ეკონომიკა

დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ “ავანსის” გადახდის მომენტი განისაზღვრება

დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ “ავანსის” გადახდის მომენტი განისაზღვრება, თუ თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე ხორციელდება. შესაბამის ცვლილებებს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, რომლის განხორციელებასაც მთავრობა მომავალი წლისთვის გეგმავს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ბიუჯეტს აქვს მიმაგრებული.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც კომპენსაციის გადახდის ვალდებულება არსებითად წინ უსწრებს თვითონ საქონლის მიწოდებას. ასეთ შემთხვევებში დასაბეგრი ოპერაციის დროის განსაზღვრა სირთულეს წარმოადგენს, რამდენადაც კომპენსაცია გადახდილია, საქონლის მიწოდება კი, მაგალითად, ერთი წლის შემდეგ განხორციელდება.

„ასეთ შემთხვევაში წარმოიშობა გადასახადის გადახდისაგან თავის არიდების რისკი. ამასთან, არსებული პრაქტიკით, დამატებით პრობლემურ საკითხს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის შემდგომ დასაბეგრი ოპერაციის დეკლარირება, როდესაც საქონლის მიმწოდებელს/მომსახურების გამწევს კუთვნილი გადასახადის თანხა ოპერაციის დაბეგვრის მომენტში უკვე გახარჯული აქვს.

გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში, როდესაც კომპენსაციის გადახდა წინ უსწრებს საქონლის მიწოდებას/ მომსახურების გაწევას, როგორც აღინიშნა, გადასახადის გადამხდელებს უჭირთ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროის სწორად განსაზღვრა, რაც ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციის შესაბამისი რეგულაციის ორაზროვნებით არის გამოწვეული”,- აღნიშნულია დოკუმენტში.

წყარო: businesscontract