ეკონომიკა

საქართველოს საგარეო ვაჭრობის მიმოხილვა

კანადა ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია

ვახტანგ ჭარაია, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი
თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით 2016 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნის საგარეო ვაჭრობამ 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 8%-ით ან/და თითქმის 300 მილიონი აშშ დოლარით აჭარბებს.

შეიცვალა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სტრუქტურაც. წინა წლების საკმაოდ სუსტი მაჩვენებლების მიუხედავად, იმპორტი კანადიდან დაახლოებით 40-ჯერ გაიზარდა, 11.6 მილიონიდან – 422 მილიონ აშშ დოლარამდე (სამკურნალო საშუალებების 420 მილიონიანი პარტიის იმპორტის ხარჯზე); ამასთან, კანადა პირველი 4 თვის მონაცემებით, გახდა საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა (450 მილიონი), პირველ ადგილს კი თურქეთი იკავებს (474 მილიონი). ათეულში აგრეთვე შედიან: რუსეთი, ირლანდია, ჩინეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა, სომხეთი და იტალია.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველ 4 თვესთან შედარებით (დაზუსტებული მონაცემებით – 689 მილიონი აშშ დოლარი) 2016 წლის იანვარ-აპრილში (წინასწარი მონაცემებით – 608 მილიონი აშშ დოლარი) საქართველოს საექსპორტო პოტენციალი შემცირდა (12 პროცენტით). ძირითადი საექსპორტო პროდუქცია კი შარშანდელის მსგავსად კვლავაც – სპილენძის მადნები და კონცენტრატებია (113 მილიონი), რომელსაც მოსდევს მსუბუქი ავტომობილებისა (48 მილიონი) და თხილისა და სხვა კაკლის პოზიციები (45 მილიონი). ყურძნის ნატურალურ ღვინოებისა და მინერალური წყლების ექსპორტი კი ჯამში – 55 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ამასთან, აღსანიშნავია რომ მოცემული ვარდნა ექსპორტში, არა ქართული პროდუქციისადმი უნდობლობის, არამედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში (თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და სხვა) გარკვეული დესტაბილიზაციისა და ეროვნული ვალუტების დევალვაციის შედეგად იმპორტირებული პროდუქციის, მათ შორის ქართული საქონლის გაძვირებასთანაა დაკავშირებული.

იცვლება, როგორც საექსპორტო საქონლის სტრუქტურა, ასევე მათი გასაღების ბაზრებიც. ნიშანდობლივია, რომ დსთ-ის ქვეყნების წილის შემცირების პარალელურად ქართული პროდუქციის ექსპორტი უფრო მოთხოვნადია ევროკავშირის ბაზარზე.

ჯამური ექსპორტის კლების მიუხედავად, ხაზგასასმელია სუფთა ექსპორტის გაუმჯობესებული მაჩვენებლებიც, რაც იმაზე მეტყველებს რომ ქართული ექსპორტი არა ქართული პროდუქციის წარმოების და გასაღების შემცირების, არამედ რეექსპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნის კლებითაა გამოწვეული. მთლიანობაში კი ქართული წარმოების პროდუქცია ჯამური ექსპორტის 3/4-ს შეადგენს, რაც მეტად მნიშვნელოვანია დადებითი ან/და მასთან მიახლოებული სავაჭრო ბალანსის მისაღწევად. სხვა თანაბარ პირობებში, რეექსპორტის მაღალი წილი, იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლის შედეგია.

რაც შეეხება იმპორტს, 2015 წლის პირველ 4 თვესთან შედარებით (დაზუსტებული მონაცემებით – 2.35 მილიარდი აშშ დოლარი) 2016 წლის იანვარ-აპრილში (წინასწარი მონაცემებით – 2.68 მილიარდი აშშ დოლარი) საქართველოს საექსპორტო პოტენციალი გაიზარდა (14 პროცენტით). ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია: სამკურნალო საშუალებები – 722 მილიონი (8-ჯერადი ზრდა 2015 წლის პირველ 4 თვესთან შედარებით); მსუბუქი ავტომობილები – 136 მილიონი (37%-იანი კლება); ნავთობი და ნავთობროდუქტები – 135 მილიონი (36%-იანი კლება). აღსანიშნავია, რომ საქართველო არის სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების როგორც იმპორტიორი (92 მილიონი), ასევე ექსპორტიორიც (113 მილიონი).

2016 წლის პირველი 4 თვის გაზრდილი საიმპორტო მაჩვენებელი ცალსახად დამოკიდებულია ამავე წლის აპრილის თვის განსაკუთრებულ გააქტიურებასთან – 977 მილიონიან მაჩვენებელთან, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის გაორმაგებულ შედეგს წარმოადგენს (2015 წლის აპრილში – 551 მილიონი). აღნიშნული დიდწილად კავშირშია, აპრილში ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებასთან, რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ მარტში ჩაეყარა. აგრეთვე, ეკონომიკური ცხოვრების გააქტიურებასთან, მათ შორის ტურისტული ნაკადის ზრდასთან, რომელიც თავის მხრივ პირდაპირ კავშირშია საიმპორტო პროდუქციის მოხმარების ზრდასთან.

2016 წლის პირველ 4 თვეში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 11 პროცენტითაა მეტი (ექსპორტი – 147 მილიონი, იმპორტი – 789 მილიონი). დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-აპრილში 765 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (ექსპორტი – 184 მილიონი, იმპორტი – 581 მილიონი), რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15 პროცენტით ნაკლებია. სახეზე გვაქვს სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ს ქვეყნების წილის აშკარა კლება, ევროკავშირის წილის ზრის პარალელურად.

სამწუხაროდ, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის პირველ 4 თვეში, ტრადიციულაც უარყოფითი ბალანსი აჩვენა, რაც აბსოლუტურ მონაცემებში 2.07 მილიარდ აშშ დოლარს და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 63 პროცენტს შეადგენს. შესაბამისად, ადგილობრივი პროდუქციის წარმოება, მისი საექსპორტოდ ორიენტირება და იმპორტჩანაცვლებითი პოლიტიკა კვლავ აქტუალურ საკითხთა ნუსხაშია.

საბედნიეროდ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად 2016 წლის საკმაოდ მოკრძალებული, თუმცა რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო – 3.6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზისა, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივები ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციების თუ დარგის სპეციალისტების თვალსაზრისით საკმაოდ ოპტიმისტურია. აღნიშნულში კი დიდი როლი უკავია ბოლო პერიოდში ევროკავშირთან გააქტიურებულ სავაჭრო-ეკონომიკურ-პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომელსაც საქართველო თვისობრივად ახალ დონეზე გადაჰყავს და არამხოლოდ ახალ ბაზარს ხსნის ქართული პროდუქციის გასაღებისთვის, არამედ გრძელვადიანი სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების საწინდარია.