რა ინფორმაციას გავცემთ სოციალურ ქსელებში საკუთარ თავზე
როგორ შეუძლიათ მისი გამოყენება დაინტერესებულ პირებს?!
ბელგიის პოლიციამ თავისი მოქალაქეები გააფრთხილა, არ გამოიყენონ „ფეისბუქის“ ახალი ემოციები, რადგან სპეციალური ალგორითმის მეშვეობით, სოციალური ქსელის მესვეურები დაადგენენ მათ განწყობებს, რის საფუძველზეც შესთავაზებენ რეკლამებს. ეს კი, ბელგიელ სამართალდამცველთა თქმით, ადამიანის უფლებების დარღევევაა. მეორე მხრივ, სოციალური ქსელი იძლევა თავისი მომხმარებლების შესახებ (და არა მარტო სოციალური ქსელის მესვეურთა მხრიდან) ამომწურავი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას, სპეციალური ალგორითმების მეშვეობით კი, როგორც ინდივიდუალური, ისე სოციალური ჯგუფების განწყობების შესწავლის საშუალებას, რაც, თავის მხრივ, მანიპულაციის უიოლესი გზაა. რა ინფორმაციის წყაროა ინტერნეტი და როგორ შეუძლიათ მისი გამოყენება სპეცსამსახურებსა და უბრალოდ, დაინტერესებულ პირებსა თუ ჯგუფებს, – ამ საკითხში უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის დირექტორი ლაშა პატარაია გაგვარკვევს.
– სოციალური ქსელების მეშვეობით რა ინფორმაციის მიღება შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს მომხმარებლების შესახებ და ყოველთვის საჭიროა თუ არა ამისთვის ადამიანური რესურსი თუ პროგრამული უზრუნველყოფაც საკმარისია?
– მცდარი აზრია, რომ თითქოს დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება სოციალური ქსელის კონტროლს. არადა, ინტერნეტქსელის მასობრივ კონტროლს არ სჭირდება დიდი ადამიანური რესურსი. არის უამრავი მეთოდი, მათ შორის, ეგრეთ წოდებული „ეს ენ ეი“, რომელიც შეიქმნა 1945 წელს, სოციალური ქსელის შექმნამდე გაცილებით ადრე და სხვადასხვა უწყებისთვის ამუშავებდნენ მონაცემებს. ამ მეთოდით შესაბამისი ინფრასტრუქტურის ქონის შემთხვევაში, ბევრი ადამიანის ჩართულობის გარეშეა შესაძლებელი ძალიან დიდი ინტერნეტსივრცის კონტროლი და ერთდროულად რამდენიმე სოციალური ქსელისაც.
– რეალურად, როგორ არის ამის განხორციელება შესაძლებელი: ნებართვა არ სჭირდება თუ იგულისხმება უკანონო შეღწევა?
– ტექნიკურად ამისთვის საჭიროა ორი რამ: წვდომა ტრაფიკზე რეგიონის მასშტაბით ან თავად იმ კომპანიის რესურსზე, რომელიც ამა თუ იმ სოციალურ ქსელს წარმოადგენს. დღეს არც ერთი არ არის პრობლემა. მით უფრო, რომ სოციალური ქსელები გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემენ ჩვენზე, ვიდრე ჩვენ ვპოსტავთ. ხშირად ამბობენ, მერე რა, რომ სოციალური ქსელი მაქვს. მე იქ განსაკურებულს არაფერს ვპოსტავ, მაგრამ ეს მცდარი აზრია.
– რას ვათვალიერებ, ვის რას ვუწონებ, რას ვაკომენტარებ…
– თითოეულ თქვენს პოსტში გაცილებით მეტი ინფორმაციაა, თუნდაც, ტექნიკური ხასიათის, ვიდრე ის, რასაც წერთ: გეოლოკაცია, სად გადაიღეთ ფოტო, თუ სმარტფონით გადაიღეთ, თქვენი კომპიუტერის გარკვეული ტექნიკური პარამეტრები, რომლებმაც შეიძლება, დაინტერესებულს ხელი შეუწყოს დააინფიციროს თქვენი კომპიუტერი და რეალურ დროში ფარული მიყურადება განახორციელოს; პლუს – გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენი პოსტების კორელაციური ანალიზი იძლევა საშუალებას, შეიქმნას თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი, რომელიც თქვენ შესახებ გასცემს ძალიან ბევრ რამეს: არა მარტო თქვენს მუსიკალურ გემოვნებას, პოლიტიკურ კუთვნილებასა თუ სექსუალურ ორიენტაციას. მარტივ მაგალითს გეტყვით: ცოტა რთული ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც 10-15 მარტივ კითხვას მოიცავს, იძლევა ინფორმაციას თქვენ შესახებ და ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც თქვენ ყოველდღიურად ასეთ 500-500 კითხვას პასუხობთ, რამდენ ინფორმაციას გასცემთ საკუთარ თავზე. ეს არის მოწონებები, რა გვერდებს ნახულობთ, რომელ პოსტებზე რეაგირებთ და როგორ… ეს ყველაფერი მთლიანობაში იძლევა ორ რამეს: ჯერ ერთი, ეს არის ადამიანებზე ინდივიდუალურად საკმაოდ ნოყიერი დოსიეს შექმნის საფუძველი და თუ ადრე სპეცსამსახურებს ამ ტიპის ინფორმაციის შესაგროვებლად სჭირდებოდათ კვირები, ადამიანური დაზვერვისა და სხვადასხვა ტექნიკური რესურსის გამოყენება, ახლა ეს გაცილებით მალე კეთდება. მეორე მხრივ, თუკი სოციალური ქსელები და ინტერნეტი მომხმარებლის ფსიქოპორტრეტს იძლევა, წარმოიდგინეთ, რა ინფორმაციას იძლევა ეს რესურსი ყველა მოქალაქეზე?! ფაქტობრივად, ულიმიტო რესურსია. შესაძლებელია ქვეყნის ნებისმიერ ლოკაციაში: დაწყებული ქუჩებით, უბნებით, ქალაქებით, რეგიონებით პოლიტიკური განწყობების, სოციალური ფონის, კულტურული ნიუანსებისა თუ სხვა მონაცემების გაგება. ანუ იმ სტრატეგიული ინფორმაციის მოპოვება, რაც კლასიკურად დაზვერვის სამსახურებს უწერიათ სამოქმედო პროცედურებში. ეს ყველაფერი შესაძლებელია რეალურ დროში სოციალური ქსელების კონტროლის შემთხვევაში და, ფაქტობრივად, შეუცვლელი ინსტრუმენტია სპეცსამსახურებისთვის და არა მარტო მათთვის.
– გასაგებია, რომ ამ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია, მაგრამ, თუ არ ვაინტერესებ, მაინც შემისწავლის, ყოველი შემთხვევისთვის?
– როდესაც ვლაპარაკობთ სპეცსამსახურებზე, დაზვერვასა და ინტერნეტსივრცეზე, აქ არ არსებობს არასაინტერესო ინფორმაცია. ნებისმიერ საინფორმაციო ფრაგმენტს გააჩნია ღირებულება დიდ საერთო სურათში, რომელიც იცვლება ხოლმე. ამიტომ სპეცსამსახურისთვის ყველა შესაძლო ინფორმაცია საინტერესოა, განურჩევლად იმისა, ხვდება თუ არა ის მათ სტრატეგიულ კურსში.
– ამას აკეთებს პროგრამა?
– ამას აკეთებს არა მარტო პროგრამა, არამედ ადამიანები. რეალურ დროში გროვდება მონაცემები და ანალიზდება, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ალგორითმით დამუშავდება მონაცემები, რა ინტერპრეტაცია მიეცემა და რა სტრუქტურით აიგება ესა თუ ის ანგარიში. თუ თქვენ გაქვთ ყოველდღიური მონაცემები, ამის დალაგება ისეა შესაძლებელი, როგორც თქვენ გაინტერესებთ. დღევანდელი ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ რთულია გამიჯნო დაზვერვის სამსახური და მარკეტინგული კომპანია. იმიტომ რომ, მომხმარებელზე ამავე ტიპის ინფორმაციას ამუშავებს მარკეტინგული კომპანიაც, უბრალოდ, მისი საბოლოო მიზანია კომერციული. მრავალი მილიარდი იხარჯება იმ კვლევებსა და ტექნოლოგიებზე, რაც საბოლოოდ, კომპანიებს გაყიდვების გაზრდის საშუალებას აძლევს. პოტენციალური მომხმარებლების მონაცემების დამუშავებაში მარკეტინგული კომპანიები არ ჩამორჩებიან სპეცსამსახურებსა და სადაზვერვო სამსახურებს, იქიდან გამომდინარე, რომ ფლობენ ამ ტექნოლოგიებს და ლეგალურადაც და არალეგალურადაც მოიპოვებენ ამ ინფორმაციას, რაც, მართალია, ხმარდება კომერციულ მიზნებს, მაგრამ მოქმედებს მომხმარებლების საწინააღმდეგოდ, რადგან მათ, ფაქტობრივად, თავს ახვევენ თავიანთ პროდუქციას.
აქ ერთი ნიუანსია: არსებობს უსაფრთხოება და კომფორტი. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ, ყველანი, მომხმარებლები, კომპანიები, სპეცსამსახურები, ვირჩევთ ორ რამეს – უსაფრთხოებასა და კომფორტს შორის. როგორც კი კომფორტისკენ ვიხრებით, ავტომატურად კომფორტს ვიღებთ უსაფრთხოების კომპრომისის ხარჯზე. „ფეისბუქი“, „ტვიტერი“ თუ ნებისმიერი სხვა სოციალური ქსელი არის უფასო სოციალური კომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც გაძლევს საშუალებას, ისაუბრო ათასობით კილომეტრის დაშორებით, გაცვალო ინფორმაცია, მოიძიო საინტერესო ცნობები, სამსახურებრივი ამოცანები უფრო ეფექტიანად შეასრულო. მაგრამ ეს არ არის უფასო, ეს ყველაფერი ხდება ჩვენი პრივატულობის ფასად. როდესაც ტექნოლოგიებს ვიყენებთ უფასოდ, უნდა დავფიქრდეთ, რა არის უკუგება ამ სერვისისთვის. თავისთავად, სოციალური ქსელების უმეტესობა საზრდოობს რეკლამით. ამდენად, არ უნდა გაგვიკვირდეს და არც არაფერია უსამართლო, რომ ეს კომპანიები იყენებენ ჩვენს რესურსებს იმისთვის, რომ მიიღონ რეკლამა და განავითარონ თავიანთი კომპანია. ეს ჩვეულებრივი ჯენტლმენური კონტრაქტია, რომელსაც თითოეული მომხმარებელი აფორმებს, გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, როდესაც რეგისტრირდება ამა თუ იმ სოციალურ ქსელში.
– მაგრამ წვდომა ხომ უნდა გქონდეს პროფილებზე, რომ ონლაინ-რეჟიმში დააკვირდე კონკრეტულ ადამიანებსა თუ ადამიანთა ჯგუფებს. იგულისხმება, რომ სპეცსამსახურისა თუ მარკეტინგის რომელიმე თანამშრომელი უბრალოდ ტეხავს პროფილებს? საქართველოს სოციალური ქსელი ცალკე ხომ არ არის გამოყოფილი, თუ ვინმეს მასზე დაკვირვება უნდა? ანუ ტექნიკურად როგორ წყდება მონაცემების შეგროვების საკითხი?
– არის გარკვეული ჰაკერული მანიპულაცია, რომელსაც ვერ დავასახელებ. არის ტექნოლოგიები, როდესაც აინფიცირებენ მომხმარებლების დიდ ნაწილს და ასე იღებენ სასურველ ინფორმაციას ან წვდომა აქვთ ამა თუ იმ კომპანიის ინტერნეტპროვაიდერზე და კონკრეტული მასშტაბით უყურებენ მომხმარებელთა აქტივობას.
– მაგალითად, „სილქნეტისა“ თუ „კავკაზუსის“ ან „მაგთის“ ინტერნეტმომხმარებლებს?
– ნებისმიერი ინტერნეტპროვაიდერის კომპრომეტირება შეიძლება, რომ აიღონ ტრაფიკი რეალურ დროში შეთანხმებით თუ შეუთანხმებლად. ასე რომ, ჰაკერული თუ სპეცსამსახურული ჩარევით ტრაფიკის აღება შესაძლებელია. გარდა პროვაიდერებისა, არის გარკვეული სხვა მანიპულაციებიც, რომ ეს მონაცემები მოგროვდეს.
– ესე იგი, სპეცსამსახურებიც ასეთ უკანონო მეთოდებს იყენებენ?
– ეს იმხელა შესაძლებლობების ინსტრუმენტია, რომ ამის გარეშე, უბრალოდ შეუძლებელია ნებისმიერი სპეცსამსახურის მუშაობა.
– ფსიქოლოგიაში კონტენტანალიზი, ანუ ნაწერის ანალიზი იყო ადამიანის ფსიქოპორტრეტის დადგენის საშუალება, დაახლოებით იგივეა ახლაც?
– მაშინ მიმართავდნენ როგორც კონტენტის, ისე ამ კონტენტის გადმოცემის ანალიზს, ოღონდ, თუ მაშინ იყო ორი პარამეტრი, ახლა ორი მილიარდი პარამეტრია. მაშინ იყო მხოლოდ არავერბალური და ვერბალური ნიშნები, ახლა არის კიბერნიშნები, თუმცა კონტენტანალიზი რჩება ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად.
– მეორე მხრივ, ადამიანებს, რომ იყვნენ ყურადღების ცენტრში, სჭირდებათ სოციალურ ქსელებში აქტივობა. ხომ არის შესაძლებელი შენ შესახებ მცდარი ინფორმაციის შექმნაც. გადამეტებულად ჭკვიანი გამოჩნდე ან გადამეტებულად სულელი?
– ყველა სოციალურ მედიაში უკვე იმთავითვე იქმნი მცდარ წარმოდგენას საკუთარ თავზე, იმიტომ რომ, სოციალური ცხოვრება განსხვავდება რეალური ცხოვრებისგან. ადამიანები სოციალურ ქსელებში უკეთ ინიღბებიან და ირგებენ იმ როლებს, რაც უნდათ, რომ შეასრულონ და ვერ ასრულებენ. ამიტომ ეს ცდომილება არსებობს და ესეც გათვალისწინებულია, ისევე, როგორც სოციალურ კვლევებშია ცდომილებების რისკი, ასევეა, აქაც. თუმცა აქ არის გრძელვადიანი გადამოწმების საშუალება, დააკვირდები მომავალ აქტივობებს, გადახედავ არქივს.
– მაგრამ ადამიანი იზოლაციაში ვერ იცხოვრებს და უნდა თუ არა, მაინც გასცემს ინფორმაციას საკუთარ თავზე.
– ეს მოცემულობა არის ტექნოლოგიური პროგრესის ბუნებრივი შედეგი და უფრო და უფრო გამწვავდება, იმიტომ რომ, ტექნოლოგიური პროგრესი შეუქცევადია. სწორედ კომფორტია ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი. კომპანიები ცდილობენ, მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან მომხმარებელს და უფრო და უფრო აუმჯობესებენ ტექნოლოგიებს. რადგან მათი არსებობა ამაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, მუშაობენ მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე და რაც მეტია კომფორტი, მით მეტად იზრდება ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება; ხოლო, როდესაც ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება იზრდება, ეს შეუქცევადი პროცესია და მას აქვს ფსიქოლოგიური ნიუანსებიც, იმიტომ რომ, მხოლოდ ორი გზაა: ჩაიკეტო და უარი თქვა ტექნოლოგიებზე, რაც ძალიან რთულია ან მიჰყვე ტექნოლოგიებს და იყო ტრანსფარენტული. თუმცა არის მესამე ტრენდიც – ნიჰილიზმი, რომელიც ამ საკითხებზე ფიქრის დროს უჩნდება ადამიანებს.
– თავის დაცვის საშუალება არ არსებობს?
– ვთქვათ ასე: თუ ხარ ჩვეულებრივი მომხმარებელი, უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ გაქვს, გარდა ვინმეს კეთილი ნებისა, რომ არ შეისწავლის შენს მონაცემებს. მაგრამ, თუ არ ხარ ჩვეულებრივი მომხმარებელი და მუშაობ ისეთ თემებზე, რომ ვალდებული ხარ, დაიცვა შენი და შენ შესახებ ინფორმაცია, მოგეთხოვება, მოახდინო ინვესტირება შენს კიბერუსაფრთხოებაში. არ არის აუცილებელი, იყო კიბერსპეციალისტი, მაგრამ უნდა ისწავლო ელემენტარული კიბერუსაფრთხოების ნიუანსები. ეს დიდი ხნის განმავლობაში იყო პრობლემა და შეუძლებელი. მაგალითად, ექვსიოდე წლის წინ, ამ მხრივ, სრული ქაოსი იყო, ამიტომ შეიქმნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზაციები, მათ შორის, ჩვენთანაც – ჩვენი აკადემიის სახით. ამ ორგანიზაციებში სადაც სპეციალიზებულად სწავლობენ უფრო მაღალ დონეზე კიბერუსაფრთხოებას და მომხმარებლებსაც შეუძლიათ, თუ უნდათ, რომ უფრო უკეთ დაიცვან საკუთარი მონაცემები.
– სოციალურ ქსელზე მიბმულია ელფოსტა, ანუ ისიც გამჭვირვალეა?
– ელფოსტა არანაკლებ გამჭვირვალეა, ოღონდ არა იმიტომ, რომ სოციალურ ქსელზეა მიბმული, ნებისმიერი ინტერნეტაქტივი თანაბრადაა დაუცველი, თუ არ ფლობთ კიბერუსაფრთხოების ელემენტარულ ნიუანსებს.
ავტორი: ნინო ხაჩიძე
წყარო: FACT2.GE