28/04/2024
Latest:
ეკონომიკა

თბილისიდან საგარეჯომდე ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაკეთდება

რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება. ოთხზოლიანი გზის პროექტირებისთვის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში 40 მილიონი დოლარი დაიხარჯება. პროექტის დეტალებზესაგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საუბრობს.

– ბატობო გიორგი რა სამუშაოებია უკვე დაწყებული და რა ვადები დასჭირდება პროექტის განხორციელებას?

– საქართველოს მთავრობის დავალებით, ჩვენ უკვე გაზაფხულიდან აქტიურად ჩავერთეთ აღნიშნული პროექტის რეალიზაციაში. პირველ რიგში, თანხები იყო მოძიებული იმისათვის, რომ პროექტი განხორციელდეს. დაახლოებით 23 პროექტი კეთდება ამ ეტაპზე და ერთ-ერთი არის რიკოთი. რიკოთი მთლიანად 52 კილომეტრია, 40-მდე გვირაბი იქნება და 100-მდე ხიდი. უკვე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება გაკეთებულია. ამ ეტაპზე შერჩევა მიმდინარეობს იმ კომპანიის, რომელიც პროექტის დეტალურ დიზაინს გააკეთებს.

– ამ 52 მეტრიან მონაკვეთზე რა თანხა დაიხარჯება მშენებლობისათვის?

 

– მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე სრული პროექტი გვექნება და გვეცოდინება ზუსტად რამდენი დაიხარჯება, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი რთულია.

– როდის გვექნება რიკოთზე ავტობანი?

– ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს და გვჯერა, რომ 2020 წლისთვის აღნიშნული პროექტი დასრულდება.

ჩვენი გათვლებით, მთლიანად იმ პროექტებზე, რომლებსაც ახლა ჩვენ წამოვიწყებთ 2020 წლამდე, თუ იმ პროპორციებს ავიღებთ რაც ჩვენ დღეს გვაქვს, დაახლოებით 20 000 საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.

– თუ შეგიძლიათ, პროექტები ჩამოგვითვალეთ…

– დასავლეთიდან დავიწყებ და ჯერ იმ პროექტებს გეტყვით, რომლებიც დაპროექტების ეტაპზეა. ეს არის: ბათუმის შემოვლითი გზა, ბათუმის სარფის საზღვარი, შემდგომ ქობულეთი-გრიგოლეთი, გრიგოლეთი-ფოთი, გრიგოლეთი-სამტრედია, ჩქაროსნულ ავტობანს რაც შეეხება შემოვლითი გზა გაკეთდება რიკოთის და ეს იქნება ხარაგაულის მიმართულებით, 52 კილომეტრის გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება, ასევე ანაკლიის მიმართულება, ზუგდიდის მხარე, თბილისის შემოვლითი გზა, მუნიციპალური განვითარების ფონდი აკეთებს რუსთავის ავტობანს, რუსთავიდან წითელი ხიდის მიმართულებით დაიწყება პროექტირება, თბილისიდან კახეთის მიმართულება, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა და ამაზე ჯერჯერობით არ გვისაუბრია. ექსკლუზიური ინფორმაციაა.

– დეტალები რომ გვითხრათ ამ მონაკვეთზე?

– გაკეთდება ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საგარეჯომდე, დაახლოებით სართიჭალამდე, საიდანაც მოძრაობა გაიყოფა გომბორის მიმართულებით, შიდა სოფლებზე და სრულიად ახალი მაგისტრალი წავა. ეს პროცესი დაწყებულია, უახლოეს დღეებში პროექტირება დაიწყება. არსებული მაგისტრალი სამხრეთით გაივლის და ბაკურციხემდე ჩავა, შემდგომ ბაკურციხიდან თელავისკენ, თელავიდან წნორისკენ და წნორიდან ლაგოდეხისკენ წავა.

– განათების საკითხი ცენტრალურ გზებსა და ავტობანზე, ვის კომპეტენციაში შედის?

– საერთოდ ავტობანების განათება ფუფუნების საგანია. მე როგორც მახსენდება ევროპის სულ რამდენიმე ქვეყანაშია, მაგალითად ბელგია, ჰოლანდიაა განათებული, მაგრამ ჩვენთან ყველა ავტობანი განათებული იქნება. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ახალ მაგისტრალებზე მოძრაობა რაც შეიძლება უსაფრთხო გახადოს და ვფიქრობ, რომ ეს დანახარჯი ამართლებს და ამ დღეებში სატენდერო პირობები ცხადდება, რომ სადაც თქვენ ბრძანეთ, იმ მონაკვეთზე წლის ბოლომდე განათება დამონტაჟდეს.

– ავტობანის მთლიანად რა მონაკვეთია გამზადებული და რა თანხაა დახარჯული სამუშაოებში?

– დღეის მდგომარეობით დაახლოებით 150 კილომეტრი შესრულებულია და ექსპლოატაციაშია. კილომეტრი საშუალოდ დაახლოებით 10 მილიონი უჯდება სახელმწიფოს, გააჩნია მონაკვეთის სირთულეს. რიკოთი რომ გაგვეკეთებინა 110 კილომეტრიანი დაშვებით გამოდიოდა დაახლოებით ორნახევარჯერ უფრო ძვირი. 80-90 კილომეტრიანი დაშვება იქნება და დღეს საშუალო სიჩქარე რიკოთის უღელტეხილზე 45-50 კილომეტრია. ტექნიკური-ეკონომიკური დასაბუთება არსებობს და ამას დეტალური დიზაინი გადაწყვეტს, წინასწარ ამის გახმაურების უფლება არც გვაქვს.
[wpolling id=”13″ width=”” height=””]