08/05/2024
Latest:
საზოგადოება

რა როლი აქვს სკოლამდელ აღზრდას ბავშვის განვითარებასა და განათლებაზე

 

საბავშვო ბაღი “ფელიქსის” პრიორიტეტს ინდივიდზე ორიენტირებული მიდგომა წარმოადგენს

რამდენად მნიშვნელოვანია დღეს სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება და მასზე ზრუნვა, რა როლი უჭირავს ქვეყანაში საბავშვო ბაღებს

ჯეიმს ჰეკმანი, რომელიც ეკონომიკურ მეცნიერებებში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, სკოლამდელი აღზრდის როლსა და მნიშვნელობას ასე აფასებდა: “ადრეულ ასაკში სწავლის დაწყება ხელს უწყობს სწავლას მომავალში და ადრეული წარმატებები განაპირობებს წარმატებას მომავალში”. მართლაც, სკოლამდელი განათლების მომსახურება არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაში, კერძოდ, იზრდება ბავშვთა შემეცნებითი პოტენციალი და შესაბამისად ხდება ბავშვის შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარება.

საერთაშორისო კვლევებმა დაადასტურა, რომ კარგად ორგანიზებული სკოლამდელი განათლება ხელს უწყობს ბავშვების მოსწრების გაუმჯობესებას სკოლებში, მათ შორის მაღალი ნიშნებით შეფასების მატებას, კლასში ჩარჩენილი ბავშვების რაოდენობის კლებას და ასევე უკეთეს საგანმანათლებო მიღწევებს უნივერსიტეტებში ჩარიცხვების გათვალისწინებით. მეტიც, ეკონომიკურმა გათვლებმა აჩვენა, რომ სკოლამდელი განათლება, ეს არის ერთერთი საუკეთესო ინვესტიცია, რომელიც შეიძლება ქვეყანამ თუნდაც ეკონომიკური განვითარების მიზნითაც განახორციელოს.

და მაინც, რამდენად განსაზღვრავს სკოლამდელი ასაკი ბავშვის შემდგომ გონებრივ განვითარებას, რა როლს თამაშობს საბავშვო ბაღი და რამდენად აუცილებელია სკოლამდელი განათლების მიღება, რომ პატარამ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება, სწორედ ამ თემებზე  საუბრობენ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თემურ თორდინავა  და საბავშვო ბაღი “ფელიქსის” ფსიქოლოგი ნინუ კიკნაველიძე.

13434143_10206642571407728_744295074_n

თემურ თორდინავა

–   ბატონო, თემურ რამდენად განსაზღვავს სკოლამდელი ასაკი ბავშვის შემდგომ განვითარებას და რა როლს ასრულებს ამ მიმართულებით საბავშვო ბაღები?

–   ძალიან მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკი, 2 -დან 6 წლამდე აღსაზრდელები, რომლებიც სააღმზრდელო სისტემაში გადიან სხვადასხვა მიმართულებით მომზადებას. ასევე ძალიან მნიშვნველოვანია, მათი სკოლისთვის  მომზადება, რომელიც ჩვენ დავიწყეთ სასკოლო მზაობის პროგრამის დანერგვით 2015 წლის ოქტომბერში და ეს ერთი წელია მიმდინარეობს თბილისის ყველა საბავშვო ბაღში. წელს 16 000 ზე მეტი აღსაზრდელი, რომელიც სკოლაში მიდის თბილისის საბავშვო ბაღებიდან, არის ამ პროგრამით მომზადებული და შესაბამისად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ნაკადი, რომელიც ახლა მიდის სკოლებში, წინა ნაკადებთან შედარებით, ბევრად უფრო მზად იქნება სკოლისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ სასკოლო მზაობის პროგრამა მოიცავს მთელ რიგ უნარ-ჩვევების განვითარებას ჩვენს პატარებში, რომელიც მათ ეხმარება სკოლის სივრცეში ადაპტაციაში.

–  რა არის განსხვავებული ამ პროგრამაში, რაც წინა წლებში არ იყო და დამატებით რა მეთოდოლოგია შემოვიდა?

– მეთოდურად არის ბევრად უფრო სრულყოფილი და დახვეწილი და მოიცავს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც ყველაზე მეტად ავითარებს ბავშვის ანალიზის უნარს და ბავშვს აჩვევს ანალიტიკურ აზროვნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ ამავდროულად საგულისხმოა ერთი კომპონენტი, რომ აღნიშნული პროგრამის ძირითადი არის ის, რომ ეს არის ისეთ როლურ თამაშებზე აგებული პროგრამა, რომელიც არ იწვევს ბავშვის გადაღლას და თამაშის პრინციპით ხდება სწავლა. ანუ ბავშვებსაც სიამოვნებთ ეს ყველაფერი. ასევე მინდა დავამატო, რომ აღნიშნული პროგრამა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც დაინერგა თბილისის საბავშვო ბაღებში, 162-ივე საბავშვო ბაღში, მაგრამ ამ პროგრამას სჭირდება ბევრად უფრო განვითარება და დახვეწა და ამას რა თქმა უნდა გარკვეული პერიოდი დასჭირდება, თუმცა პირველი ნაბიჯებისთვის, მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა აღნიშნულ სისტემაში.

–   მინდა შევეხო კიდევ ერთ საკითხს, რომელიც გულისხმობს ფსიქოლოგების და ლოგოპედების გადამზადებას. ძალიან მნიშნველოვანი გამოწვევაა ეს ბაგა ბაღებისთვის. რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი, რატომ გაჩნდა საჭიროება, რამდენმა პედაგოგმა გაიარა გადამზადება და რამდენად ხდება უშუალოდ პრაქტიკაში  ამის გამოყენება?

-სააღმზრდელო მეთოლოგიური მიმართულება თბილისის საბავშვო ბაღებში და ზოგადად ჩვენს ქვეყანაში იყო და დღემდე რჩება ერთერთ მსხვილ გამოწვევად. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით წლების განმავლობაში არაფერი იყო გაკეთებული. ძალიან მნიშნველოვანია ფსიქოლოგების და ლოგოპედების როლი სკოლამდელ ასაკში, რადგან თუკი რაიმე პრობლემა არსებობს, მათ დროულად უნდა მოახდინონ რეაგირება და შესაბამისად, დროულად უნდა მოხდეს ჩარევა. წლების წინ აღნიშნული შტატი ძალიან ბევრ საბავშვო ბაღში გაუქმდა, გამომდინარე აქედან შემუშავდა პროექტი, რომლის საფუძველზეც პირველ ეტაპზე გადამზადდა 60 ფსიქოლოგი და 30 ლოგოპედი, რომელთათვისაც შეიქმნა ერთიანი ლიტერატურა, გზამკვლევები და ერთიანი სტრატეგია.

ამ ეტაპზე სხვადასხვა საბავშვო ბაღებში ხდება ფსიქოლოგების და ლოგოპედების შერჩევა და 2016 წლის სექტემბრიდან ყველა საბავშვო ბაღს ეყოლება ფსიქოლოგი და ლოგოპედი, რომლებიც იმუშავებენ ერთიანი სტრატეგიით და ერთიანი ლიტერატურით. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? შეიძლება აღსაზრდელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ უშუალოდ მეთოდოლოგიურად, როგორც თბილისის ყველა საბავშვო ბაღში არის ერთიანი სტანდარტი, ერთიანი კვების მენიუები – ესეც ერთერთი რეფორმა იყო. ჩვენ ვთლით, რომ ფსიქოლიგების და ლოგოპედების რეფორმას გადმაწყვეტი და გადაუდებელი აუცილებლობა ექნება. ეს იყო ასევე მშობლების მხრიდან მოთხოვნაც, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად ვაწყდებით ამ მიმართულებით პრობლემებს.

ninu kiknavelidze -photo

ნინუ კიკნაველიძე

“უპირველესად, დაგეთანხმებით, რომ სკოლამდელ განათლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ადამიანის შემდგომი განვითარებისთვის. ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი იწყებს კომუნიკაციას სამყაროსთან, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარებას, იღებს ინფორმაციას, უყალიბდება დამოკიდებულებები საკუთარი თავის და გარემოს მიმართ, რომელშიც ის არის ინტეგრირებული. ამიტომ, ეს პერიოდი არის ძალიან სენსიტიური პროცესი, რადგან ეს არის ის პირველი შთაბეჭდილებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, იმისთვის თუ როგორი იქნება ის უკვე ზრდასრულ ასაკში, თუ როგორ იქნება მისი რესურსი მაქსიმალურად გამოყენებული და როგორ იქნება პიროვნულად რეალიზებული. ჩვენს ყოველდღიურობაში სამწუხაროდ არსებობს ასეთი სტერეოტიპი, რომ თითქოს განათლება იწყება სკოლის ასაკიდან. ეს არავითარ შემთხვევაში ასე არ არის. ეს პროცესი შეიძლება ითქვას, რომ დაბადებიდან იწყება და ამაში ძალიან დიდი როლი უჭირავს თითოეულ ჩვენთაგანს ანუ მშობლებს და უფროსებს, რომელთაც გვაქვს ურთიერთობა ბავშებთან. რაც შეეხება ჩვენი ბაღის გამორჩეულობას, თუ რა არის თვითონ ბაღი “ფელიქსის” პრიორიტეტი.

ეს არის ინდივიდზე ორიენტირებული მიდგომა, რაშიც ვგულისხმობ ბავშვის იმ შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებას, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ბავშვთან მუშაობის პროცესში. აუცილებლად უნდა განსაზღვრო ბავშვის მიღწევის დონე, უნდა იცოდე მისი შესაძლებლობები, მისი ძლიერი მხარეები და სწორედ ეს უნდა იყოს შენი იარაღი, რათა გახვიდე სასურველ შედეგზე. ინტერესი აუცილებლად, რადგან შენ თუ თავიდანვე არ გაქვს გათვალისწინებული ბავშვის ფიზიკური ან ფსიქიკური განვითარებიდან გამომდინარე მისი ინტერესების სფერო, შეიძლება ბავშვის ჩართულობის ხარისხი პროცესში დაკარგო.  სწორედ ამიტომ, ბავშვის შესაძლებლობები და ინტერესები, ეს არის ერთგვარი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვას თითოეულმა ადამიანმა, ვინც ბავშვთან ურთიერთობს. ასევე ჩვენ გვაქვს მულტისენსორული მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანს აქვს ინფორმაციის მიღების 5 არხი.

ეს შეიძლება იყოს მხედველობა, სმენა, აღქმა და ასე შემდეგ. ამიტომ ამ პერიოდში ძალიან მნიშვნვლოვანია შენი მუშაობის პროცესის დროს ეს ხუთივე ინფორმაციის მიღების საშუალება მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ბავშვთან ურთიერთობის დროს. ინფორმაცია, რომელსაც მათ აწვდით ადრეულ ასაკში აუცილებლად უნდა იყოს სენსორულად დატვირთული. ბავშვებს შეიძლება ითქვას რომ აქვთ სენსორული შიმშილი,  რაც გამოწვეული შეიძლება იყოს იქიდან  გამომდინარე, რომ მათ არ ჰქონდეთ დაკმაყოფილებული სენსორული ინტერესები, რომლებიც მისი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ასევე ვეთანხმები იმასაც, რომ თამაშით სწავლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, იმიტომ რომ თუკი შენ რაიმე ინფორმაციას აწვდი ბავშვს და ის ვერ ხედავს ამ ინფორმაციის საჭიროებას, თუ როგორ უნდა გამოიყენოს, არავითარ შემთხვევაში ის არ დაისწავლის. ყველა პროცესს აქვს თავისი მიზანი, რომელიც საბოლოოდ უნდა გავიდეს კონკრეტულ შედეგზე. ბავშვი თუ პრაქტიკაში ვერ ხედავს და ვერ აცნობიერებს, შესაბამისად ამის დასწავლა ვერ ხერხდება. ამიტომ ეს არის შემოქმედებითი და ბავშვებზე ორიენტირებული პროცესი”,

– განმარტავს საბავშვო ბაღი “ფელიქსის” ფსიქოლოგი ნინუ კიკნაველიძე.

– ქ-ნო ნინუ, მინდა გამოვყო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს ეხება ინკლუზიურ და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს. ამ კუთხით, რა მეთოდებია და როგორი მიდგომებით აპირებთ მათთან მუშაობას?

– ბაღი “ფელიქსის” ორგანიზატორების ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს, ის რომ ჩვენ მივყვებით იმ იდეას, რომ განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი აბსოლუტურად ყველა ბავშვისთვის. მე მინდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში მე ვთანამშრომლობდი განათლების სამინისტროსთან, ასევე ვიყავი ჩართული მონიტორინგის პროცესში, როგორც სკოლამდელი განათლების პერიოდში, ასევე, ეს იყო სკოლებში და შემდეგ პროფესიულ სასწავლებლებში. ამ თვალსაზრისით “ფელიქსის” გუნდის გამოცდილება მაღალია და ის ტრანზაქციის პროცესი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ განახორციელო ინკლუზიური განათლების პროცესში, ის ადამიანური რესურსი, თუნდაც მულტიდისციპლინალური გუნდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს და იყოს, ამ ბაღს აქვს ამ ყველაფერზე წვდომა.  თითონ ის ინდივიდუალური მიდგომა ზოგადად, ინკლუზიური განათლების ერთერთი შემადგენელი ნაწილია , რომელიც მათ შესაძლებლობებზე გადის და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განათლების პროცესში, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, ის მიმღებლობა, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს და ჩამოუყალიბდეს.

–  შერეული ასაკობრივი ჯგუფები არის ბოლო დროს ძალიან აქტუალური საკითხი, რომელიც ასევე კანონშია შეტანილი და საკმაოდ ხმაურიანად განიხილეს კომიტეტის სხდომაზე. არსებობს თუ არა რაიმე კვლევა ან მტკიცებულება, რომ ერთი ასაკის ბავშვების ყოფნა ერთ ჯგუფში იძლევა უფრო დადებით შედეგს მათი განვითარებისთვის?

– ამ თემასთან დაკავშირებით შეხედულებები მრავალფეროვანია, რადგან შესაძლებელია რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთად ინტეგრირდნენ  და ერთად ისწავლონ. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ეს არის მეთოდიკა, რომელსაც თუ მოკიდებ ხელს და ამ მეთოდიკით მუშაობა, აუცილებლად უნდა იყო ამ მეთოდიკაში დატრენინგებული. კარგად უნდა იცოდე სწავლების ეს მიდგომა და იყო ძალიან გაწაფული ამ თვალსაზრისით, რადგან აქ არის ძალიან ბევრი ელემენტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში არის დაჯგუფებების რამდენიმე ტიპი. მაგალითად, სამწლიანები და ხუთწლიანები ერთად ან ოთხწლიანები და ექვსწლიანები ერთად. რამდენიმე ვარიაცია არსებობს და შესაბამისად სწავლების მეთოდით არის სრულიად განსხვავებული. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც შენ იღებ გადაწყვეტილებას მეთოდური სწავლებით, პირველ რიგში უნდა იღებდე პასუხისმგებლობას, რომ შენ იყო ამ საკითხში დასპეციალიზირებული. ეს თემა ძალიან საფრთხილოა და შესაძლოა სავალალო შედეგიც მოიტანოს, თუკი არ იქნებიან კვალიფიციური კადრები.

როდესაც არის ასაკობრივი სხვაობა, შესაძლებელია ბავშვებს შესთავაზოთ მრავალფეროვნება. აქ ვგულისხმობ სოციალურ მრავალფეროვნებას, უნდა დაგეგმოთ ისეთი აქტივობები, სადაც ისინი იქნებიან ერთად ინტეგრირებულნი. ეს შეიძლება იყოს ხატვა, მუსიკა და ასე შემდეგ. ასევე უნდა გქონდეთ სხვა აქტივობებიც, რომლებიც გულისხმობს კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის რამის სწავლებას. იქნება ეს სკოლისთვის მომზადება თუ სხვა.

–  როგორ გეგმავს თქვენი ბაღი “ფელიქსი” საბავშვო აღმზრდელობით პროცესში მშობლების ინტეგრირებას?

– მშობლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. მშობელთან თანამშრომლობა არის წამყვანი პროცესი, რომელიც უნდა განახორციელოს ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო გარემომ. კონკრეტულად ჩვენი ბაღის შემთხვევაში, არის ესე, რომ 3 თვეში ერთხელ ხდება ბავშვის შესაძლებლობების შეფასება  და გადაფასება. ეს არის ის პერიოდი, როდესაც შეგიძლია თქვა, რომ რაიმე თვალსაზრისით გახვედი მიზანზე და არის თუ არა რომელიმე ბავშვის უნარი განმტიცებული. 3 თვეში ერთხელ მშობელს ეძლევა საშუალება მიიღოს ინფორმაცია ბავშვის შესაძლებლობებზე, მისი განვითარების სფეროსთან მიმართებაში. იქნება ეს მეტყველება, შემეცნებითი სფერო თუ სხვა.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც ჩვენ ვხვდებით მშობლებს, ერთად დავსახოთ მომდევნო სამუშაო მიზნები და გეგმები, რათა ბაღის და მშობლის მოლოდინები იყოს ერთმანეთთან თანხვედრაში. ასევე ძალიან მნიშნველოვანია პერიოდულად ტარდებოდეს ინფორმაციული ტიპის ტრენინგები, რომელიც გულისხმობს, თუ როგორ უნდა მართო ბავშვის ქცევა პოზიტიური თვალსაზრისით, რა განმავითარებელი რა ასაკში უნდა შესთავაზო, როგორ დაამყარო უკუკავშირი, როგორ შეინარჩუნო ბავშვის პოზიტიური ქცევა და ასე შემდეგ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მშობლის როლი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის სწორედ ის სტრატეგია, რომელიც აუცილებლად გაგიყვანს შედეგზე.

ჯაბა მიქელაძე