ეკონომიკა

“რაკიამ” ფოთის თიზ–ის 85% სახელმწიფოს დაუთმო

რაკიამ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს გადასცა.

საქართველოს მთავრობის №1901 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია” გათავისუფლდეს თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიასა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას” შორის 2010 წლის 25 მაისის და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას” და შპს „რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას” და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2011 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა საკუთრების უფლება შპს „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” 85%-იან წილზე და შეწყდება სს „ფოთის აეროპორტის” 98.26% აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება”.

ამ გარიგებით, „რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო” ფოთის თიზ-ის 15%-ს, საქართველოს სახელმწიფო კი, უკვე 85% ფლობს. არაბული კომპანის 15% დაყადაღებულია “მელაინის” სარჩელის გამო და თუ სასამართლო “რაკიას” სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, აღნიშნული წილიც საქართველოს სახელმწიფოს ხელში გადავა.

შეგახსენებთ, ფოთის თიზ-ი 2008 წლის ივნისში დაფუძნდა. 2009 წლის 14 აპრილის #72 დადგენილების თანახმად ინვესტორს ქ. ფოთში, ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორიაზე (3 046 037 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) 99 წლის ვადით გადაეცა. ინვესტორს თიზ-ის განვითარების დიდი გეგმები ჰქონდა, თუმცა მისი მასშტაბური განვითარება ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ “რაკია” ერთ–ერთი უმსხვილესი ინვესტორი კომპანიაა საქართველოში. მის მფლობელობაშია სასტუმრო “შერატონი” და სავაჭრო ცენტრი “თბილისი მოლი”.

წყარო: კომერსანტი