06/05/2024
Latest:
საზოგადოება

„ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო 25 ქულით თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა

Freedom House-ის 2016 წლის „ინტერნეტის თავისუფლების ინდექსში“ საქართველო 25 ქულით თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

ინდექსში მოხვედრილი, მსოფლიოს 65 ქვეყნიდან ინტერნეტის მხრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის სულ 17 ქვეყანა დასახელდა.

ინდექსის ავტორები შეფასებისას სამ ძირითად კრიტერიუმს გამოყოფენ: ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, კონტენტზე ცენზურა და მომხარებელთა უფლებების დარღვევა.

აღნიშნულ კრიტერიუმებში საქართველო ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით 8 ქულით შეფასდა, კონტენტზე ცენზურით – 6, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მხრივ – 11 ქულით.

აღსანიშნავია, რომ წინა წლის ინდექსთან შედარებით, საქართველომ პოზიცია ერთი ქულით გაიუმჯობესა. ინდექსის თანახმად, საქართველოში კონტენტზე ცენზურა არც ერთი შინაარსის მასალაზე არ ვრცელდება.

როგორც ინდექსის ავტორები აღნიშნავენ, მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლება ზედიზედ მეექვსე წელია მცირდება.

„ინტერნეტის მომხმარებელთა ორი მესამედი – 67% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც მთავრობის, სამხედრო მოსამსახურეთა და ქვეყნის მმართველი ოჯახის კრიტიკა ცენზურას ექვემდებარება“, – ნათქვამია ინდექსში.

წყარო: bpn.ge