07/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ყაზახურ-ქართულ ურთიოერთობებში ეკონომიკური პრობლემები გვარდება

 

ყაზახურ-ქართული ვალების საკითხი დასრულებისკენ მიდის. ერთი მხრივ ეს თემა თითქოს გვარდება, მაგრამ “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიმართულებით ისევ გაურკვევლობაა. ხშირია ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრები, სადაც პრობლემებთან ერთად, ურთიერთობის გაღრმავების საკითხებსაც იხილავენ.

ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ყაზახეთის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს ასეტ ისეკეშევს შეხვდა. ქუმსიშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკება ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ნაყოფიერი იყო. მხარეები შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო გადაუჭრელი. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს შორის მინისტრმა დაასახელა შეთანხმება საქართველოს ვალის საკითხზე ყაზახეთთან მიმართებაში. მხარეები შეთანხმდნენ მექანიზმზე და დასარიცხ პროცენტზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის, ვაჭრობის განვითარების, ინვესტიციების წახალისებისა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებში.

ჯერ კიდევ 2013 წლის ივნისში ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ყაზახეთის მიმართ საქართველოს დავალიანებასთან დაკავშირებით შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.

საქართველოს ყაზახეთის მიმართ არსებული დავალიანება 27 მილიონ დოლარს შეადგენს. ამასთან, ყაზახურ კომპანია “ყაზტრანსგაზ თბილისს” დავალიანება აქვს ქართული მხარის მიმართ. სახელდებოდა 80 მილიონი ლარი. რა შეთანხმებაა ამ ორი ვალის ურთიერთმიმართებაში და მოხადება თუ არა მათი გაქვითვა, ეს ცნობილი არ არის. “ყატრანსგაზ-თბილისში” კვლავაც დროებითი ადმინისტრაცია რჩება და ყველა ბოლოდროინდელი მოლაპარაკება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

ამასობაში ქართული მხარე “ყაზტრანსგაზის” მენეჯმენტს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავალიანების რესტრუქტურიზაციას და პირობების გადახედვას სთავაზობს.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი იმედოვნებს, რომ ამის საპირწონედ ყაზახური მხრიდან მიზანშეწონილი რეაქცია იქნება. მისივე განმარტებით, ქართული მხარე ელოდება ყაზახური მენეჯმენტის ხედვას თუ როგორ აპირებენ ისინი კომპანიის მართვაში დაბრუნებას. ქართული მხარისთვის პრინციპულია ისეთი საკითხები, როგორიცაა ფინანსური პარამეტრები და დედაქალაქის გაზმომარაგება.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თქმით, მნიშვნელოვანია ვალები არ დაგროვდეს, ფინანსური მდგრადობა შენარჩუნდეს და პრობლემები არ შეექმნას გაზმომარაგებას. ქართული მხარე ყაზახურისგან სწორედ ამ გარანტიებს ითხოვს.

“ამჟამად მიდის განვლილი წლების ინტენსიური აუდიტორული შეფასება. კომპანიის მენეჯმენტში სპეციალური მმართველი იმყოფებოდა. აუდიტორულ შეფასებას აკეთებს ყაზახური მხარე, რათა შეაფასოს რისკები და ვალდებულებები და სრული ხედვა ქონდეს თუ რა მდგომარეობაშია ახლა კომპანია. სავარაუდოდ, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოადგენენ თავის წინადადებებს, თუ როგორ ხედავენ კომპანიის განვითარებას მომავალი წლების განმავლობაში.

ჩვენ მოხარული ვიქნებით, რომ აქციონერი დაბრუნდეს მენეჯმენტში და ჯეროვნად განახორციელოს თავისი ფუნქციები. ყაზახურ მხარეს აქვს ვალდებულებები როგორც ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ასევე აქციონერების მიმართ, რაც უკავშირდება პირველ წლებში ინვესიტიციების განხორციელებას. შესაბამისად კომპანიის ფინანსური ვალდებულებები საკმაოდ მსხვილია და ჩვენი შეთავაზება შესაძლოა იყოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვალის რესტრუქტურიზაცია”, – განაცხადა ვალიშვილმა.

წინასწარი ინფორმაციით, ყაზახური მხარის აუდიტის დასრულებას კიდევ ორი თვე დასჭირდება, რადგან საკმაოდ კომპლექსური შემოწმება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.