08/05/2024
Latest:
ეკონომიკა

რუსეთმა ფოთიდან გაგზავნილი ქართულ-თურქული მანდარინის პარტია უკან გამოაბრუნა

რუსეთმა საქართველოდან მანდარინის დიდი პარტიის შეტანა აღკვეთა. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა რაიან ფარუკშინმა რუს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ 107 ტონა მანდარინიდან დაახლოებით 40 ტონა – თურქული ხილი იყო, რომელზეც რუსეთში სანქციები მოქმედებს.

„მანდარინის პარტია საქართველოს ფოთის პორტიდან შემოვიდა. საქონლის გამგზავნად დასახელებულ იყო ქართული ფირმა, ფიტოსანიტარული სერტიფიკატები საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო გაცემული. შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ 40 ტონამდე მანდარინი თურქული იყო, დანარჩენი იყო აფხაზეთსა და საქართველოში მოყვანილი“, – განაცხადა მან.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, შემოწმების შემდეგ მანდარინის პარტია საქართველოში გაგზავნეს, ხოლო გადამზიდის წინააღმდეგ აღძრულია საქმე საქონლის შეტანაზე დაწესებული შეზღუდვების ან აკრძალვის დარღვევის მუხლით.

რუსეთმა თურქეთიდან ბოსტნეულისა და ხილის სხვადასხვა სახეობის ექსპორტი მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს აკრძალა.