საზოგადოება

იპოთეკარები პარლამენტის გადაწყვეტილებამ ვერ დაამშვიდა

საპოლიციო გამოსახლების გაუქმებით კმაყოფილი მხოლოდ ,,ქართული ოცნებაა”. იპოთეკარები, რომელთათვისაც კანონში ცვლილებები შევიდა, აქციების გამართვითა და უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრებიან. ბანკების ასოციაცია კი პარლამენტის გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

,,არ გვინდა სიკვდილი,” – ამ ლოზუნგით იპოთეკარებმა შსს-სთან აქცია გამართეს. ამასთანავე ისინი აპირებენ შსს-ს მინისტრს წერილი გაუგზავნონ, სადაც გააფრთხილებენ, რომ ჩამორთმეულ ქონებაში ძალით შეიჭრებიან და თუკი პოლიცია მათ დააპატიმრებს არც მაშინ დაიხევენ უკან.

საქართველოში საბანკო და სამევახშეო სისტემით დაზარალებულთა უფლებების დავის კომიტეტის წარმომადგენელის ნანა ჯაფარაშვილი `ბანკებთან და ფინანსებთან~ ამბობს, რომ თუკი კანონში მიღებულ ცვლილებებს უკუქცევის ძალა არ ექნება, მხოლოდ საპოლიციო გამოსახლების გაუქმება ვითარებას არ შეცვლის. მისი განცხადებით, 2007 წლიდან დღემდე ადამიანებს პოლიცია საკუთარი ქონებიდან ასახლებდა. პარლამენტმა დაადასტურა, რომ ეს იყო უკანონო ქმედება, შესაბამისად სამართლიანობა ამ ადამიანების მიმართაც უნდა აღდგეს და სასამართლომ მათი საქმეებიც განიხილოს.

,,თუ ამ 9 წელიწადის განმავლობაში უსამართლოდ გამოსახლებული ადამიანებისთვის არანაირი შვება არ იქნება და მათი საქმეების გამოძიება არ მოხდება, მარტო საპოლიციო გამოსახლების გაუქმება დიდი შეღავათი არ არის”, – ამბობს ნანა ჯაფარიშვილი და ამასთანავე აღნიშნავს, რომ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სასამართლომ გადაწყვეტილება ერთთვიან ვადაში უნდა მიიღოს. ერთ თვეში კი შესაბამისი მასალების მოძიება შეუძლებელია.

,,ესეც მეორე უბედურებაა, ერთ თვეში მასალის მოგროვებას ვერ მოასწრებ. ყველა დოკუმენტის მიღებას თავისი კალენდარული დღეები სჭირდება, ან ბევრი ფული უნდა გქონდეს, რომ საბუთები დაჩქარებულად მიიღო. თუ დროში ვერ ჩაეტევი სასამართლო გადაწყვეტილებას დაუსწრებელი მიიღებს, შესაბამისად ამ ცვლილებებით ისევ მევახშეებს შეუწყვეს ხელი”, – ამბობს ნანა ჯაფარაშვილი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, იპოთეკარების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები შსს-ს მინისტრთან შეხვედრასა და მისთვის გამაფრთხილებელი წერილის დატოვებას აპირებენ.

,,გაფრთხილება უნდა გავუგზავნოთ შსს, რომელსაც 5 არასამთავრობო ორგანიზაცია მოაწერს ხელს. ქონებაჩამორთმეული ადამიანები სახლებში უკან დაბრუნდებიან, ხოლო მათ ქმედებაზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. სხვის საკუთრებაში შეჭრის მუხლით ჩვენ დაგვიჭირონ არასამთავრობოები, არ არის პრობლემა”, – აცხადებს ნანა ჯაფარაშვილი.

რაც შეეხება იმ იპოთეკარებს, რომელთა გამოსახლება კანონის მიღებამდე მიმდინარეობდა, თუკი გამოსახლების პროცესი სასამართლოს გადაწყვეტილებით არის გამყარებული მაშინ ამ პროცესს წინ ვერავინ აღუდგება. ხოლო თუკი აღსრულების ფურცელი ნოტარიუსის მიერ არის გაცემული ის უნდა გასაჩივრდეს. გაცილებით რთულად იქნება იმ მესაკუთრის საქმე, რომლის ქონებაც უკვე აუქციონზეა გატანილი, თუმცა ნანა ჯაფარიძის განცხადებით, მესაკუთრემ ხელები არ უნდა ჩამოუშვას და ამ შემთხვევაშიც კონსულტაციები იურისტთან ერთად უნდა განიხილოს, თუ მის საქმეში რამე ხელჩასაჭიდი გამოიკვეთა, შესაძლებელია აუქციონი ჩაიშალოს და ქონების გაყიდვის გადაწყვეტილება ბათილად გამოცხადდეს.

ბანკების ასოციაცია კი პარლამენტის გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. ასოციაციის ხელმძღვანელის ზურაბ გვასალიას განცხადებით, სესხებზე გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, რადგან ეს ყველაფერი რისკებთანაა დაკავშირებული. ,,ამასთან, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. მტკიცებულების ტვირთი გადადის მესაკუთრეზე, იმ დროს, როდესაც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის მთავარი არის საკუთრების უფლება და მისი დაცვა. მტკიცებულების ტვირთის მესაკუთრეზე გადასვლა ნიშნავს, რომ რაღაც გაურკვეველი დროით მესაკუთრე ვეღარ სარგებლობს თავისი საკუთრებით”, – განაცხადა გვასალიამ.

იგი აღნიშნავს, რომ ადამიანს სასამართლოში ჩივილი არავინ უკრძალავს. ხოლო თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი უფლებები დაირღვა სასამართლოში ისედაც მიდის. ,,ხომ არ გგონიათ, რომ ამ ადამიანებს ვინმე უცებ მიადგა სახლში და გამოასახლა. ჯერ აფრთხილებენ და ვადას აძლევენ. ამ ვადაში მას თავისუფლად შეეძლო სასამართლოში სარჩელის შეტანა”, – ამბობს გვასალია.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს შეფასებით”, საკუთრებიდან გამოსახლების ახალი ინიციატივა საკუთრების უფლებას დაუსაბუთებლად ზღუდავს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, სალიზინგო და დეველოპერული კომპანიებისა და უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული მოქალაქეებისთვის.

გარდა ამისა, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გვახარია ამბობს, რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმება არ იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლო სისტემა ამისთვის მზად არ არის. ,,ჩვენ გვარწმუნებენ, რომ სასამართლო ხელისუფლება მზად არის ეფექტურად და მოკლე ვადებში განიხილოს ეს თემები. ამისთვის ბიზნესი ჯერ მზად არ არის. ,,ბიზნესს შეუძლია გამოიყენოს ის იურიდიული ინსტრუმენტები, რომელიც არსებობს. თუ სხვებს შეუძლიათ გამოიყენონ საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტრუმენტი, რატომ არ შეუძლია ბიზნესს ამის გაკეთება. მე მიმაჩნია, რომ ეს არ იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით”, – აღნიშნა გვახარიამ.

საპოლიციო გამოსახლების გაუქმების გადაწყვეტილება პარლამენტმა 11 დეკემბერს მიიღო. ცვლილებების მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება შესაძლებელი. გაუქმდა ნორმები, რომელთა მიხედვითაც, პირის გამოსახლება-გამოყვანა იძულებით, პოლიციის მეშვეობით არის შესაძლებელი. ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტთან ერთად, პოლიციის მიერ უძრავი ქონებიდან გამოსახლების საშუალებას იძლევა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ კანონპროექტის შემუშავება არსებითი ხასიათის სამართლებრივი ხარვეზითაა გამოწვეული, რაც არასასამართლო, მათ შორის საპოლიციო წესით უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლების ინსტიტუტს ახასიათებს. ასევე, საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტს ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.

მაკა ვარადაშვილი