01/03/2024
Latest:
საზოგადოება

რა უპირატესობა აქვს და რა ღირს ჰიბრიდული ავტომობილი

2017 წლის 1 იანვრიდან, ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი მცირდება. კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, 0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთი კიდევ 10%-ით შემცირდება.

“გარემოს დაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით, 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისათვის იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში შემცირდება 60%-ით, ნაცვლად დღეს არსებული 50 პროცენტისა,”-ნათქვამია საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტში.

ჰიბრიდული ავტომობილი 1997 წელს შეიქმნა და ჩვეულებრივისგან განსხვავებით, შიდა წვის ძრავთან ერთად, ელექტროძრავიც აქვს, რის გამოც, უფრო ეკონომიური და ეკოლოგიურად უსაფრთხოა.

ჰიბრიდული მანქანები პრინციპულად განსხვავებულია თავისი აგებულებითაც.

ჰიბრიდი აღჭურვილია დაბატებით ელექტრო ელემენტებით, რომლებიც ავტომობილს საშუალებას აძლევს, მსუბუქი დატვირთვისას, მხოლოდ ელექტროძრავის გამოყენებით გადაადგილდეს.

ავტოიმპორტიორთა კავშირის დირექტორმა, მიხეილ ალხანიშვილმა განმარტა, რომ როდესაც ავტომობილი დიდი დატვირთვით არ მუშაობს, ელექტროძრავს იყენებს და, შესაბამისად, ნაკლები დანახარჯებით გადაადგილდება. რაც შეეხება ფასს, ეს ბაზარზეა დამოკიდებული.

ახალი ავტომობილის ფასი, დაახლოებით, 30 000$-ის ფარგლებში მერყეობს.

როგორც მიხეილ ალხანაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, საქართველოში, ავტომობილების იმპორტი, ძირითადად, ამერიკიდან, ევროპასა და იაპონიიდან ხორციელდება.

ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ მოთხოვნა ჰიბრიდულ მანქანებზე აქამდეც მაღალი იყო და, შესაბამისად, ინიციატივის ამოქმედების შემდეგ, იმპორტი და რეალიზაცია გაიზრდება. ავტო დილერმა, ელგუჯა ჯამაგიძემ აღნიშნა, რომ განუბაჟებელი ჰიბრიდული ავტომობილი დღეს, მინიმუმ, 5 000 დოლარი ღირს.

“ჰიბრიდულ მანქანების შემთხვევაში, არჩევანს უმთავრესად ტოიოტა პრიუსზე აკეთებენ.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საქართველოში ამ ტიპის ავტომობილებისთვის სერვისი ძვირია, რადგან ამ ეტაპზე, სრულყოფილი სერვისი არ გვაქვს” – განმარტა ელგუჯა ჯამაგიძემ.

ჰიბრიდული ავტომობილების მატება შეიმჩნევა, როგორც ქალაქში, ისე მომსახურების სფეროში.

გაჩნდა, ტაქსის მომსახურების კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებით ემსახურებიან.

გაეროს ეროვნულმა კონსულტანტმა, გელა კვაშილავამ განაცხადა, რომ ასეთი ტიპის ავტომობილები, ელექტრომობილების შემდეგ, ყველაზე ეკოლოგიურია.

“სანამ ელექტრომობილებისთვის ინფრასტრუქტურა განვითარდება, ჯერ ჰიბრიდულებზე უნდა გადავიდეთ. 0-დან 7-წლამდე ავტომობილები მაქსიმალურად დაბალი განაკვეთით უნდა დაიბეგროს, შესაბამისად 7 და მეტი წლის უფრო მეტად” – განაცხადა გელა კვაშილავამ.

აქციზის განაკვეთის საერთოდ გაუქმებაზე საუბრობს, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი. დავით მესხიშვილის განმარტებით, ჰიბრიდული ტიპის ავტომობილები, მთლიანად უნდა გათვისუფლდეს აქციზის გადასახადისგან. მან ასევე აღნიშნა, რომ გარდა ჰიბრიდულისა, გასადახადისგან უნდა გათავისუფლდეს ის ავტომობილები, რომლებიც ქარხნულად არის გაზის ძრავზე წარმოებული.

“ეს ავტომობილები მინიმალურად აბინძურებენ ჰაერს, პრაქტიკულად, საერთოდ არ აყენებენ ზიანს.

თუ გვინდა ჰაერის გაჯანსაღება, ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებები უნდა წახალისდეს”.

ის, რომ საქართველოში ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებზე მოთხოვნა გაზრდილია ამას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს.

2015 წელს ჰიბრიდული ავტომობილების წილი 0.42 %-ს შეადგენდა, 2016 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 5.92%-მდე გაიზარდა, ანუ, საერთო ჯამში, 2016 წლის პირველ ნახევარში, დაახლოებით, 3-ჯერ მეტი მეორადი ჰიბრიდული ავტომობილი იყო იმპორტირებული საქართველოში, ვიდრე მთლიანად 2015 წლის განმავლობაში.

წყარო: allnews | ავტორი: ნარიტა ჩხაიძე