06/05/2024
Latest:
საზოგადოება

რა მეთოდებით ივსებოდა ბიუჯეტი – ბიზნესის ტერორის კონკრეტული ფაქტები, ნაციონალური მოძრაობის პერიოდიდან

როგორ ატერორებდა პოლიტიკური პარტია ბიზნესს, რომელიც დღეს მას საგადასახადო წნეხის შემსუბუქებას ჰპირდება

მილიონებად ნაყიდი ნანგრევები – ყოფილი ხელისუფლებისგან დაჩაგრული ბიზნესმენები სამართლიანობის აღდგენას ელიან

ზუსტად ოთხი წლის წინ “ქართული ოცნება”, ხელისუფლებაში მოსვლამდე, მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას შეჰპირდა. ხელისუფლება აღიარებს რომ სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა. ამისთვის პროკურატურას რესურსი, ხელისუფლებას კი სისტემური მობილიზაცია არ ეყო.

2012 წელს პროკურატურაში აღძრულ საქმეებზე დატერორებული ბიზნესმენები დღემდე უშედეგოდ ელოდებიან შედეგს.

სამართლიანობის აღდგენის საკითხი უაღრესად რთული და მრავალწახნაგოვანი საკითხია, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობის პირობებში ქონებების ჩამორთმევის მეთოდებიც მრავალფეროვანი იყო.

წართმეული ბიზნესები, უკანონოდ გადაფორმებული კერძო საკუთრება, შანტაჟი, მუქარა და ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე ციხეში გატარებული წლები, – ეს ის მეთოდებია, რომელთა საშუალებითაც ყოფილი ხელისუფლება რეალურად ბიუჯეტს ავსებდა და ქმნიდა აღმშენებლობის და ვირტუალური კეთილდღეობის განცდას.

ქონების იძულებით დათმობის ერთ–ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდი იყო, როდესაც სხვადასხვა რანგის და შესაძლებლობების ბიზნესმენებს აიძულებდნენ არაადეკვატურად მაღალ ფასად შეეძინათ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული იაფფასიანი ქონება,  ასე ავსებდა ნაციონალური მოძრაობა ბიუჯეტს და ამ ფულით ხორციელდებოდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა შესრულების დროს თანხების ფლანგვა სხვა საუბრის თემაა.

მსგავსი ფაქტები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ფიქსირდებოდა, თუმცა, ყველაზე დიდი “მოთხოვნა” ბიზნესმენების მხრიდან კახეთსა და სამცხე ჯავახეთში ფიქსირდებოდა. მაგალითად, ყვარელში გრემის დანგრევის პირას მყოფი კულტურის სახლი, რომელიც 8000 ლარად იყო შეფასებული, ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა დაახლოებით 800 000 ლარად აუქციონზე ისე შეიძინა, რომ კონკურენტიც არ ჰყოლია. ასეთივე იყო ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ისტორიაც, მან 1.25 მილიონ ლარად სიღნაღში მიტოვებული გარაჟი შეიძინა. კიდევ უფრო მასშტაბური პროცესი მიმდინარეობდა სამცხე ჯავახეთში, სადაც რამდენიმე ასეულ ლარად შეფასებულ ქონებას ბიზნესმენები მილიონებად ყიდულობდნენ.

2012 წლის 28 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N084281212802 საქმეზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიებამ მოკვლება დაასრულა და დაადგინა, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა ბიზნესმენები აიძულეს ახალციხის რაიონში არსებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები შეუსაბამოდ მაღალ ფასად შეეძინათ.

გაირკვა, რომ ბიზნესმენების ნაწილი ქონების შესყიდვის და გადაფორმების დროს პატიმრობაში იმყოფებოდა. ბევრმა მათგანმა შესყიდული ქონება არც კი გაიფორმა, ნაწილმა კი შეძენილი ქონება სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუბრუნა. სახეზეა თანამდებობრივი დანაშაული – ფაქტები მოკვლეულია და მომჩივანი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.

მაგალითისთვის: 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, ახალციხის მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მიიჩნია, რომ სოფელ ჭვინთაში მდებარე ქოხში, რომლის რეალური ღირებულება 700 (!) ლარია, 2012 წელს ბიზნესმენებმა, “სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას” დამფუძნებლებმა, ზაალ იაკობიძემ და დავით მიმინოშვილმა საკუთარი ნებით გადაიხადეს 1 900 000  (ერთი მილიონ ცხრაასი ათასი ლარი). მიუხედავად იმისა, რომ ქონების ფასი სასაცილოდ შეუსაბამოა; ბიზნესმენები გარიგებამდე დააპატიმრეს და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს; მსგავსი შემთხვევების მთელი წყება არსებობს; ბიზნესმენებმა წარმოადგინეს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლის უტყუარი ფაქტები – მოსამართლემ გარიგებაში საეჭვო ვერაფერი ნახა და გადაწყვეტილება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. ასევე, კეზერაშვილის სასარგებლოდ გადაწყვიტა დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეა ხამხაძემ – ვერც მან მიაგნო რაიმე საეჭვოს საქმეში, სადაც ბიზნესმენები საპატიმროში გამოკეტეს და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ჭვინთის ქოხზე გამოტანილი განაჩენი გამონაკლისი არ არის… დანარჩენ საქმეებზეც მოსამართლეების გადაწყვეტილებები ანალოგიურია – ბიზნესმენები ტყუიან, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან მართლები!

რა ღირებულების ქონებაზეა საუბარი და რამდენად შეიძინეს ბიზნესმენებმა, პროკურატურის გამოძიების მასალებში ნათლად ჩანს – საერთო ჯამში, ობიექტების რეალიზაციის შედეგად გადახდილ იქნა 9 632 000 ლარი. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება სულ შეადგენდა 161 000 ლარს.

გთავაზობთ იმ ქონების ჩამონათვალს, რომელიც მეწარმეებმა და ბიზნესმენებმა, ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლის შედეგად, შეუსაბამოდ მაღალ ფასად შეიძინეს და შემდეგ უსასყიდლოდ დაუბრუნეს სახელმწიფოს:

  • ახალციხის რ-ნის სოფ. აწყურში 20000კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ამორტიზებული ყოფილი მეცხოველეობის კომპლექსი შეფასდა 14 400 ლარად – შპს “ჯორჯიან ინვესტმენტმა”  4 949 500 ლარად შეიძინა.
  • ახალციხის რაიონის სოფელ ტატანისში მდებარე  კულტურის სახლი საერთო ფართობით 168 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად – ეფრაიმ გურმა შეიძინა 409 200 ლარად.
  • ახალციხის რაიონის სოფელ წირაში მდებარე კულტურის სახლი საერთო ფართობით 753 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 12 000 ლარად – “თი-ბი-სი” ბანკმა შეისყიდა500 000 ლარად.
  • ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში  მდებარე კლუბი – ბიბლიოთეკა საერთო ფართობით 121 კვ.მ. აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 8 000 ლარად – შპს “ბემონმა” ობიექტი შეისყიდა1 900 000 ლარად.
  • ახალციხის რ-ის სოფ. წყალთბილაში მდებარე კლუბი ბიბლიოთეკა, საერთო ფართობით 391კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 13 000 ლარად – ჯემალ გვარლიანმა ობიექტი შეისყიდა100 000 ლარად. აღნიშნული ობიექტი ჯ. გვარლიანმა შემდგომში კვლავ აჩუქა სახელმწიფოს.
  • ახალციხის რაიონის სოფელ წინუბანში მდებარე კლუბი-ბიბლიოთეკა საერთო ფართობით 257კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად – შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ინტელ ექსპრეს ჯორჯია”-მ შეისყიდა570 000 ლარად.
  • ახალციხის რაიონის სოფელ ჯულღაში მდებარე კლუბ-ბიბლიოთეკა სახლი საერთო ფართობით 409 კვ.მ,  აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 13 000 ლარად – კ.ს. “კოწიწაშვილი და კომპანია”-მწარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ აუღია და საჯარო რეესტრში არ გაუტარებია.
  • ახალციხის რაიონის სოფელ ორალში მდებარე კულტურის სახლი საერთო ფართობით 264 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად – შპს “სამშენებლო კომპანია ოდი”-მ წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა100 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ წაუღია და საჯარო რეესტრში არ გაუტარებია.
  • ახალციხის რაიონის სოფელ ხეოთში მდებარე კლუბი სახლი საერთო ფართობით 138 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 5 000 ლარად – შპს”ინსტა ჯორჯია”-მ ობიექტი შეისყიდა500 000 ლარად. შპს”ინსტა-ჯორჯიას” დირექტორი ლევან სიმონიშვილი ამ პერიოდში იყო პატიმარი.  შესყიდული ქონება მან შემდგომ დაუბრუნა სახელმწიფოს.
  • ახალციხის რაიონის სოფელ ხეოთში მდებარე  ბიბლიოთეკა და მედპუნქტი საერთო ფართობით 186 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 4 000 ლარად – დავით ანდრონიკაშვილმა წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა იყიდა200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ აუღია და იგი საჯარო რეესტრში  არ დაურეგისტრირებია.
  • ახალციხის რაიონის სოფელ ანში მდებარე კლუბ-ბიბლიოთეკა სახლი საერთო ფართობით 185 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 10 000 ლარად –  შპს”ფოთიქალაქ სერვისმა”, ობიექტი შეისყიდა 200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა  საჯარო რეესტრში არ გაუტარებია.

ბაჩანა ჯინჭარაძე