%–ის მოცულობის მომწოდებელი “გაზპრომი” ჩაანაცვლოს ბუნებრივი აირის სხვა მომწოდებლებით. თურქეთი გეგმავდა ამ აირის დიდი ნაწილი, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის გენერაციისათვის გამოეყენებინა. დეკემბრის დასაწყისში მოსკოვმა გამოაცხადა ევროკავშირის მიმართულების “თურქული ნაკადის” გაზსადენის პროექტის შეჩერება, რომლის პირველი  15.5 მლრდ. კუბ.მ–ის წლიური წარმადობის მილი თურქეთის გაზმომარაგებისათვის, ხოლო მეორე ასეთივე მილი – სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის იყო განკუთვნილი.

მოხმარებული ბუნებრივი აირის 30%–ს თურქეთი თავრიზი–ერზერუმის გაზსადენით ირანიდან იღებს, თუმცა ზამთრის თვეებში ირანის შიდა მოხმარების ზრდის კვალობაზე, ზოგჯერ გაზმომარაგება წყდება და თურქეთის აღმოსავლეთის პროვინციები რუსული “ცისფერი ნაკადის” და “სამხრეთკავკასიური გაზსადენის” ამარა რჩებიან. ამასთან, საქართველოზე გამავალი “სამხრეთკავკასიური გაზსადენი” თითქმის სანახევროდაა შევსებული. მაგალითად, 2013 წელს მასში მხოლოდ 4.5 მლრდ. კუბმეტრ გაზმა გაიარა, ხოლო 2014 წელს – 6 მლრდ. კუმ.მ. ამ მილით თურქეთისკენ გაზის ნაკადის ზრდა დაგეგმილია 2018 წლიდან, როცა თურქეთში “ტრანსანატოლიური გაზსადენი”, როგორც ევროკავშირის “სამხრეთის გაზის დერეფნის” შემადგენელი ნაწილი, ამუშავდება. დეკემბრის პირველ კვირას თურქეთის პრემიერი დავუთოღლუ ბაქოში შეხვდა პრეზიდენტ ალიევს. გადაწყდა “ტრანსანატოლიური გაზსადენის” მშენებლობის დაჩქარება. თუმცა, ანკარამ თავი მაინც დაიზღვია. დეკემბრის პირველ კვირაში პრეზიდენტი ერდოღანი ყატარში ჩავიდა და გააფორმა მემორანდუმი ამ ქვეყნიდან თურქული სახელმწიფო ენერგოკომპანია “ბოტაშისთვის” თხევადი გაზის (LNG) გრძელვადიან მიწოდებაზე. ამასთან, გაზის შეთანხმებული მოცულობების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთი ინარჩუნებს “სამხრეთის გაზის დერეფნისადმი” უნდობლობას და თავს თხევადი გაზით იზღვევს.

ამჟამად თურქეთი თხევად გაზს ალჟირიდან და ნიგერიიდან იღებს, წლიურად შესაბამისად, 4.4 და 1.2 მლრდ კუბ.მ მოცულობებით, მაგრამ ქვეყანას გაუჭირდება უფრო მეტის იმპორტი, რადგან აქვს მხოლოდ ორი, ჯამურად 1.5 მლრდ კუბ.მ ტევადობის LNG ტერმინალი, – მარმარა ერეგლისიში და ეგეგაზ ალიაგაში. გარდა ამისა, თურქეთს, ევროკავშირის მსგავსად, უჭირს რუსული გაზის ალტერნატივის მოძებნა. მართალია, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის გაზის ახლადაღმოჩენილი საბადოები მომავალში შეიძლება თურქეთის მომარაგების წყარო გახდეს, მაგრამ ისრაელთან, საბერძნეთთან და ეგვიპტესთან მოუწესრიგებელი პოლიტიკური ურთიერთობები და ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაცია, ანკარას სამხრეთიდან გაზმომარაგების რეალურ პერსპექტივას უსპობს. ეს ყველაფერი თურქეთს გაზის “ჰაბის” როლის შესრულებას გაურთულებს, რაც საქართელოზე გაზის ტრანზიტის პერსპექტივაზეც ნეგატიურად აისახება.

ზურაბ გარაყანიძე,

ეკონომიკის დოქტორი, სტუ–ს პროფესორი